რაფა და ნეაპოლი - გაყრა სიგიჟის მოლოდინში

AutoSharing Option
ორი წლის წინ რაფა ბენიტესის დანიშვნამ "ნაპოლიში" ბევრი გაახარა, ბევრი კი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად შეხვდა. ფაქტი ერთია - რაფა "რეალს" გაწვრთნის, ნეაპოლში კი უკვე იმაზე მსჯელობენ, ვინ შეცვლის ესპანელ სპეციალისტს.

"თუ ბეილი 100 მილიონი ღირს, მაშინ რა ღირს ჰამშიკი? ის ხომ, უბრალოდ, შეუფასებელია?!" - თქვა ბენიტესმა. დღეს მწარედ ხუმრობენ - იქნებ რაფამ მადრიდში ჰამშიკი იახლოსო. როცა ხალხი ესპანელის ობსტრუქციით დაიღლება, ესპანელს დაუსტვენს.

რაც გინდა დაწერე, საიდანაც გინდა, მოუარე - ბენიტესს "ნაპოლიში" არაფერი გამოუვიდა. ის ჩაფლავდა, რადგან მწვრთნელი ერთი და
ორი თამაშით არ ფასდება, ის ფასდება პროცესით. რაფამ პროცესი წააგო.

"ნაპოლი" სეზონის რამდენიმე მატჩში შეუდარებელი იყო, რამდენიმეში კი - კარგი. გუნდის ერთგულ ქომაგებს, ალბათ, დღესაც კარგად ახსენდებათ მატჩები "ფიორენტინასთან", "რომასთან", "ლაციოსა" და "ვერონასთან". გუნდმა ევროპალიგაზე ნახევარფინალს უწია და გზად ბევრისშემძლე "ვოლფსბურგს" არ დაუტოვა შანსი.

სამაგიეროდ, "ნაპოლიმ" ვერ ივარგა "კიევოსა" და "ემპოლისთან", "ტორინოსა" და "პალერმოსთან". გუნდი ზედმეტად არასტაბილური იყო. არასტაბილურები დღეს ვერაფერს იგებენ.

დამტკიცდა მარტივი, მრავალნაცადი ჭეშმარიტება: გუნდი, თუ მას ტიტულის მოგება სურს, თანაბრად უნდა იყოს დაკომპლექტებული. ნეაპოლში ასე არ არის. "ნაპოლის" ჰყავს საშუალოზე საშუალო დაცვა, დაბალი კლასის მეკარე... ეს ხშირად გაშვებულ გოლებად ფასობდა. სერია A-ში "ნაპოლი" ყველაზე ხშირად გვთავაზობდა "ქამბექებს", მაგრამ საქმე რომ აქამდე არ მიიყვანო, ესეც ხომ შეიძლება?!

გონსალო იგუაინმა საკუთარი რეკორდი გაიმეორა და 29 გოლი შეაგდო, მაგრამ ერთი ამდენი და კიდევ მეტი ასპროცენტიანი მომენტი გაატანა ქარს. ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა კი ენამოსწრებულად იხუმრა - "ნაპოლის" პრეზიდენტმა ორჯერ გადაიხადა ფული იგუაინში - პირველად მაშინ, როცა მადრიდის "რეალიდან" მოიყვანა და მეორედ მაშინ, როცა გონსალომ "ლაციოსთან" მატჩში, 2:2-ზე პენალტი გააფუჭაო.

ყველა ელოდა, რომ ბენიტესის ნეაპოლში მუშაობის მეორე წელს გუნდი აუცილებლად იბრძოლებდა იტალიის ჩემპიონობისათვის. არაფერი ამის მსგავსი - "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოიგო. ღმერთი ნეაპოლელებს არაერთ წარუმატებლობას პატიობდა, თუმცა "ნაპოლიმ" შანსი ვერ შეირგო.

"ნაპოლის" მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთის გიჟია. ის სიცოცხლის ნახევარს ტოვებს სტადიონის ტრიბუნებზე და არ უნდა, რომ "ნაპოლი" რომელიმე გუნდის ჩრდილში იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება ეს გუნდი - "იუვენტუსი" თუ "რომა", "ლაციო" თუ "მილანი".

"მილანისა" რა გითხრათ და, დანარჩენებთან არ გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ჯერ. არადა, ჯიუტი დე ლაურენტისი არ უსმენს ბენიტესზე გამწყრალი ხალხის მწყობრ ხმებს და მიიჩნევს, რომ "ნაპოლიში" ესპანელი მწვრთნელის მოღვაწეობა წარმატებული იყო.

როგორ? რანაირად? აღშფოთებული კითხულობს ქომაგი და "ნაპოლის" ყველა საშინაო მატჩზე ემოციების ვულკანს აწყობს. თუ იტალიის მოგებული თასი არის არგუმენტი, თასი თავის დროზე ვალტერ მაძარიმაც მოიგო. რით გაიყვანა რაფამ გუნდი ახალ სიმაღლეზე, რა მიღწევებით ასწია მაღლა თამასა?

ის კი არა, ბოლო დროს "იუვენტუსის" შემდეგ "ნაპოლის" იტალიის მეორე გუნდად მიიჩნევდნენ შემადგენლობით, შესაძლებლობებითა და თამაშის ხარისხით. ახლა ეს ნიშაც დაკარგულია. ის დაიკარგა ბენიტესის ორწლიანი მოღვაწეობისას და ჩნდება ეჭვი, რომ თუნდაც მისი დაბრუნება არ იქნება იოლი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ რაფას "ნაპოლიში" მისვლის შემდეგ, მთლიანად შეიცვალა გუნდის შემადგენლობა და ტაქტიკა. ვალტერ მაძარის გამოცდილმა მებრძოლებმა ან უკანა პლანზე გადაინაცვლეს, ან საერთოდ დატოვეს გუნდი. ბოლოს ბენიტესი მათგან მხოლოდ მაჯოს, ინლერსა და ჰამშიკს ენდობოდა.

არადა, ეს გამოცდილი ფეხბურთელები გაცილებით მეტ ნდობას იმსახურებდნენ. ეს ასე რომ მომხდარიყო, სავარაუდოდ, გუნდის თამაშში გაცილებით მეტი სტაბილურობა იქნებოდა. ჩემპიონობისა რა გითხრათ და, "ნაპოლი", დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის საგზურს კი შესწვდებოდა.

ახლა აღარც ლიგაა და აღარც ის დიდი ფული, ჩემპიონთა ლიგას რომ მოსდევს. ეს რომ ყოფილიყო, რაფას შემცვლელს სატრანსფეროს მეტი გასაქანი ექნებოდა. ახლა კი, თითქოს მაოხრებელი მკვდარიაო, ბენიტესმა ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის გარეშე ხომ დატოვა "ნაპოლი" და მის მომდევნოსაც საქმე გაუფუჭა.

ვერ გაამართლეს ბენიტესის ახალწვეულებმა. ერთადერთი, ვინც შეგვიძლია მათგან გამოვარჩიოთ, პერსპექტიული მანოლო გაბიადინი და მისი მარცხენა ფეხია. ეს მომავალში ჩადებული ინვესტიციაა, რომელმაც უნდა გაამართლოს, დანარჩენები კი...

სამაგიეროდ, აბსოლუტურად გაუგებარია, რა ფუნქციები აქვთ გუნდში ბენიტესის მიერ მოყვანილ ფეხბურთელებს - ანდუხარსა და კაბრალს, კულიბალისა და სტრინიჩს, ჟორჟინიოსა და ზაპატას.

ცუდი კიდევ ისაა, რომ აშკარად მოუკლო გუნდის ლიდერმა, სლოვაკმა მარეკ ჰამშიკმა. ბოლო დროს მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მან მოტივაცია დაკარგა.

შორს არიან ოპტიმალური სათამაშო ფორმისაგან ალბიოლი, ინსინიე, ბრიტოსი, კალეხონი და სხვები.

რა თქმა უნდა, "ნაპოლის" გაწვრთნა ურთულესი საქმეა. იქ პუბლიკა ყოველთვის ძალიან მომთხოვნია და მუდამ გამარჯვებას ითხოვს. "სან პაოლოზე" ზოგჯერ უნდა გაგიჟდე, რადგან კლიმატი გიჟურია, ჰაერში სიგიჟის სურნელი დაფრინავს და ხალხსაც არ სიამოვნებს მთლად "დაწყობილი" ფეხბურთი.

ბენიტესი არ იყო "ნაპოლის" კაცი. ის ზედმეტად მშვიდი და აკადემიური იყო ამ საქმისათვის. "ნაპოლის" მაძარის დროს ძალიან უყვარდა აფეთქებები. ბენიტესის "ნაპოლი" ვეღარ ფეთქდებოდა და ეს გუნდის მთავარი მინუსი იყო.

საერთოდ, ყველა გუნდს დაჰყვება ხოლმე კლიშე - "მანჩესტერს" ბოლო წამის გოლები, "ბარსელონას" ტოტალური ფეხბურთი, "რეალს" ბურთის ფლობა. "ნაპოლისათვის" ეს წუთიერი აფეთქებებია. ბენიტესმა გუნდს წაართვა ის, რაც წლების განმავლობაში მხოლოდ "ნაპოლისა" იყო.

ახალი გუნდის ახალმა თავკაცმა ეს გიჟური სული უნდა დააბრუნოს. შეუძლებელი არ არის - ალბათ, ცოტა უფრო რომანტიკოსს ეს შეუძლია. რაფა ამისათვის ზედმეტად ცივსისხლიანია. მისი თავი ათასგვარი ტაქტიკური სქემით არის გამოტენილი.

სქემები კარგი იყო "ვალენსიაში", "ჩელსიში", "ლივერპულში" და იქნებ "რეალშიც" გაჭრას, მაგრამ "ნაპოლი" და ნეაპოლი სხვა სამყაროა. აქ სქემებს არად დაგიდევენ, აქ ცხელი სისხლის თეორია უფრო ჭრის.

"ნაპოლის" ძალიან მოუხდებოდა იურგენ კლოპი თავისი ლამაზი საფეხბურთო სიგიჟეებით, მაგრამ კლოპმა ტაიმაუტი აიღო. მწვრთნელს დე ლაურენტისი მონახავს. მთავარია, ისეთი მონახოს, ნეაპოლს და "ნაპოლის" რომ ეკადრება.

ბენიტესი კი... მწვრთნელის ბედი მართლაც საკვირველია. ზოგს ფეხის ერთი დაცდენა კარიერის დასრულებად უჯდება, ზოგსაც კი ათასჯერ დაუცდება ხოლმე ფეხი და მაინც მწვერვალზე ადის.

საკითხავი მაინც ესაა - რად უნდა "რეალს" ბენიტესი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარი სტატიაა ბატონო ალეკო,იქნებ სხვა გუნდებზეც შემოგვთავაზოთ მსგავსი ჩანახატები,სიამოვნებით ვიხილავდი მსგავს სტატიას ლივერპულზე
კოღო
15:16 04-06-2015
0
ზედმეტად დაასხეს თავს ლაფი ბენიტესს. არც ეგეთი ტოპ გუნდია ნაპოლი სერია ა რო მოეგო. ლავეზი და კავანი დაკარგეს და წესიერი შემცვლელები ვერ მოიყვანეს. რაზეა პრეტენზია. ან როცა რეალს და ბარსას ადარებთ, რეალთან ბურთის ფლობა რა შუაშია? კონტრშეტევები მაინც გეთქვათ.
coco
15:00 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული