ამასობაში დეშამს თავს მორიგი პრობლემა დაატყდა: “ლელოში” სწორედ გუშინ ვწერდით, რომ “მარსელის” ექიმებმა მატიო ვალბუენას ტრავმაში საგანგაში ვერაფერი დაინახეს-თქო... ამის თქმა იყო და ფეხბურთელს სწორედ ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. “მარსელში” ამჯერად რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა “ველოდრომიდან” ერთი სასიამოვნო ამბავი მაინც გვაქვს: ორკვირიანი პაუზის შემდეგ სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიში პიერ-ანდრე ჟინიაკმა. მას მუხლის მყესები ჰქონდა დაჭიმული.
ტიგანა პოსტზე რჩება
“ბორდოს” თავკაცმა ჟან ტიგანამ ორიოდე დღის წინ განცხადება გააკეთა, სადაც ის გადადგომის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამდა, თუმცა ჟირონდული კლუბის დირექტორებმა, ჩემპიონატში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, გამოცდილ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადეს და მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამჟამად “ბორდო” ლიგა 1-ის ცხრილში მე-10 ადგილზეა. ტიგანა და მისი შტაბი მუშაობას, როგორც მინიმუმ, სეზონის ბოლომდე განაგრძობენ.