"მილანი" ილქაი გიუნდოგანზე გადაერთო

AutoSharing Option
"მილანის" მესვეურები განაგრძობენ აქტიურობას სატრანსფერო ბაზარზე და პრესაშიც უამრავი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. გუშინ ლომბარდიელებმა 18 წლის ტალანტი ხოსე მაური გადაიბირეს, რომელმაც გასული სეზონი "პარმაში" გაატარა. მაურის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თამაშის მანერით კი ხშირად მარკო ვერატის ადარებენ.

ამასობაში, "მილანი" კიდევ ერთი ახალგაზრდა იტალიელის გადაბირებას ლამობს და მიზანთან ახლოსაა - "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "როსონერი" "რომადან" 20 წლის ალესიო რომანიოლის დაიმატებს და მის სანაცვლოდ, დედაქალაქურ კლუბში 18 მილიონ ევროს გადარიცხავს. საგულისხმოა, რომ "მილანმა" "რომადან" გადაიბირა ანდრეა ბერტოლაჩიც და მის
სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა - მოკლედ, ამ ზაფხულს, ლომბარდიელებმა რომაელთა ბიუჯეტი გვარიანად გაამდიდრეს.

რაც შეეხება რომანიოლის, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია და აპენინებზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. იტალიაში უკვე ღიად საუბრობენ, რომ დანიელე რუგანის და ალესიო რომანიოლის სახით, "სკუადრა აძურას" ბრწყინვალე მცველთა ტანდემი ეყოლება. მოკლედ, "მილანი" რომანიოლის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.

პრესაში არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "მილანის" მესვეურებს ილქაი გიუნდოგანის გადაბირება სურთ და 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ, დორტმუნდის "ბორუსიას" 25 მილიონ ევროს სთავაზობენ. წყაროს თანახმად, გერმანელები არ არიან ილქაის გასხვისების წინააღმდეგნი და ტრანსფერის ალბათობაც ერთობ მაღალია.

რაც მთავარია, თავად ფეხბურთელსაც სურს გარემოს გამოცვლა. ტრანსფერის დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წესით, ამ კვირაში ყველა კითხვას უნდა მოეფინოს ნათელი.

"მილანის" მესვეურები პსჟ-სთანაც ინარჩუნებენ საქმიან ურთიერთობას და არის შანსი, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი გარიგება შედგეს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "მილანი" თანახმაა, პარიზში 17 წლის ტალანტი, ჰაშიმ მასტური გაუშვას და სანაცვლოდ, 33 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გადაიბიროს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პოზიცია ექნებათ ფრანგებს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცით, რომ პსჟ მასტურის გადაბირებით ისედაც იყო დაინტერესებული. ახალგაზრდა მაროკოელი შემტევის მიმართ ინტერესს "მონაკოც" იჩენს და ლომბარდიულ გრანდს 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული