"ნაპოლი" - როცა იგუაინი ლევანდოვსკის გირჩევნია

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" გენუაში "სამპდორიას" მოუგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მართალია, "იუვენტუსს" კვლავაც ორი ქულით უსწრებს, მაგრამ სამაგიეროდ, კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა სხვა მდევრებთან.

ან ჰყავს კი "ნაპოლის" სხვა მდევარი, გარდა "იუვენტუსისა"? - ეს კიდევ ცალკე საკითხია და დღეს პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. ფაქტია, რომ "ინტერი" და "ფიორენტინა" არასტაბილურად ასპარეზობენ და ქულებსაც უხვად კარგავენ.

გენუაში გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი გონსალო იგუაინი გახლდათ, რომელმაც მორიგი გოლი მიითვალა აქტივში და მთლიანობაში, შესანიშნავად გაისარჯა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ სწორედ არგენტინელი ფორვარდი გამოარჩია და
შემდეგი განაცხადა:

"ძალიან საჭირო ქულები მოვიპოვეთ და, ბუნებრივია, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ. თუმცა, მეტოქეს ბევრის უფლება მივეცით და ამის დასტური ჩვენს კარში გატანილი ორი გოლია. აქამდე არც ერთი ფეხბურთელი არ გამომირჩევია, მაგრამ მინდა, რომ გონსალო იგუაინი შევაქო, რომელიც ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია.

იგუაინი სწორედ ისე თამაშობს, როგორც წარმომედგინა და ველოდი. ზაფხულში ვუთხარი, რომ ჩვენთან ის ევროპის საუკეთესო ფორვარდი გახდება და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ გზას ადგას. გავცვლიდი თუ არა გონსალოს რობერტ ლევანდოვსკიში? - არც ერთ შემთხვევაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"