მორატა თუ მანჯუკიჩი - მასიმილიანო ალეგრის სასიამოვნო თავსატეხი

AutoSharing Option
გასულ სეზონში "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ამ წარმატებაში კი ალვარო მორატამ ლომის წილი დაიდო. სამაგიეროდ, 23 წლის ესპანელი ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონი დაიწყო მძიმედ და დაკარგა კიდეც ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

მასიმილიანო ალეგრი შეტევის წინა ხაზზე პაულო დიბალას და მარიო მანჯუკიჩს ენდობოდა, მორატა კი დროის დიდ ნაწილს თადარიგში ატარებდა. თუმცა, ბოლო ორ მატჩში ვითარება შეიცვალა - მორატამ ჯერ სათასო პაექრობაში გაუტანა "ინტერს" ორი გოლი და იგივე გააკეთა სერია A-ს ბოლო მატჩშიც "კიევოს" წინააღმდეგ. მოკლედ, მორატა ათამაშდა და ალეგრის სასიამოვნო თავსატეხი გაუჩნდა:
დიბალა-მანჯუკიჩი თუ დიბალა-მორატა?

წინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპია, სადაც ტურინულ გრანდს მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწევს დაპირისპირება. ვის დაეყრდნობა ალეგრი, რთული სათქმელია, თუმცა ეს კონკურენცია რომ "იუვენტუსს" მხოლოდ წაადგება, ცხადზე უცხადესია. თავად მორატამ "გაძეტა დელო სპორტს" ვრცელი კომენტარი მისცა და შემდეგი განაცხადა:

"მძიმე პერიოდი გამოვიარე, რადგან მშრალი სერია ჩემზე ფსიქოლოგიურად მოქმედებდა. ვიცოდი, რომ ერთი გოლი ყველაფერს შეცვლიდა და საბედნიეროდ, ეს ასეც მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, რომლებმაც "ინტერთან" პენალტის დარტყმის საშუალება მომცეს და ამით დავძლიე კიდეც ჩავარდნა. მანჯუკიჩი ბრწყინვალე ფორვარდია და ის იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს, თუმცა თადარიგში ჯდომა არც მე მსურს.

ეს კონკურენცია მხოლოოდ წაადგება გუნდს, სეზონი კი გრძელია და შანსი ყველას მოგვეცემა. არც სიმონე ძაძა უნდა დავივიწყოთ, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და როდესაც შანსი ეძლევა, გოლებიც გააქვს. აქვე, მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული