იტალიის თასი. ფინალი: "იუვეს" ისტორიული დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის გამარჯვებულის გამოსავლენად 120 წუთი გახდა საჭირო, რადგან ძირითადი დრო გუნდებმა უგოლოდ გალიეს. დამატებითი დროის მეორე ნახევარი მიმდინარეობდა, როდესაც ალვარო მორატამ მარჯვენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფორვარდი სულ ორი წუთის ჩართული იყო თამაშში, როდესაც გამარჯვების გოლი შეაგდო და "იუვეს" თასი მოუტანა.

ტურინულმა გრანდმა ზედიზედ მეორედ შეასრულა დუბლი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიგო როგორც სკუდეტო, ისე იტალიის თასი. მოკლედ, "იუვენტუსის" ჰეგემონია გრძელდება და უდავოა, რომ დღეს ეს გუნდი
ორი თავით აღემატება კონკურენტებს. რაც შეეხება "მილანს", კიდევ ერთხელ დარჩა ევროთასების გარეშე და მომდევნო სეზონში შიდა ასპარეზით მოუწევს დაკმაყოფილება...

თვითონ ფინალური მატჩი "მილანის" ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და ეს სტატისტიკაზეც შესაბამისად აისახა: ბურთს უფრო ხშირად ლომბარდიელები ფლობდნენ, კარშიც მეტჯერ დაარტყეს და კუთხურიც მეტი ჩააწოდეს, მაგრამ ტურინელთა კართან სახიფათო მომენტები, პრაქტიკულად, არ შექმნილა. დიახ, "მილანი" უტევდა, ცდილობდა, მაგრამ არ ჰყოფნიდა კლასი, რაც ისეთი გუნდის დასამარცხებად, როგორიც "იუვენტუსია", უბრალოდ, აუცილებელია.

დამაგვირგვინებელ ფაზაში მილანელებმა, უბრალოდ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ და კარში დარტყმების უმეტესობაც მოუმზადებელი გახლდათ - როდესაც უბრალოდ, არ იცი, რა ქნა, როგორ გააგრძელო შეტევა და ურტყამ იქიდან, საიდანაც გატანის შანსი მიზერულია. მოკლედ, "მილანს" კლასი აკლია და აშკარაა, რომ თუ რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელს არ ჩავთვლით, თითქმის მთელი გუნდი შესაცვლელია.

რაც შეეხება "იუვენტუსს", გუნდი ცოტა მოდუნებული და საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა. გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ასეთი თამაშით "იუვენტუსი" გაცილებით ძლიერ მეტოქესთან აუცილებლად წააგებდა. თუნდაც "რომასთან" ან "ნაპოლისთან", რომლებიც კლასით დღეს აშკარად აღემატებიან "როსონერის". თუმცა, ავად თუ კარგად, "იუვემ" მოიგო თასი, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ...

"იუვენტუსმა" იტალიის თასი მეთერთმეტედ მოიგო ისტორიაში, ოთხჯერ კი დუბლი შეასრულა: 1960, 1995, 2015 და 2016 წლებში. მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა და შემდეგ კითხვებსაც უპასუხა:

- უნდა შევაქო შეგირდები, რადგან მათ ყველა ღონე იხმარეს თასის მოსაპოვებლად. მეტოქემ კარგად ითამაშა, ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და ვფიქრობ, რომ ასევე დაიმსახურა გამარჯვება. ბოლო 6 კვირა ჩემს ფეხბურთელებს უმოტივაციოდ უწევდათ თამაში, რამაც მათზე ცუდად იმოქმედა. პირველ ტაიმში მეტოქე მეტს დარბოდა და თამაშსაც აკონტროლებდა. ეს იყო ფინალი, სადაც იღბალმაც უნდა გაგიღიმოს და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. კმაყოფილი ვარ, რომ გულშემატკივრები კიდევ ერთი ტიტულით გავახარეთ.

- მორატამ გადამწყვეტი გოლი შეაგდო და ხომ არ სჯობდა, რომ უფრო ადრე შეგეშვათ მინდორზე?
- დამატებით დროში დილემის წინაშე ვიყავი: მიგვეყვანა საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე თუ გაგვერისკა და შეგვეტია. მეორე ვარიანტი ავირჩიე და მინდორზე მორატა შევუშვი. საბედნიეროდ, ცვლილებამ გაამართლა და ალვარომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

- პირველად ისტორიაში, "იუვენტუსმა" ზედიზედ ორჯერ შეასრულა დუბლი: მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი...
- "იუვენტუსი" ყოველთვის მოსაგებად გადის მინდორზე და ასე იქნება მომდევნო სეზონშიც. ჩვენი მიზანია სკუდეტოს ზედიზედ მეექვსედ მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება უკეთესად გამოსვლა.

მილანი-იუვენტუსი 0:0 დ.დ. 0:1
გოლი: 0:1 მორატა (110)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, საპატა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა (112. ბალოტელი), მონტოლივო (109. მაური), პოლი (85. ნიანგი) - ჰონდა, ბონავენტურა, ბაკა
იუვენტუსი (3-5-2): ნეტო - რუგანი, ბარძალი, კიელინი - ლიხტშტაინერი (75. კუადრადო), ლემინა, ერნანესი (108. მორატა), პოგბა, ევრა (62. სანდრო) - დიბალა, მანჯუკიჩი
გაფრთხილება: საპატა, ჰონდა, ნიანგი, მაური - ბარძალი, კიელინი, რუგანი, პოგბა, მორატა
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 27-25; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-9 (6-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 70 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული