ის, რაც დღეს უნდა მოგიყვეთ, თითქოს, არარეალურია, მაგრამ ეს რეალურად მოხდა და ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება. როდესაც იმ დღეს ვიხსენებ, ჟრუანტელი მივლის და, ალბათ, ასე იქნება ყოველთვის.
ვცხოვრობ ტურინში და "იუვენტუსის" თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ, ჩემი კერპი კი ალვარო მორატაა. სიმართლე გითხრათ, ჩემს მეგობრებს უკვირთ, თუ რატომ მიყვ
მორატა არ არის ალესანდრო დელ პიერო, არც ანდრეა პირლო და არც ჯანლუიჯი ბუფონი, მაგრამ გადმოვიდა თუ არა ესპანელი ჩვენთან, ის მაშინვე იქცა ჩემს კერპად და შემდეგ, გაამართლა კიდეც იმედები. "იუვენტუსის" თამაშებზე ყოველთვის ერთი მაისურით დავდივარ, რომელსაც ზურგზე სწორედ მორატა აწერია.
27 იანვარი ჩემთვის უბედნიერეს დღედ იქცა და სწორედ ამის შესახებ ვაპირებ მოყოლას. იტალიის თასის ნახევარფინალურ მატჩში, "იუვენტუსმა" "ინტერს" 3:0 მოუგო და ფინალის საგზური თითქმის გაინაღდა, ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა კი მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. თამაშის შემდეგ, შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი და სტადიონიდან სახლში ფეხით გავემართე. თანაც, ჩემი საყვარელი მაისურა მეცვა და ამაყად მივაბიჯებდი.
გზად, გადავწყვიტე, რომ წამეხემსა და ერთ ჩვეულებრივ რესტორანში შევედი. შეკვეთას ველოდებოდი და თან, თამაშის მომენტებს ვიხსენებდი. ამ დროს, რესტორანში არც მეტი, არც ნაკლები... ალვარო მორატა შემოვიდა და როდესაც დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი.
მორატას რესტორანში ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ, ის კი პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და სახელი მკითხა - გაოცებულმა ვუპასუხე, რომ ჯანმარკო მქვია, შემდეგ კი კითხვა შევუბრუნე, მაინცდამაინც ჩემთან რატომ მოხვედით? - მან კი მიპასუხა, რომ მე მაისურზე მორატა მეწერა. აა, ხოო - აღმომხდა და მაშინღა ვიგრძენი, რომ ემოციებისგან მთლიანად ვხურდი. ალვარო მაგიდასთან ჩამოჯდა და დიალოგი გაგრძელდა...
მორატა: შეუკვეთე რამე?
ჯანმარკო: კი, პიცა შევუკვეთე
მორატა: დაამატე რაც გაგიხარდება, მე ვიხდი ყველაფერს. თამაში როგორ მოგეწონა?
ჯანმარკო: დიდი მადლობა. მაგარი თამაში იყო, მაგრამ ყველაზე მეტად შენმა გოლებმა გამახარა. ჩემპიონთა ლიგა გვიახლოვდება და ფორმაში უნდა იყო.
მორატა: დიდი ხანი ვერ გამქონდა და ვნერვიულობდი.
ჯანმარკო: მეც ვნერვიულობდი და ერთი-ორჯერ მეგობრებს ვეჩხუბე. ფიქრობენ, რომ მანჯუკიჩი გჯობია. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მათ და თვალებში ჩავხედავ ამ დუბლის შემდეგ.
მორატა: აი, შენი პიცაც მოვიდა, ხელს არ შეგიშლი და მე ჩემს მეგობრებს შევუერთდები...
მორატა სხვა მაგიდაზე გადაჯდა, მე კი ემოციებით დამუხტული პიცას გემოსაც ვერ ვატანდი. უცებ, ჩემი სახელი მომესმა, მოვიხედე და ვხედავ, რომ მორატა მეძახის: ჯანმარკო, არ გინდა ჩვენთან გადმოჯდე? - მეგონა, რომ გული წამივიდოდა და ძლივს ამოვთქვი: კიიი - მაშინ, დროზე მოდი, რაღას უცდი, მიპასუხა და წამებში, მორატასა და მისი მეგობრების კამპანიაში აღმოვჩნდი. კითხვები დამაყარეს და დაინტერესდნენ თუ სად ვსწავლობდი, რას ვაკეთებდი ცხოვრებაში და ხშირად დავდიოდი თუ არა სტადიონზე.
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს ძველ მეგობრებს ვესაუბრებოდი. ბევრი ფოტო გადავიღეთ, შემდეგ კი ალვარომ საიდანღაც "იუვენტუსის" ახალი მაისურა გამოაძრო, მაჩუქა და ზედ ესპანურად წააწერა: "ჩემს მეგობარ ჯანმარკოს, დიდი პატივისცემით, ალვარო მორატა".
დიდხანს ვიჯექით ერთად და ბევრი ვიცინეთ. ალვარომ რამდენიმე სიტყვა მასწავლა ესპანურად, მაგრამ ზედმეტად აღელვებული ვიყავი, რომ დამემახსოვრებინა. ბოლოს, გადამეხვია და მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემი გაცნობა და ახალი მეგობრის შეძენა. დაამატა, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით და აუცილებლად ვიმეგობრებთო.
თავისი ნომერი ჩამაწერინა და მითხრა, რომ თუ რამე დამჭირდება, შემიძლია დავურეკო რომელი საათიც არ უნდა იყოს - თითები მიკანკალებდა, როდესაც მის ნომერს ტელეფონში ვიწერდი და დღემდე ვერ ვიჯერებ, როდესაც ნომრებს ჩავხედავ და მის გვარს ვკითხულობ. კიდევ უფრო გამიკვირდა, როდესაც ჩემი ნომერი ჩაიწერა - დასძინა, შენ რომ მოგერიდოს და არ დამირეკო, მე შეგეხმიანებიო.
არ ვიცი, რით დავიმსახურე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის ასეთი ყურადღება და რატომ მერგო ასეთი პატივი? - ან, იქნებ არც დამიმსახურებია და უბრალოდ გამიმართლა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ამ ისტორიას შვილიშვილებს მოვუყვები და მაშინაც, ჟრუანტელი დამივლის.
მადლობა ალვარო, უსაზღვროდ გამახარე და მასწავლე, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მორატამ კი უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე თავისი ადამიანობით და დღეიდან მაგრად ვუგულშემატკივრებ ამ ფეხბურთელს.
ბრავო მორატაა!!