მაისში კარიერას დავასრულებ, მაგრამ...

AutoSharing Option
ლორან ბლანს შეუძლია მანჩესტერ იუნაიტედი გაწვრთნას


სეზონის შუაში ინგლისში დაბრუნებული რობერ პირესი გედის სიმღერისთვის ემზადება ინგლისში - "ასტონ ვილას" 37 წლის გარემარბი მაისში ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერას ასრულებს. მისი სურვილი იყო, ფეხბურთის თამაში "ნისლიან ალბიონზე" დაესრულებინა, სადაც მან 6 დაუვიწყარი სეზონი გაატარა "არსენალში". 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონ ფრანგ ფეხბურთელს ექსკლუზიური ინტერვიუ ფიფას ოფიციალურმა საიტმა ჩამოართვა.

ინტერვიუში პირესი იხსენებს თავის მრავალფეროვან კარიერას, რომელსაც ზემოთჩამოთვლილ ტიტულებთან ერთად ესპანურ "ვილიარეალში" გატარებული 4 სეზონი, უფრო ადრე კი სამშობლოში, "მეცსა" და "მარსელში"
გატარებული დრო ამშვენებს. ასაკის მიუხედავად პირესი, როცა თამაშობს, კარგად გამოიყურება მოედანზე. რაც ყოფილმა თანაგუნდელმა ეროვნულ გუნდში ლორან ბლანმაც აღნიშნა. ინგლისში კი რობერი მის თანამემამულე ჟერარ ულიეს პრემიერლიგის საგზურის შენარჩუნებაში თავისი გამოცდილებითა და კლასით უნდა დაეხმაროს.

- 37 წლის ასაკში პროფესიონალი ფეხბურთელი ისევ ისე უყურებს თავის საქმეს, როგორც, დავუშვათ, 23 წლის ასაკში?
- მე ზუსტად მასე ვარ. ვარჯიშები ისეთივე სიამოვნებას მანიჭებს, როგორც ყოველთვის მანიჭებდა. მონდომება ისევ ჩემთანაა, არსად დაკარგულა. ინგლისში იმიტომ ჩამოვედი, რომ ბუნებით მებრძოლი ვარ. მინდა ჩემი გამოცდილება გუნდის ახალგაზრდა წევრების გავუზიარო.

- ეს გამოცდილება თუ გეხმარებათ კარიერის მიწურულს?
- თქმა არ უნდა, ახლა გაცილებით მომთმენი და მშვიდი ვარ. ახლა უკვე კარგად ვიცი, როგორ გავანაწილო ჩემი ენერგია ვარჯიშებსა და მატჩებში. კარიერის ბოლო ნიშნულს ვუახლოვდები და მინდა, დავტკბე ჩემი თამაშით. ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა 32-33 წლის ასაკში დაასრულა თამაში, მე კი გადავწყვიტე საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე დახარჯვა. ვიცი, რომ მაისში ყველაფერი შეიძლება დასრულდეს და ამისთვის მზად ვარ, მაგრამ იმ დროს რომ გამოჩნდეს ახალი პერსპექტივა, მწვრთნელი, რომელიც მენდობა, მზად ვარ კიდევ შევებრძოლო ასაკს.

- "ვილიარეალიდან" წასვლის შემდეგ "ასტონ ვილა" აირჩიეთ, რატომ?
- ძალიან მინდოდა ლონდონში დაბრუნება, ან სადმე ლონდონთან ახლოს. არსენ ვენგერმა მომცა უფლება "არსენალთან" ერთად მევარჯიშა
და იქ მე სექტემბრიდან ნოემბრის შუამდე პერიოდი გავატარე. შემდეგ კი ჟერარ ულიემ დამირეკა და ჩვენ შევხვდით, ულიე ვენგერსაც გაესაუბრა და ასე ავღმოჩნდი "ასტონ ვილაში".

- და როგორ მიდის საქმეები? როგორც ვატყობთ, არცთუ კარგად - "ვილა" გავარდნის პირასაა, თქვენ კი არცთუ ხშირად გიწევთ თამაში...
- რთული სეზონია კლუბისთვის. არასდროს არ არის ადვილი, როცა ჩემპიონატის მსვლელობისას იცვლება მწვრთნელი. ულიე ცდილობს, "ლივერპულში" და სამშობლოში შეძენილი გამოცდილება მოახმაროს კლუბს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. რაც შეეხება ჩემს თამაშს, კარგად ვიცი, რატომ მომიწვიეს "ასტონ ვილაში". უმთავრესად სათასო მატჩებში ვმონაწილეობ, აქ რომ მოვდიოდი, კარგად ვუწყოდი, რომ ყოველ მატჩში მინდორზე გასვლა არ მომიწევდა. მე რომ 23 წლის ვიყო, ეს არ მომეწონებოდა, მაგრამ ახლა ჩემი როლით კმაყოფილი ვარ, მე გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სამაგალითო ფეხბურთელი უნდა ვიყო. კლუბში ყველაფერი კარგადაა, ხოლო "ვილა პარკზე" მუდამ ფანტასტიკური ატმოსფეროა.

- თქვენ საუბრობთ ახალგაზრდებისთვის სამაგალითოობაზე, გამოცდილების გაზიარებაზე, როგორ ახერხებთ ამას?
- ახალგაზრდები ხშირად რჩევებს მეკითხებიან, მაკვირდებიან როგორ ვვარჯიშობ, ყოველთვის ვუხსნი მათ, რა არის მათთვის კარგი და რა არა, ისინიც მისმენენ, სჯერათ ჩემი. ეს მწვრთნელის დავალებაცაა.

- და როგორია თქვენი გეგმები?
- გეგმები? მაისში ფეხბურთს თავს ვანებებ. თუმცა არ გამოვრიცხავ ისეთ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც სადმე სხვა კონტინენტზე მოვსინჯავ ძალებს. არ გამოვრიცხავ ყატარში ან ამერიკაში თამაშს, თუმცა გეგმის მიხედვით, 2 თვეში კარიერა უნდა დავასრულო. ამას წინათ ავსტრალიიდანაც მივიღე მიწვევა. მოკლედ, სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ დავფიქრდები, ხომ არ ავჩქარდი.

- და, თუ კარიერის გაგრძელება გადაწყვიტეთ, რისი მიხედვით აირჩევთ ახალ კლუბს.
- როცა ფილადელფიელებს უარი შევუთვალე, ხალხმა ცუდი რაღაცები დაწერა, თითქოს, მე ქალაქი დავიწუნე, იმ ქალაქში საერთოდ არ ვარ ნამყოფი და როგორ დავიწუნებდი, სპორტული ჟინის გარდა, არაფერი მამოძრავებს. "ასტონ ვილაში" მატჩიდან მატჩამდე ძალიან დაბალ ხელფასს მიხდიან, ასე რომ, ფულის გულისთვის რობერ პირესის არსად არ წავა.

- რა არის თქვენი კარიერის ხანგრძლივობის რეცეპტი?
- ერთი მიზეზი არაა. კარიერაში ორჯერ გადავიტანე მუხლის რთული ოპერაცია. ვთვლი, რომ გამიმართლა - სხეული ჯერ კიდევ მაძლევს მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას. რეჟიმს ყოველთვის ვიცავ, ვიცი რისი ჭამა შეიძლება. სხეულს ისე ვუვლი, როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდს. როცა ასაკში შედიხარ, თავის მოვლა მნიშვნელოვანი ხდება, 10 წლის წინათ დილის 5-მდეც შემეძლო არ დამეძინა, ახლა ეს რომ გავაკეთო, ერთი კვირა წყალში ჩამეყრება.

- "არსენალის" შემდეგ 4 სეზონი "ვილიარეალში" გაატარეთ, თქვენ კარგად იცნობთ "ბარსელონას" თამაშს, რომელიც ბოლო დროს "არსენალის" გამამწარებელია. შეიძლება ამ ორი გუნდის შედარება?
- უეჭველია, რომ ევროპაში "ბარსაზე" უკეთესი გუნდი არ არსებობს. ინდივიდუალურად და კოლექტიურად "ბლაუგრანა" დამანგრეველი ძალის გუნდია. მიყვარს მათი ფეხბურთი, ლამაზი და ადვილად აღსაქმელი. "არსენალის" წინააღმდეგ "ბარსა" ყოველთვის თავდაჯერებულად თამაშობს, ეს კი კიდევ ერთი პლუსია.

- საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ, გუნდში გარდამავალი პერიოდია?
- დიახ და მადლობა ღმერთს. მოდი, ყველამ მიანდოს საქმის კეთება ლორან ბლანს. მან კარგად იცის, რა სურს, როგორი გუნდის აშენება და საამისოდ დრო ესაჭიროება. ის საშინელება, რაც სამხრეთ აფრიკაში გადაგვხდა, დავიწყებულია. ეს უკვე კარგი დასაწყისია. გუნდი წინ მიდის, მოდი, ბლანს ჯერ ნუ გავაკრიტიკებთ, მუშაობა ვაცალოთ.

- შეუძლია "ლე ბლეს" კარგი თამაშით დაიბრუნოს ფანების კეთილგანწყობა?
- საშუალო სტატისტიკურ ფანს მხოლოდ შედეგი ანაღვლებს. ამიტომ "ლე ბლეს" მოგებები სჭირდება გულშემატკივართა შემოსარიგებლად. ვფიქრობ, ლორანი ამ პრობლემას ევრო 2012-ისთვის მოაგვარებს.

- ბლანს კარგად იცნობდით, როგორც ფეხბურთელს. როგორი მწვრთნელია ის?
- ძალიან ბუნებრივი. ის ბუნებით ლიდერია. მისი წარმატების არ მიკვირს. მალე შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცადაც მოგვევლინოს. ამდენად კარგი მწვრთნელია ლორანი.

დოსიე
რობერ ემანუელ პირესი
დაიბადა: 1973 წლის ოქტომბერში რეიმსში
კლუბები: მეცი, მარსელი, არსენალი, ვილიარეალი, ასტონ ვილა
საფრანგეთის ნაკრები: 79 თამაში, 14 გოლი
სატრანსფერო ფასები: 5 მილიონი ფუნტი (მეცი-მარსელი), 6 მილიონი (მარსელი-არსენალი)
ტიტულები: საფრანგეთის ლიგის თასი, პრემიერლიგა (2-ჯერ), ასოსიაციის თასი (3-ჯერ), მსოფლიოს ჩემპიონი (1998), ევროპის ჩემპიონი (2000), კონფედერაციის თასი (2-ჯერ), ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი, საფრანგეთის რაინდი (1998), პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (3-ჯერ), კონფედერაციის თასის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი, ფიფა-100-ის წევრი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული