მაურიციო სარი: ვიყოთ რეალისტები, "იუვეს" გადასწრება ურთულესი იქნება

AutoSharing Option
დიდი ხანია, რაც "ნაპოლის" მიზნად სკუდეტოს მოპოვება აქვს დასახული, მაგრამ ჯერჯერობით, ყველა მცდელობა ამაო გამოდგა. კარგი იყო ვალტერ მაძარის "ნაპოლი" და არც რაფაელ ბენიტესმა იმუშავა ცუდად, მაგრამ ყველაზე ახლოს მიზანთან მაინც მაურიციო სარის გუნდია.

დიახ, მიმდინარე სეზონში ნეაპოლელები რეალურ კონკურენციას უწევენ "იუვენტუსს" და ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სკუდეტოს მოპოვების პრაქტიკულ შანსს. მოკლედ, სარი ქების ღირსია და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, თებერვლის თვე მის გუნდს ჩაუვარდა და ჯერ სერია A-ში დათმო ლიდერობა, შემდეგ კი ევროპალიგიდანაც გამოვარდა.

და მაინც, მიმდინარე სეზონში "ნაპოლი"
კარგად თამაშობს და მადლობას იმსახურებს თუნდაც იმიტომ, რომ სერია A-ს საჩემპიონო რბოლა დაძაბულია. ქვემოთ, მაურიციო სარის მოკლე ინტერვიუს გაეცნობით.

- მწვრთნელები ოპტიმისტური განცხადებებით ცდილობენ გუნდის გამხნევებას, თქვენ კი არაერთხელ თქვით, რომ "იუვენტუსის" გადასწრება ურთულესი იქნება...
- საქმეს არც პესიმიზმი წაადგება და არც უსაფუძვლო ოპტიმიზმი, ჭეშმარიტება კი რეალობის სწორად აღქმაშია. "იუვენტუსი" არის გუნდი, რომელსაც მთელი სეზონის ერთი ამოსუნთქვით, ჩავარდნის გარეშე გავლა შეუძლია. ტურინელები ძალიან იშვიათად კარგავენ ქულებს და თუ სკუდეტოს მოგება გვსურს, ჩვენ პრაქტიკულად ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ.

- "კიევოსთან" საშინაო მოგებით კრიზისი დაძლეულია?
- "ნაპოლი" არც ყოფილა კრიზისში. უბრალოდ, ძალიან რთული კალენდარი გვქონდა და შესაბამისად, ქულებიც დავკარგეთ. შეუძლებელია, რომ ხვდებოდე "მილანს", "იუვენტუსს", "ფიორენტინას", "ინტერს" და ყველა თამაშს იგებდე. ყველა ამ შეხვედრაში კარგად გავისარჯეთ, მაგრამ მეტოქეები გვყავდა ძალიან ძლიერი.

- სკუდეტოსთვის ბრძოლა, ალბათ, პრიორიტეტულია, რაც "ვილიარეალთან" მატჩების დროს კარგად გამოჩნდა...
- ესპანეთში ძალიან ინერტულად ვითამაშეთ და დამსახურებულად დავმარცხით, მაგრამ ნეაპოლში აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს და დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. ის მატჩი 10-ჯერ რომ გავიმეოროთ, 9-ჯერ ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ იმ დღეს ჩვენთვის ყველაზე არასასურველი სცენარი გათამაშდა. ჩვენ გვსურდა ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ სერია A უფრო მნიშვნელოვანი ტურნირია.

- რა აკლია "ნაპოლის" იმისთვის, რომ "იუვენტუსის" დონეზე ითამაშოს?
- ერთ კონკრეტულ თამაშში "იუვენტუსს" ბევრს არაფერს დავუთმობთ და ეს ტურინში გამართულმა მატჩმა ნათლად დაგვანახვა. რომ არა სიმონე ძაძას არსაიდან მოსული გოლი, მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, "იუვენტუსის" ძალა სტაბილურობაშია და ეს გუნდი თანაბარი წარმატებით თამაშობს როგორც გრანდებთან, ისე შედარებით სუსტ გუნდებთან და როგორც საკუთარ კედლებში, ისე გასვლაზე. უფრო პრაგმატული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ემოციებს სწორი მიმართულება მივცეთ და ეს შედეგზე აუცილებლად აისახება.

- თქვენს ხელში გონსალო იგუაინი კიდევ უკეთესად ათამაშდა...
- იგუაინი არის თავდამსხმელი, რომელსაც უტყუარი საგოლე ალღო აქვს და ამასთან, სასარგებლოა არა მარტო მეტოქის საჯარიმოში, არამედ მთელ მოედანზე. გონსალო გოლზე დაგეშილი ფორვარდია და ეს ძალიან მომწონს.

- "ემპოლიდან" "ნაპოლიში" მირკო ვალდიფიორი წაიყვანეთ და მისი დიდი იმედი გქონდათ, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი...
- მირკო შესანიშნავი ნახევარმცველია, მაგრამ კიდევ უკეთესად ირჯება ჟორჟინიო ფრელო და ამ ეტაპზე, მას უფრო ხშირად უწევს თამაში. ვალდიფიორის მიეცემა შანსი და იმედია, რომ გუნდს დიდ დახმარებას გაუწევს.

- თქვენი წინამორბედისგან განსხვავებით, დრის მერტენსს ლორენცო ინსინიეს ამჯობინებთ...
- დრო მერტენსსაც ეძლევა და ზოგადად, ეს ფეხბურთელები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. სასტარტო შემადგენლობაში მეტწილად ინსინიეა, რადგან პროგრესირებს და იმსახურებს მწვრთნელის ნდობას.

- "ნაპოლისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს გიმთავრდებათ და აპირებთ მის გახანგრძლივებას?
- ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული და შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება სეზონი.

დიდია შანსი, რომ ხელშეკრულება გავახანგრძლივო, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ სეზონის ბოლოს კლუბის მესვეურებმა ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღონ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ