იტალია მხარს მიშელ პლატინის დაუჭერს

AutoSharing Option
უეფას ხელმძღვანელმა მიშელ პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება და ბუნებრივია, რომ ამან საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია. აქვე ვთქვათ, რომ უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გაიმართება.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ და შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ უეფას მიერ წარდგენილ კანდიდატს დავუჭერთ მხარს და როგორც უკვე გადაწყდა, ეს მიშელ პლატინი იქნება. ვფიქრობ, ფრანგი ფუნქციონერის ხელში უეფა სწორად ვითარდება და არ გვაქვს საფუძველი, რომ მიშელს მხარი არ
დავუჭიროთ".

მოკლედ, ტავეკიომ პლატინის მხარდაჭერა აღუთქვა, რასაც იტალიურ სპორტულ მედიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

აპენინებზე არ ავიწყდებათ, რომ იტალია ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატი, მაგრამ უეფამ არჩევანი ჯერ უკრაინა-პოლონეთზე შეაჩერა, ხოლო შემდეგ საფრანგეთზე - ამით იტალიას ევროფორუმის მასპინძლობის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება მოუსპო. მოკლედ, იტალიაში პლატინი ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ფედერკალჩოში საპირისპირო განწყობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული