აზარი გენიოსად ყალიბდება

AutoSharing Option
წინა ტურის გამოხმაურებაშიც აღვნიშნეთ, რომ ლიგა 1-ის ბოლო ტურის შეხვედრები ისეა მიწყობილი, გულშემატკივარს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. ყოველ ტურს ერთი მძაფრი დაპირისპირება მაინც აქვს ლიდერთა "დიდი ხუთეულის" მონაწილეობით. 25-ე ტურში ასეთი იყი "ლილი"-"ლიონი", 26-ეში "მარსელი"-"ლილი", გასულ უქმეებზე "რენი"-"მარსელი", მომდევნო ტურში კი ერთბაშად ორი საინტერესო დაპირისპირებაა: "მარსელი"-პსჟ და "ლიონი"-"რენი". მოკლედ, გულშემატკივარს მოსაწყენად ნამდვილად არ სცალია.

ტურის მატჩი
"რენი"-"მარსელი" 0:2 - უბრალოდ შეუძლებელი იყო ტურის მატჩად სხვა დაგვესახელებინა. აღნიშნული დაპირისპირება პარასკევს გაიმართა. მართალია, სანახაობრივი მხარე მაინცდამაინც თვალის მომჭრელი არ იყო, მაგრამ სატურნირო
მნიშვნელობიდან გამომდინარე მაინც გამოსარჩევი იყო. "მარსელის" საჩემპიონო ამბიციები ისედაც გასაგებია, ლიგა 1-ის მოქმედი გამარჯვებული ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის, რაც შეეხება მასპინძელს, სწორედ აღნიშნულ მატჩში უნდა ჩაებარებინათ მათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდა და როგორც აღმოჩნდა "რენი" ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ეს წაგება არ ნიშნავს, რომ მათ ამბიციებს მსუყე წერტილი დაესვა, თუმცა გუნდს საკუთარი ძალების რწმენას რომ გვარიანად შეურყევდა, ვგონებ ეჭვი არავის ეპარება. დიდიე დეშამის სამწყსომ შეხვედრა კლასის ხარჯზე მოიგო. მთავარი იყო, დაცვაში ვინ უკეთ დადგებოდა. შემტევი პოტენციალით კი სტუმრები რომ აღემატებოდნენ, ეს ისედაც ცხადი იყო. "მარსელმა" ამოცანას თავი გაართვა - იშვიათი მომენტებიდან ორის რეალიზაცია შეძლო. აშკარად გამოჩნდა, რომ "რენის" თავკაც ფრედერიკ ანტონეტის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს. "ბოლო დროს ჩვენ სერიოზული პრობლემები გვქონდა. ხომ ხედავთ, ჩემი გუნდი ნამდვილად არ არის საუკეთესო ფორმაში. თუმცა დღეს ნამდვილად შევძელით უტეხი ხასიათის დემონსტრირება. სწორედ ამის წყალობაა, რომ დავამარცხეთ გუნდი, რომელსაც ლიგა 1-ში საუკეთესო დაცვა ჰყავს. კმაყოფილი ვარ თუ არა შედეგით? ეს ის სიტყვა არ არის," - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიდიე დეშამმა.

ტურის გმირი
ტურს ულაპარაკო ლიდერი ჰყავს, "ლილის" ლიდერი ედენ აზარი. მან მეტოქეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუტანა გოლი და ამით გუნდს სამი ქულა მოუტანა. ფაქტია, რომ ის თანდათან უფრო იხვეწება და ასაკის მიუხედავად ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ყალიბდება. სპეციალისტები სულ მალე მისგან ახალი სუპერვარსკვლავის დაბადებას ელოდებიან. აქვე წარმოგიდგენთ ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

რუფიე (მონაკო) - ადრიანო (მონაკო), დიავარა (მარსელი), რამი, (ლილი), ტრემულინასი (ბორდო) - აზარი (ლილი), პიანიჩი (ლიონი), ლ. გონსალესი (მარსელი), ბრიზონი (ნანსი) - ლ. ლოპესი (ლიონი), რემი (მარსელი)

ტურის გუნდი
ულაპარაკოდ მარსელის "ოლიმპიკი". თითქოს მათ განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ, არა? თუმცა უშუალოდ კონკურენტის გასვლით შეხვედრაში ასე დამაჯერებლად დამარცხება უთუოდ იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას.

ტურის გოლი
ნიცელმა ერიკ მულინგიმ "ოსერთან" შეხვედრაში ულამაზესი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მან პარტნიორის გამჭოლი გადაცემა პირველი შეხებით დაამუშავა და ისე, რომ ბურთი მიწაზე არ დაუშვია, მეორე მოუქნია და ხარიხის ქვეშ მიუჩინა ადგილი.

ტურის უიღბლოები
როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში ლიგა 1-ს ამ ნომინაციაშიც ულაპარაკო გამარჯვებული ჰყავს. ეს არის "ლიონის" თავდამსხმელი ბაფეტიმბი გომისი. ფეხბურთელი, რომელმაც ძალზე იაქტიურა, "სოშოს" კარის დარაჯ პიერიკ კროსს თუ ვინმე აწუხებდა, ეს პირველ რიგში ის იყო, თუმცა რად გინდა? მისი დარტყმულებიდან ზოგი მეკარის ნადავლი გახდა, ზოგიც კარის ჩარჩოს სანტიმეტრებში ასცდა. მას იმდენად არ უმართლებდა, რომ არა ლისანდრო ლოპესისთვის გაკეთებული შედეგიანი გადაცემა, დეპრესია ალბათ გარანტირებული ექნებოდა.
უიღბლოთა სიაში შეიძლებოდა ოსერელი ირენეუშ ელენის ჩაწერაც. მან "ნიცასთან" დაპირისპირებაში წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა - ცარიელის კარის წინ მარტო იდგა და ბურთისთვის უბრალოდ ფეხი უნდა მიერტყა. დიახ, ელენმა სწორედ ეს "მირტყმა" ვერ მოახერხა და... "ოსერი" დამარცხდა.

ტურის ციფრები
"ლორიანთან" შეხვედრაში "არლმა" ანგარიში გახსნა, თუმცა მატჩი გამარჯვებამდე ვეღარ მიიყვანა. მიმდინარე ჩემპიონატში ეს უკვე მეოთხედ მოხდა.
ლისანდრო ლოპესმა მორიგი ბურთი გაიტანა და ახლა გამოდის, რომ ის გოლს ყოველ 105 წუთში ერთხელ იტანს.

ტურის ფრაზა
"როცა პირველი ტაიმის შემდეგ შენი გუნდი 2:0-ს იგებს, ის ვალდებულია მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანოს," - კბილებში გამოსცრა "მონპელიესთან" 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ანტუან კამბუარემ.

ლევან ბიბილაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული