იტალიის სუპერთასი: "იუვე" მეშვიდედ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სუპერთასის პაექრობა შანხაიში გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "ლაციო" წარდგნენ, გამარჯვება კი ტურინულ გრანდს დარჩა. მოკლედ, შიდა ასპარეზზე "ვეკია სენიორა" შეუჩერებელია და ყველაფერს იგებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "იუვემ" დუბლი შეასრულა და მოიგო როგორც სკუდეტო, ისე იტალიის თასი...

მასიმილიანო ალეგრიმ 3-5-2 ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე კინგსლი კომანის და მარიო მანჯუკიჩის ტანდემი გაამწესა. დაცვას ჯორჯო კიელინი აკლდა, თუმცა ის არ იყო "იუვეს" ერთადერთი დანაკლისი - ტრავმის გამო მატჩი სამი ხედირამ და ალვარო მორატამ გამოტოვეს.

ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა
"ლაციოს", რომლის მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ 4-3-2-1 ტაქტიკა აირჩია. შეტევაში რომაელთა უძლიერესი ტრიო ვიხილეთ ანტონიო კანდრევას, ფელიპე ანდერსონის და მიროსლავ კლოზეს შემადგენლობით.

მატჩი "ლაციოს" მცირე უპირატესობით წარიმართა და ეს სტატისტიკაზე შესაბამისად აისახა - რომაელები 57% ფლობდნენ ბურთს და კარშიც მეტჯერ დაარტყეს ზუსტად.

თუმცა მთავარი ტაბლოა და იქ კი "იუვენტუსის" ორბურთიანი უპირატესობა დაფიქსირდა. ტურინელებმა ეფექტური გოლები გაიტანეს - მანჯუკიჩმა ლიხტშტაინერის ჩაწოდებით ისარგებლა და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, პაულო დიბალამ კი პოგბას უზუსტესი გადაცემის შემდეგ უძლიერესად დაარტყა და ფედერიკო მარკეტის შანსი არ დაუტოვა. ალეგრი უაღრესად კმაყოფილი გახლდათ სწორედ იმით, რომ თავი ახალმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს...

სანამ მატჩისშემდგომ კომენტარებს გაგაცნობდეთ, ერთ საგულისხმო ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება - წლებია, რაც იტალიის სუპერთასის პაექრობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტარდება და ამჯერად, მატჩი შანხაიში, 80 000-იან სტადიონზე გაიმართა, რომელიც პირთამდე იყო სავსე.

მოკლედ, ტრიბუნებზე ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო, მაგრამ აი, ფეხბურთელებს კი ნამდვილად არ ეზეიმებოდათ, რადგან მათ საშინელ მინდორზე მოუწიათ თამაში, რაც შემდეგ თითქმის ყველა ფეხბურთელმა ხაზგასმით აღნიშნა. ლეგა კალჩო, რომელიც იტალიის სუპერთასის ორგანიზატორია, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ძალიან კმაყოფილი ვარ შეგირდებით, რომლებმაც საშინელ მინდორზე მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ერთი კარგი მომენტი გავუშვით ხელიდან, ორი გამოვიყენეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ თავი ახალწვეულებმა გამოიჩინეს, რადგან გუნდთან ადაპტაციას გადიან და მათთვის ეს გოლები გარდამტეხი იქნება. სუპერთასი მნიშვნელოვანი ტიტულია, გამარჯვება კი ყოველთვის სასიამოვნო".

სტეფანო პიოლი ("ლაციოს" მწვრთნელი): "მატჩი უმძიმეს პირობებში ჩატარდა - საშინელმა მინდორმა და ძლიერმა ქარმა თამაშს დაღი დაასვა. ვიცოდი, რომ ის გუნდი მოიგებდა, რომელიც პირველ გოლს შეაგდებდა და სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით, რადგან თავი არ დაუზოგავთ და ძლიერ მეტოქეს ტოლ-სწორად ეპაექრნენ, პერიოდულად კი სჯობდნენ კიდეც. მართალია, სუპერთასი დავთმეთ, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ახალ სეზონში "ლაციო" ბევრს გააოცებს".

პაულო დიბალა (იუვენტუსი): "ფანტასტიკური დღეა, რადგან ახალ გუნდში პირველივე თამაშით ტიტული მოვიგე. "იუვენტუსმა" ჩემს ტრანსფერში დიდი ფული დახარჯა და ვეცდები, რომ ეს ნდობა გატანილი გოლებით გავამართლო. ამიტომ "ლაციოს" ძლევით ძალიან კმაყოფილი ვარ და არც იმას დავმალავ, რომ გატანილმა გოლმა არანაკლებ გამახარა. მინდა "იუვესთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო და მჯერა, ეს ასეც იქნება".

მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი): "ასეთ ცუდ მინდორზე არასდროს მითამაშია და ამის გამო მატჩი არცთუ სანახაობრივი გამოვიდა. საბედნიეროდ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და მნიშვნელოვანი თასი მოვიპოვეთ. სეზონის ტიტულით დაწყება საკუთარი თავის რწმენას გვმატებს და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გველოდება.

"ლაციოსთან" თამაშით მივხვდი, რომ ახალ სამყაროში მოვხვდი, სადაც ფორვარდს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ - სიმართლე გითხრათ, ძალიან დამღალა იმან, რომ მუდმივად ფეხზე მაჯდა მცველი, მაგრამ ერთ მომენტში დავუსხლტი და გოლი გავიტანე. ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივართა გახარება პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში შევძელი".

იუვენტუსი-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (69), 2:0 დიბალა (73)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, პოგბა, მარკიზიო, სტურარო (90. პერეირა), ევრა - კომანი (61. დიბალა), მანჯუკიჩი (80. ლორენტე)
ლაციო (4-3-2-1): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჯენტილეტი, რადუ - ონაზი, ბილია, კატალდი (75. კიშნა) - კანდრევა, ანდერსონი (87. მორისონი) - კლოზე (61. ჯორჯევიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სიახლეები პოპულარული