ანტონიო კასანოს ამბიციური გეგმები - ჯერ "სამპდორია", მერე "სკუადრა აძურა"

AutoSharing Option
როდესაც ანტონიო კასანომ "პარმასთან" კონტრაქტი გაწყვიტა, განაცხადა, რომ თუ საინტერესო წინადადებას არ მიიღებდა ამბიციური ევროპული კლუბიდან, კარიერას დაასრულებდა - 32 წლის თავდამსხმელმა იქვე დასძინა, რომ მისთვის ამერიკასა თუ ავსტრალიაში, აზიასა თუ არაბეთში ბურთის გორება მიმზიდველი არ გახლავთ და მხოლოდ ევროპაში სურს კარიერის გაგრძელება.

ბევრმა ჩათვალა, რომ კასანომ მართლაც აიღო ხელი თამაშზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ინდივიდუალური პროგრამით ინტენსიურად ვარჯიშობს და სურს, რომ მომდევნო სეზონი საუკეთესო იყო მის კარიერაში.

ეგ კი არა, თურმე ანტონიოს იტალიის ეროვნულ ნაკრებში უნდა დაბრუნება და ევროპის 2016
წლის ჩემპიონატზე თამაში. დიახ, ასეთი ამბიციური გეგმები აქვს კასანოს, რომელიც თავად განაგრძობს თემას:

"ვიცი, რომ ბევრმა ჩამომწერა, მაგრამ სინამდვილეში, კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. პირიქით, მსურს საუკეთესო სეზონი ჩავატარო და საფეხბურთო მსოფლიო გავაოცო.

ინდივიდუალურად ვემზადები, თავს არ ვზოგავ და ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ. ჩემი სურვილია, რომ კარიერა "სამპდორიაში" გავაგრძელო, რადგან ამ გუნდში თავს ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი.

ზამთარში მასიმო ფერეროს შევხვდი, რომელსაც უნდოდა ჩემი გადაბირება, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავა. ამის მიზეზი, ალბათ, სინიშა მიხაილოვიჩია, რომელსაც ერთხელ მივწერე კიდეც, მაგრამ არ მიპასუხა. დიდი ალბათობით, მიხაილოვიჩი დატოვებს გენუას და იმედი მაქვს, რომ ეს გზას გამიხსნის "სამპდორიისკენ".

მსურს, რომ საკლუბო დონეზე გავიბრწყინო, საუკეთესო სეზონი ჩავატარო და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრო.

საფრანგეთში თამაში ჩემი ოცნება და სტიმულია, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. ვიცი, ანტონიო კონტე შრომას წყალში არ ჩამიყრის და თუ ფორმაში ვიქნები, ევროფორუმზე აუცილებლად წამიყვანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული