"ტორინო": რა იქნება დარმიანის შემდეგ

AutoSharing Option
ორშაბათს მატეო დარმიანი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იქაური "იუნაიტედის" წევრი გახდება. წამყვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ტურინული კლუბი 20 მილიონ ევროს მიიღებს. ისიც ვთქვათ, რომ 25 წლის მცველი 2011 წლიდან ასპარეზობდა "ტორინოს" შემადგენლობაში, 133 მატჩი გამართა და 3 გოლი გაიტანა.

მოკლედ, "ტორო" ერთ-ერთ ლიდერს დაემშვიდობა, მაგრამ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ ძალიან კარგ ტრანსფერს უახლოვდება. თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან ტურინული გუნდის ღირსებას დავიდე ძაპაკოსტა და დანიელე ბაზელი დაიცავენ.

ორივე "ატალანტაში" ირჯებოდა და ორივეს გადაბირებას არაერთი
კლუბი ცდილობდა. მაგალითად, ძაპაკოსტას დამატება "რომას" და "ლაციოს" სურდათ, ბაზელის კი - "მილანს", მაგრამ სანამ გრადებმა ბერგამოელებისთვის მოიცალეს, "ტორინომ" კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და ტრანსფერებიც მოამწიფა. ითქვა ისიც, რომ "ატალანტა" ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს მიიღებს.

23 წლის ძაპაკოსტა მარჯვენა მცველია და სახელი გასულ სეზონში შესანიშნავი ასპარეზობით გაითქვა. იქამდე "აველინოში" თამაშობდა და სერია B-ში უწევდა ასპარეზობა. რაც შეეხება დანიელე ბაზელის, ცენტრალური ნახევარმცველია და ბოლო ორი სეზონია "ატალანტას" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. "ტორინოს" მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ დაადასტურა, რომ დარმიანი გუნდს ტოვებს და ახალ ფეხბურთელებს ელოდება:

"დარმიანი ოცნებობდა ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე და ეს ოცნება "ოცნების თეატრში" აუხდება. მატეოსთან ერთად, რთული გზა გავიარეთ და მინდა მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, ბევრ წარმატებას მიაღწევს. დარმიანის წასვლა დიდი დანაკლისია, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე ვაქტიურობთ და გუნდს აუცილებლად გავაძლიერებთ. ძაპაკოსტა და ბაზელი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, მათზე დიდ იმედებს ვამყარებ და იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება.

სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში უმძაფრესი კონკურენცია იქნება, ჩვენი მიზანი კი ევროსაგზურის მოპოვებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული