მწვრთნელმა შეკრებაზე 28 ფეხბურთელს უხმო, მაგრამ საკადრო პრობლემები შეექმნა. ვარჯიშზე ჩირო იმობილე დაშავდა და მის ნაცვლად სტეფანო ოკაკა ჩუკა გამოიძახა, მოგვიანებით კი მარკო ვერატიმაც დატოვა შეკრება...
ვერატი პარიზში გააბრუნეს
მარკო ვერატის კუნთი აწუხებდა, როდესაც სანაკრებო მიწვევა მიიღო და მიუხედავად პრობლემებისა, მაინც ჩავიდა ფლორენციაში. ვერატი უკვე ადგილზე შეამოწმეს ექიმებმა და გადაწყდა, რომ 23 წლის ნახევარმცველი ესპანეთთან და გერმანიასთან თამაშს ვერ შეძლებს. ამიტომ ვერატის გარდა, იტალიის ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი ნახევარმცველი აკლია - კლაუდიო მარკიზიო, რომელიც ასევე დაშავებულია. სიაში არაა ანდრეა პირლო, რომელსაც ამხანაგური მატჩების გამო ოკეანის გაღმიდან არავინ გადმოაფრენდა.
მაგრამ, აი, ევროპის ჩემპიონატზე კი, შესაძლოა, წაიყვანონ. მოკლედ, "აძურას" პირლო, მარკიზიო და ვერატი აკლია, რაც იმას ნიშნავს, რომ უაღრესად პრინციპულ მატჩებში გუნდს მკვეთრად გადახალისებული ნახევარდაცვით მოუწევს ასპარეზობა. ცალკე თემაა, რომ კონტემ დანიელე დე როსი აითვალწუნა და არც ამჯერად გამოიძახა.
ბონუჩის რუგანი შეცვლის?
ბოლო ინფორმაციით, ვარჯიშზე მსუბუქი ტრავმა მიიღო ლეონარდო ბონუჩიმ და შესაძლოა, მანაც დატოვოს სანაკრებო შეკრება. ასეთ შემთხვევაში, კონტე "იუვენტუსის" კიდევ ერთ მცველს, დანიელე რუგანის გამოიძახებს. საგულისხმოა, რომ "სკუადრა აძურას" თავკაცი არ ენდობა "მილანის" ახალგაზრდა უკანახაზელ ალესიო რომანიოლის, რომელიც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა.შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს დაცვაში ჯორჯო კიელინი აკლია, რომელიც ასევე დაშავებულია და კარგა ხანია, რაც მკურნალობს. ტრავმის გამო კიელინიმ და მარკიზიომ "იუვენტუსის" უმნიშვნელოვანესი მატჩები გამოტოვეს, მათ შორის, მიუნხენის "ბაიერნთან".
ტავეკიო კონტესა და ბუფონზე
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო ჟურნალისტებს შეხვდა და აქტუალურ თემებზე ესაუბრა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ ტავეკიოს გადავცეთ:"ძალიან ბევრს მეკითხებიან ანტონიო კონტეზე, რომელიც ევრო 2016-ის შემდეგ ტოვებს ნაკრებს და საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება. მერწმუნეთ, ეს ფაქტორი უარყოფით გავლენას "აძურაზე" არ მოახდენს და ამაზე სანერვიულო არ გვაქვს. კონტე პროფესიონალია, ისევე, როგორც ფეხბურთელები და მათ იციან, რა უნდა გააკეთონ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ვინ იქნება კონტეს მემკვიდრე? - ჯერ ამაზე არ ვფიქრობთ, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია და ამ ტურნირზე გუნდს ჰყავს მწვრთნელი".
ტავეკიომ ჯანლუიჯი ბუფონი გამოარჩია და ევროპის ჩემპიონატის წინ მას გუნდის ლიდერი უწოდა:
"ჩვენი სავიზიტო ბარათი ჯანლუიჯი ბუფონია, რომელიც დიდებულ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთს კიდევ დიდხანს ითამაშებს. ბუფონი იტალიის ნაკრების ლიდერია და როდესაც ის მოედანზეა, თავს მშვიდად ვგრძნობთ. ხშირად ამბობენ, რომ იტალიას აღარ ჰყავს ლიდერები, მაგრამ ჩვენ გვყავს ჯიჯი და ამით ყველაფერია ნათქვამი".
კონტე: ჯერ მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ანტონიო კონტე დატოვებს იტალიის ნაკრებს და დიდი ალბათობით, "ჩელსის" ჩაუდგება სათავეში. თუმცა, თავად მწვრთნელი აცხადებს, რომ მომავალზე ჯერ ნაკლებად ფიქრობს და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული:"პრინციპული გადაწყვეტილება მივიღე და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავტოვებ ნაკრებს და საკლუბო ფეხბურთში დავბრუნდები. თუმცა, რომელ გუნდს გავწვრთნი, ეს ჯერ უცნობია და კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, იტალიურ გუნდს ჩავუდგე სათავეში, მაგრამ ვაღიარებ, რომ ინგლისური ფეხბურთი ძალიან მიმზიდველია.
თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს წინადადებებს არ განვიხილავ და მხოლოდ იტალიის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. წინ ევროპის ჩემპიონატია, ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე კი გუნდი არასდროს გამიყვანია".
შეშფოთებული იტალია
როგორც მთელ ევროპაში, იტალიაშიც მთავარი თემა ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტებია, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბუნებრივია, რომ ეს პროცესები ფეხბურთზეც ახდენს გავლენას, რადგან ტერორისტების სამიზნე შესაძლოა, სავსე სტადიონებიც გახდეს. მით უმეტეს, წინ ევროპის ჩემპიონატია, რომელიც საფრანგეთში ჩატარდება, ეს ქვეყანა კი ბელგიასთან ერთად, ყველაზე მეტად დაზარალდა და ყურადღების ცენტრშია მოქცეული.ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში სწორედ ტერორიზმის საფრთხეებზე ალაპარაკდნენ - მით უმეტეს, "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონატს ბელგიასთან მატჩით ხსნის, ეს თამაში კი ლიონში გაიმართება. ჩემპიონატი საფრანგეთშია, იტალია ბელგიას ეთამაშება და ეს რეალობა აპენინებზე შეშფოთების საბაბს იძლევა. ამ თემაზე საგანგებო კომენტარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ გააკეთა:
"ტერორიზმი ცივილიზებული მსოფლიოს მთავარი პრობლემაა და ბუნებრივია, რომ ეს პროცესები ფეხბურთზეც ახდენს გავლენას. ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოების ნორმები. ამ თემაზე უკვე ვესაუბრე კარლო ტავეკიოს და მან ფედერკალჩოს სახელით სრული თანადგომა აღგვითქვა. ერთად უნდა დავდგეთ და ერთად ვებრძოლოთ ამ სენს.
13 ივნისს, ლიონში ბელგია იტალიას შეხვდება - შემიძლია თუ არა მოვუწოდო იტალიელებს, რომ შეიძინონ ამ მატჩის ბილეთები? - დიახ, ჩვენ ვატარებთ ევროპის ჩემპიონატს და ვალდებულნი ვართ, რომ ყველა თამაშზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"