როგორც იქნა: ალესიო რომანიოლი მილანელია

AutoSharing Option
როგორც იქნა, გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონიდან ალესიო რომანიოლი "მილანში" ითამაშებს. 20 წლის მცველი უკვე ლომბარდიის დედაქალაქშია, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი ოფიციალურად გაცხადდება.

ითქვა ისიც, რომ "მილანი" რომანიოლის სანაცვლოდ "რომას" 25 მილიონ ევროს გადაუხდის და შემდეგ, ბონუსებით სახით, შესაძლოა კიდევ 5 მილიონის გაღება მოუწიოს.

"მილანი" დაახლოებით ერთი თვე ცდილობდა რომანიოლის გადაბირებას და შესაბამისად, "რომასთან" აქტიური მოლაპარაკებები იყო გაჩაღებული - თავიდან ლომბარდიელები 18 მილიონი ევროს გადახდისთვის იყვნენ მზად, მაგრამ "რომამ" 25 მილიონი მოითხოვა და თანხას ცენტი არ დააკლო. გუშინ "რომას" სპორტულმა
დირექტორმა ვალტერ საბატინიმ შემდეგი განაცხადა:

"მესმის გულშემატკივრების, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან და არც იმ რომაელი ჟურნალისტების მიკვირს, რომლებიც გვაკრიტიკებენ, მაგრამ ეს ტრანსფერი უნდა შედგეს, რადგან ის ყველა მხარეს აწყობს. "მილანს" სჭირდება ცენტრალური მცველი, თავად ფეხბურთელს უნდა ლომბარდიაში გადასვლა, ჩვენ კი ამ თანხით კარგი ტრანსფერის გაკეთება შეგვიძლია. დიახ, შესანიშნავი ფეხბურთელია მოჰამედ სალაჰი, ბრწყინვალეა ედინ ჯეკო, მაგრამ მჯერა, რომ მთავარი ტრანსფერი ჯერ არ გაგვიკეთებია".

პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "რომაში" გააგრძელებს კარიერას ლუკ დინი, რომელიც აქამდე პსჟ-ში ირჯებოდა, მაგრამ ვეჭვობთ, რომ საბატინი მთავარ ტრანსფერში ამას არ გულისხმობდა. საინტერესოა, ვის უმიზნებენ რომაელები, რომლებსაც რომანიოლის გაყიდვის შემდეგ ფული ნამდვილად აქვთ.

საგულისხმოა, რომ ამ ზაფხულს "ჯალოროსიმ" "მილანს" ანდრეა ბერტოლაჩიც მიჰყიდა და ისიც საკმაოდ სოლიდურ თანხად - მილანელებმა ანდრეას სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადეს და გამოდის, რომ ლომბარდიელებმა დედაქალაქელთა ბიუჯეტი 45 მილიონი ევროთი გაამდიდრეს. საინტერესოა, რამდენად წაადგებიან ბერტოლაჩი და რომანიოლი "როსონერის".

ელი - რომანიოლი
მას შემდეგ, რაც რომანიოლის "მილანში" გადაბარგების ამბავი გაცხადდა, მედიაში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ "როსონერიში" ცენტრალურ მცველთა ახალი ტანდემი დაიბადა, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. ლაპარაკია ალესიო რომანიოლის და როდრიგო ელის წყვილზე - ორივე 20 წლისაა და ორივეს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

როდრიგო ელი საინტერესო პერსონაა, გასული სეზონი იჯარით "აველინოში" გაატარა, შესანიშნავად წარმოჩინდა და "მილანმა" მისი დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. წარმოშობით ბრაზილიელია, მაგრამ იტალიური პასპორტი აქვს და იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. ამასთან, ელიმ ერთი მატჩი ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებში გამართა და როგორც თავად აცხადებს, ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელი ქვეყნის ეროვნულ გუნდში სურს თამაში. ერთში ელი დარწმუნებულია, მას "მილანი" არ ეთმობა და უნდა, რომ გუნდის ლეგენდა გახდეს.

რაც შეეხება რომანიოლის, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება და შემთხვევითი არაა, რომ "მილანმა" მასში კოლოსალური თანხა გადაიხადა. რომანიოლი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება და ელისთან ტანდემში ის მართლაც საინტერესო სანახავი იქნება.

ახალი ნესტა
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ უკვე მოასწრო და ალესიო რომანიოლი ქებით ცაში აიყვანა:

"შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ევროპის ყველაზე პერსპექტიული მცველი დავიმატეთ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ალესიო რომანიოლი ძალიან საიმედო მცველია და შეცდომებს, პრაქტიკულად, არ უშვებს. ჩემი აზრით, რომანიოლი ყველაზე მეტად ალესანდრო ნესტას ჰგავს და ვფიქრობ, რომ არანაკლებ დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ჩვენ გვყავს ელი, დე შილიო და კალაბრია, კიდევ სამი ახალგაზრდა და უნიჭიერესი მცველი - "მილანი" მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული