სინიშა მიხაილოვიჩი: იბრა შედეგის გარანტია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "მილანის" მესვეურებმა რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გადაიბირეს და სოლიდური თანხაც დახარჯეს, საფეხბურთო ექსპერტთა და ჟურნალისტთა მოსაზრებით, ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი იმისთვის, რომ გუნდმა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.

საამისოდ, მინიმუმ ერთი მცველის, ერთი ნახევარმცველის და ერთი ფორვარდის გადაბირებაა საჭირო. ამასთან, თითოეული ეს ფეხბურთელი უნდა იყოს უმაღლესი კლასის და არა საშუალო გაქანების.

მცველი, წესით, ალესიო რომანიოლი უნდა იყოს, ნახევარმცველი - აქსელ ვიტსელი, ხოლო თავდამსხმელი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი. "როსონერის" მესვეურები სამივე მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით, წარმატებას ვერც ერთ ფრონტზე ვერ
მიაღწიეს.

ახალი იმედი ბი ტეჩაუბოლია, რომელიც ოფიციალურად ორიოდე დღის წინ გახდა "მილანის" თანამფლობელი და ამბობენ, რომ ამიერიდან, ლომბარდიული გრანდი კიდევ უფრო ხელგაშლილი იქნება. თუმცა, მეტწილად, "მილანი" აქამდეც ტაილანდურ ინვესტიციას ხარჯავდა და ასე დაიმატა ჯერ ანდრეა ბერტოლაჩი, შემდეგ კარლოს ბაკა და ბოლოს ლუის ადრიანო.

საინტერესოა, რას ფიქრობს სატრანსფერო ციებ-ცხელებაზე და სხვა აქტუალურ თემებზე "მილანის" მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი, რომელიც ჟურნალისტებს გაესაუბრა.

- "მილანის" გულშემატკივართა სიმპათია უკვე დაიმსახურეთ. რამ განაპირობა ეს?
- ყველა ხედავს, რომ საქმეს მთელი გულით ვეკიდები და თავს არ ვზოგავ. რაც მთავარია, არც ფეხბურთელებს ვაძლევ იმის საშუალებას, რომ ენერგია დაზოგონ. ამასთან, ჩემი შეგირდები პროფესიონალები არიან და ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებენ. ვფიქრობ, თავდაუზოგავმა შრომამ და საქმისადმი სწორმა მიდგომამ გულშემატკივრები იმედით აავსო.

- ბევრი მიიჩნევს, რომ "მილანი" საკმარისად არ გაძლიერდა იმისთვის, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლოს...
- "მილანი" ყოველთვის უმაღლეს მიზნებს დაისახავს და ასე იქნება მომდევნო სეზონშიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ გუნდს წარმოვადგენთ, რომელსაც მადრიდის "რეალთან" ერთად, ყველაზე მეტი საერთაშორისო ტიტული აქვს მოგებული. თუმცა მიზანთან გაცილებით ახლოს ვიქნებით, თუ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელს დავიმატებთ და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა.

- ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი, ალბათ, მაინც პრიორიტეტულია...
- იბრაჰიმოვიჩი ის ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ზლატანი გოლების მანქანაა, გუნდის ნამდვილი ლიდერია და თუ ის ჩვენთან მოვა, მაშინ სკუდეტოსთვის ბრძოლა რეალური გახდება. იბრას პირადად ვესაუბრე და ვიცი, რომ თვითონ არაა წინააღმდეგი, კარიერა "მილანში" გააგრძელოს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ერთი ცხადია, შვედი ფორვარდი შედეგის გარანტია.

- ალესიო რომანიოლის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო მეტისმეტი ხომ არაა?
- ფულზე საუბარი ჩემი პრეროგატივა არაა და მირჩევნია, უბრალოდ რომანიოლიზე ვილაპარაკო. ალესიო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა ევროპაში და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს. მჯერა, რომ რომანიოლი "მილანში" გააგრძელებს კარიერას.

- ნუთუ არ გაგაფრთხილათ გალიანიმ, რომ ის ფეხბურთელი არ უნდა შეაქოთ, რომლის გადაბირებასაც აპირებთ, რადგან ამით შესაძლოა, მისი ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს?
- ყველამ კარგად ვიცით, რომ რომანიოლი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ასე რომ არ იყოს, მისი დამატება არ გვენდომებოდა. თუ გალიანისგან საყვედური მივიღე, თქვენი ბრალი იქნება, რადგან პროვოკაციული კითხვა დამისვით.

- "ინტერის" გულშემატკივრებისგან მუქარის წერილები ხომ არ მიიღეთ?
- დიდი ხანია, ელექტრონული ფოსტა არ შემიმოწმებია და როდესაც ამისთვის მოვიცლი, იმედი მაქვს, რომ მუქარის წერილები არ დამხვდება. მესმის, რომ ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ხშირად სპორტის საზღვრებს სცილდება, მაგრამ ეს მტრობა მაინც გაუმართლებელია.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ "ინტერი" თქვენს გულში რჩება?
- "ინტერში" დაუვიწყარი წლები გავატარე და ამ გუნდის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნები, მაგრამ დღეს "მილანის" მწვრთნელი ვარ და შესაბამისად, გულიც სხვაგვარად მიძგერს. ჩემი მიზანი "როსონერისთან" ერთად დიდი წარმატებების მიღწევაა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული