აურელიო დე ლაურენტისი: მილანელები ჩვენ ჯიბრზე იქცევიან

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობენ გონსალო იგუაინის ნეაპოლიდან შესაძლო აბარგების შესახებ. 27 წლის არგენტინელი ფორვარდის მომავალი არაერთ გრანდს დაუკავშირეს და თავად ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ კლუბის გამოცვლის ალბათობა არსებობს. ამ თემაზე ჟურნალისტებს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გაესაუბრა:

"ვაპირებთ თუ არა იგუაინის გასხვისებას? - გააჩნია თანხას. თუ ვინმე 90 მილიონ ევროს გადაიხდის, გონსალოს სიამოვნებით გავუშვებთ და შემდეგ ერთბაშად რვა ფეხბურთელს ვიყიდით. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგრამ მეეჭვება, რომ იგუაინის სანაცვლოდ იმდენი გადაგვიხადონ, რამდენიც ის ჩვენ გვიღირს. ასე რომ, ამ ზაფხულს არგენტინელის წასვლა
ნაკლებად მოსალოდნელია".

დე ლაურენტისს სატრანსფერო კამპანიაზე ჰკითხეს და ჩირო იმობილეს შესაძლო გადაბირებაზე ჩამოუგდეს სიტყვა: "ახალი პოლიტიკა გვაქვს, რომელიც დიდ წარმატებას მოგვიტანს. ჩვენ გვჭირდება ის ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელის დავალებას პირნათლად შეასრულებენ და არა უბრალოდ ვარსკვლავები.

გადავიბირეთ რამდენიმე ძალიან საჭირო ფეხბურთელი, რომლებმაც იციან, რისთვის მოივიდნენ "ნაპოლიში". რაც შეეხება ჩირო იმობილეს, ის მხოლოდ ლორენცო ინსინიესთან და მარკო ვერატისთან ტრიოში თამაშობს კარგად, ჩვენ კი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გვყავს და შესაბამისად, ჩიროს დამატებასაც არ ვაპირებთ". ბოლო ინფორმაციით, "დორტმუნდმა" იმობილე "სევილიაში" გაანათხოვრა.

ბოლოს, დე ლაურენტისმა კონკურენტებზე ისაუბრა და მათ აქტიურ სატრანსფერო კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება: "მილანურ გრანდებს დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაუჩნდათ ფული, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასწორად ხარჯავენ.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაცას გვიმტკიცებენ და უნდათ, ბოლო წლებში დაცემული იმიჯი ამ ფულების ფრიალით აღიდგინონ, მაგრამ მე ვერ ვხედავ თანმიმდევრულობას ამ ტრანსფერებში - ვერ ვხედავ იმ გეგმას, რომელსაც ისინი მიჰყვებიან.

გამოჩნდება თუ არა ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც 30 მილიონი ევრო ღირს, ისინი მზად არიან, რომ გადაიბირონ და განურჩევლად იმისა, რა ამპლუის მოთამაშეა, სჭირდება თუ არა ის მწვრთნელს და საერთოდ, არც იციან, რისთვის მიჰყავთ ის გუნდში... ვფიქრობ, მილანელებს წარუმატებელი სეზონი ექნებათ და მომდევნო ზაფხულს სტრატეგიას შეცვლიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული