რა ბედი ელის ალვარო მორატას? ყველაფერი "რეალზეა" დამოკიდებული

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მესვეურებს მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ზაფხულში ტურინის "იუვენტუსიდან" ალვარო მორატა დაიბრუნონ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელებმა 23 წლის თავდამსხმელი 20 მილიონ ევროდ იყიდეს, თუმცა ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "რეალმა" დაიტოვა უფლება, რომ მორატა 30 მილიონ ევროდ დაიბრუნოს და თუ ესპანელები ამას მოისურვებენ, ტურინული გრანდი ვერაფერს გახდება.

მოკლედ, ყველაფერი მადრიდელთა ხელშია და ბუნებრივია, რომ "იუვეს" მესვეურებს ეს საკითხი აშფოთებთ. "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა პაველ ნედვედმა შემდეგი განაცხადა:

"მადრიდიდან არავის დაურეკავს და შესაბამისად, მორატას შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კონკრეტულს
ვერაფერს გეტყვით. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ესპანელებს ალვაროს გამოსყიდვა სურდეთ, რადგან ბრწყინვალე ფორვარდია და ტურინში დიდი პროგრესი განიცადა.

ვფიქრობ, მთავარი სიტყვა თავად ფეხბურთელმა უნდა თქვას, რადგან რაც უნდა ჩაწერო კონტრაქტში, ადამიანის არჩევანის თავისუფლება დაცული უნდა იყოს".

თუ "რეალმა" მორატას გამოსყიდვა განიზრახა, "იუვენტუსის" ერთადერთი შანსი თავად ფეხბურთელის პოზიციაა. ბოსმანის ცნობილი საქმის შემდეგ ფეხბურთელი არჩევანში თავისუფალია და გამომდინარე აქედან, თავად მორატას პოზიციაა ყველაზე საინტერესო:

"აქამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ტურინში ბედნიერი ვარ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ბევრი რამე კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მე თუ მკითხავთ, "იუვენტუსში" მსურს თამაში. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, მინდა კიდევ უკეთესად ვითამაშო და იტალიაში ამისთვის ყველა პირობა მაქვს შექმნილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული