სერია A. XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: იკარდის 100 და 50

AutoSharing Option
* მაურო იკარდიმ "ინტერის" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა და 50-ე გოლი გაიტანა - 32 მარჯვენა ფეხით, 13 მარცხენა ფეხით, 4 თავით, 1 სხეულის სხვა ნაწილით. "ნერაძურიმ" "ფროზინონეს" სწორედ არგენტინელის კინკილა გოლით მოუგო. არადა, პირველ ტაიმში მილანელებს მეტოქის კარში ზუსტად არ დაურტყამთ.

* ბლერიმ ჯემაილი "სასუოლოს" წინააღმდეგ მატჩებში სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და 3 გოლიც გაიტანა.

* "მილანს" კუთხურების შემდეგ სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი (8) აქვს გატანილი. აქედან 3 ბურთი ალექსის ანგარიშზეა.

* "როსონერიმ" "იუვეს" კარში პირველ ტაიმში 3-ჯერ დაარტყა.
ამდენჯერ მიმდინარე ჩემპიონატში ტურინელებს პირველ ნახევარში არავინ დამუქრებია, მაგრამ "მილანისთვის" ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა.

* "ბებერმა ქალბატონმა" მიმდინარე სეზონში 5 მატჩი შემოაბრუნა, ანუ მოიგო ისეთი შეხვედრები, რომლებსაც აგებდა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

* 1994/95 წლების სეზონის მერე დანიელე რუგანი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი საწყისი 50 მატჩი სერია A-ში ისე ჩაატარა, რომ არც ერთი ბარათი არ მიუღია.

* "ემპოლიმ" "ფიორენტინას" ტოსკანურ დერბიში 2:0 მოუგო. ჩემპიონატის იქამდელი 12 ურთიერთშეხვედრიდან "ემპოლის" არც ერთი არ ჰქონდა მოგებული - 6 ფრე, 6 წაგება.

* ხოსე კალეხონმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა. არადა, მანამდე 19 თამაშში მას საერთოდ ვერ გაეტანა.

* ვეტერანმა გერმანელმა ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ სერია A-ში თავის 135-ე შეხვედრაში 50-ე და 51-ე გოლები გაიტანა.

* "პალერმო" "ლაციოსთან" მატჩის პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხო.

* 2015 წლის მარტის მერე "ლაციომ" საგარეო მატჩი სამბურთიანი უპირატესობით პირველად მოიგო. სიცილიელებთან შეხვედრაში რომაელების ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 68% იყო. "ბიანკოჩელესტისთვის" ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში.

* სერია A-ში მხოლოდ პირველი ტაიმების შედეგები რომ ითვლებოდეს, პირველ ადგილზე "რომა" იქნებოდა, მეორეზე "იუვენტუსი". ტურინელებს მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა ექნებოდათ "ნაპოლისთან", მეოთხე ადგილზე კი "ფიორენტინა" მოგვევლინებოდა. გასავარდნ ზონაში "სამპდორია", "ვერონა" და "კარპი" იქნებოდნენ.

* "ნაპოლი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში საშინაო არენაზე მარცხი არ განუცდია. სხვა ყველა ნული სატურნირი ცხრილის ბადეში შევსებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ