დიეგო მარადონა: "იუვენტუსს" მსაჯები ეხმარებიან

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა, სერია A-ში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ კი, "იუვენტუსის" მორიგ ტრიუმფზე გააკეთა კომენტარი და სხვა თემებსაც გადასწვდა.

იუვენტუსი
"იუვენტუსს" შთამბეჭდავი წაუგებელი სერია აქვს და შესაბამისად, იმსახურებს სკუდეტოს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტურინელებს ყოველთვის უმართლებთ და ასე იყო ჩემ დროსაც. "იუვეს" შეუძლია კარში 2-ჯერ დაარტყას და 4 გოლი გაიტანოს.

არ ვუტრირებ, ეს რეალობაა, რომელიც ფაქტებით მტკიცდება. ამასთან, ტურინელებს მსაჯები სწყალობენ - ჩემ დროსაც, "იუვენტუსის" ფეხბურთელები ყოველთვის მართლები იყვნენ და ამ მხრივ, ვითარება უცვლელია.

ნაპოლი
"ნაპოლის"
კარგი სეზონი აქვს, თუმცა სახეზეა პრობლემები, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს. მაურიციო სარის უფრო აქტიურად უნდა მიემართა როტაციისთვის და ასეთ შემთხვევაში, ძალებს მთელ სეზონზე უფრო თანაბრად გადაანაწილებდა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ნეაპოლელებს სათადარიგოთა სკამზე ისეთი ძლიერი ფეხბურთელები არ ჰყავთ, როგორიც ტურინელებს. გონსალო იგუაინი ქების ღირსია, რადგან იტალიაში 30 გოლის გატანა ურთულესი საქმეა.

მე დიდხანს ვითამაშე სერია A-ში და ვიცი, რასაც ვამბობ. "ნაპოლის" კიდევ რამდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის, კალიდუ კულიბალი. ფენომენალური მცველია და თეთრკანიანი რომ იყოს, "ბარსელონაში" ან "რეალში" ითამაშებდა. ვრჩები "ნაპოლის" ქომაგად და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში სკუდეტო ჩვენ დაგვრჩება.

იტალია და არგენტინა
იტალიური ფეხბურთი ყოველთვის მოწინავე იყო მსოფლიოში, დღეს კი ბევრი რამ არ მომწონს. საუკეთესო ფეხბურთელები ერიდებიან სერია A-ში თამაშს და ურჩევნიათ, რომ ინგლისსა და ესპანეთში იასპარეზონ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და იტალიური ფეხბურთის მამებს ბევრი სამუშაო აქვთ. იტალიის ნაკრების მწვრთნელი "ჩელსიში" მიდის სამუშაოდ - ნუთუ ეს ნორმალურია? - პირდაპირ ვამბობ, რომ კატასტროფაა.

კრიზისია არგენტინაშიც და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში მოწინავე ადგილზეა. სამაგიეროდ, საკლუბო ფეხბურთის დონე ეცემა და ეს ცუდის მომასწავებელია. იტალიურმა კლუბმა რომ მთხოვოს ერთი ფეხბურთელის რეკომენდაცია არგენტინული გუნდიდან, ვერავის ვურჩევ, რადგან ჩვენთან ჩავარდნაა. უნდა გენახათ "ბოკა"-"რივერის" ბოლო თამაში - დამიჯერეთ, სერია B-ს დონეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ