დედაქალაქი სამეულისთვის იბრძვის

AutoSharing Option
მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მეხუთე ადგილზე მყარად დამკვიდრებულ პსჟ-ს სეზონის ბოლომდე ერთადერთი ამბიცია აქვს, როგორმე მოახერხოს და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი მაინც ჩაიგდოს ხელთ. ჩემპიონობა რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, ამას დედაქალაქელები უკვე რა ხანია მიხვდნენ. ამისთვის მათ “პარკ დე პრენსზე” “ლორიანის” დამარცხება მოუწევთ. ანტუან კომბუარეს გუნდს ჩემპიონატის ზედიზედ სამი შეხვედრა დაუგროვდა მოუგებელი, ამ პერიოდსვე დაემთხვა ევროპის ლიგიდან და საფრანგეთის თასის 1/4-ფინალიდან გამოვარდნაც.

ერთი სიტყვით, პსჟ-ს ფეხბურთელებში არცთუ სასიამოვნო ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. ამ ყველაფერის გამოსასწორებლად დღეს მასპინძლებს უეჭველად გამარჯვება მართებთ. სწორედ ამას აცხადებდა ტრავმამოშუშებული
მეკარე გრეგორი კუპე, რომ მის გუნდს სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დარჩა გარდა გამარჯვებისა.

“პსჟ-მ საშინელი მარტი გადაიტანა. ახლა კი დრო მოვიდა, რომ დარჩენილ მატჩებში სამ-სამი ქულა ავიღოთ, მით უფრო, როცა შინ ვთამაშობთ. თუკი გვინდა, რომ სამეულში მოვხვდეთ, ეს გეგმა უნდა შევასრულოთ. უპირველესად, ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად არის აუცილებელი. შეცდომის უფლება უკვე აღარ დაგვრჩა, რადგან ხუთთამაშიანი მოუგებელი სერია უკვე ნამეტანია, ამას წერტილი უნდა დავუსვათ. გრძელი დისტანციის მხოლოდ პატარა მონაკვეთი დაგვრჩა გასავლელი, დღეიდან ყოველი დარჩენილი შეხვედრა ფინალივით არის, დაძაბული და მნიშვნელოვანი. ყოველი დაპირისპირების წინ კონკრეტულ მატჩზე უნდა ვიფიქროთ,” - დასძინა კუპემ.

რაც შეეხება “ლორიანს”: ამ გუნდმა ბოლო 6-დან 4 შეხვედრა მოიგო და შესანიშნავი სერიის გაგრძელებაზე უარს არც ახლა იტყვის. თანაც, მათ შესანიშნავი მოგონებები აკავშირებთ “პარკ დე პრენსთან” - შარშან “ლორიანმა” ყველაზე ხმაურიანი გასვლითი მატჩი სწორედ ამ არენაზე მოიგო 3:0 (ვაირუა, გამეირო, ამალფიტანო). პსჟ-“ლორიანის” დაპირისპირებებში ტრადიციულად ძალიან ბევრი გოლი გადის, (საშუალოდ 4,2), რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მათ მატჩებს.

კომბუარეს კოლექტივს ნახევარმცველი კლემენ შანტომი, თავდამსხმელები პეგი ლუინდულა და ჟან-ედ მორისი დააკლდებიან. ამ უკანასკნელს ნაკლებად საფეხბურთო პრობლემები აქვს, სიბრძნის კბილი ამოიღო და ყბა გასიებული აქვს. კრისტიან გურკუფის გუნდი შემტევ ტაქტიკას ანიჭებს უპიტატესობას, თუმცა ბოლო 4-დან 3 მატჩი მათ უგოლო ფრეებით დაასრულეს.

“ტულუზისა” და “მონპელიეს” მატჩს ის ინტრიგა აქვს, რომ წაგებული გუნდი პრაქტიკულად თავს ანებებს ევროპის ლიგაზე მოხვედრის ოცნებას. თუკი ცხრილს თვალს გადაავლებთ, მიხვდებით, რომ მსგავსი სხვაობის აღმოფხვრას დარჩენილ ტურებში ეს გუნდები ნამდვილად ვეღარ შეძლებენ. “ტულუზს” ნამდვილად შეეძლო წინა ტურში გამარჯვება, მაგრამ პირველ ტაიმში თავდამსხმელმა ფედერიკო სანტანდერმა კარგი მომენტები ვერ გამოიყენა, საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე კი მაურო ჩეტომ საკუთარი კარი დალაშქრა.

“ძალიან გაბრაზებული ვარ, - განაცხადა ნამატჩევს “მონპელიეს” თავკაცმა ალან კაზანოვამ, ვინც სწორედ ამ დღეებში გააფორმა კლუბთან ახალი ხელშეკრულება. - გვქონდა რამდენიმე შანსი, რათა მეორე გოლი გაგვეტანა, მაგრამ... საშინელებაა, როცა თამაშს იგებ და 3 ქულას დამთავრებამდე წამებით ადრე უშვებ ხელიდან, მაგრამ ამაში ვერავის დავადანაშაულებ, ყველაფერი ჩვენვე გავაფუჭეთ. მრცხვენია ფანების, რადგან რომ არა ბოლო წამები, ჩვენ ახლა მე-6 ადგილზე ვიქნებოდით და დარჩენილ მატჩებს მეტი ხალისით შევხვდებოდით. პირად ბრალს კი იმაში ვხედავ, რომ ჩემი გუნდი ისე სწრაფად არ იზრდება, მე რომ მინდა”. “წარმოუდგენლად ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის ერთადერთი გამართლება ჩვენი ახალგაზრდობაა, - ამბობს საფრანგეთის ნაკრების წევრი მუსა სისოკო. - ასეთი გაკვეთილები საჭიროა, რომ გავიზარდოთ, რათა მომავალში მსგავსი არაფერი განმეორდეს”.

“ნიცა”-“ლიონის” წყვილში საინტერესო ის არის, რომ ამ გუნდებს მარტში თამაში არ წაუგიათ (ლაპარაკი არ არის ევროპულ ტურნირებზე). სტუმართა წაუგებელი სერია, რა თქმა უნდა, უფრო დიდია, ის აგერ უკვე 22 მატჩს ითვლის. ასე რომ, ინტრიგა სახეზეა. “ლიონი” საჩემპიონო რბოლაშია ჩაბმული და ყოველი დაკარგული ქულა “ლილის” ბანაკში ზეიმის წინაპირობას უფრო საფუძვლიანს ხდის. "სტად დე ჟერლანის” მკვიდრებს ეს მშვენივრად ესმით. “ნიცას” კი თავისი პრობლემები აქვს, გასავარდნი ზონისგან მაქსიმალურად დაშორება სურს. მასპინძლებს მოგების შემთხვევაში შანსი აქვთ, რომ მე-11 ადგილზეც კი გადაინაცვლონ.

“ნიცას” მცირე ტრავმის შემდეგ მცველი ფრანსუა კლერი უბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ საზარდულის ტრავმების შემდეგ ვარჯიში განაახლეს, საეჭვოა მინდორზე ვიხილოთ ნახევარმცველები დიდიე დიგა და შაუკი ბენ საადი. პოსტოპერაციული მკურნალობის კურსი არ დაუსრულებია დავიდ ელებუიკს. “ლიონის” თავკაც კლოდ პიუელს კი ტრავმები ნაკლებად აწუხებს. უკვე რა ხანია ცნობილი იყო, რომ ის მიშელ ბასტოსს ვერ დაიხმარებდა. სხვა დანაკლისი საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონებს არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ პიუელსა და კლუბის პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლას შორის იდეალური ურთიერთობები არ არის, ამ უკანასკნელმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში “რეალთან” 3:0 წაგების მიუხედავად, მწვრთნელის გუნდიდან გაშვების საფუძველს უბრალოდ ვერ ხედავს.


დღეს:
არლი-მონაკო 21:00
ლილი-კაენი 21:00
ნანსი-ბორდო 21:00
პსჟ-ლორიანი 21:00
რენი-ოსერი 21:00
სოშო-ბრესტი 21:00
ტულუზი-მონპელიე 23:00

ხვალ:
ნიცა-ლიონი 19:00
სენტ ეტიენი-ვალანსიენი 19:00
ლანსი-მარსელი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 28 15 10 3 49:27 55
2. მარსელი 28 14 9 5 41:24 51
3. რენი 28 14 8 6 32:21 50
4. ლიონი 28 13 10 5 47:26 49
5. პსჟ 28 12 9 7 42:30 45
6. სტ. ეტიენი 28 10 9 9 35:33 39
7. მონპელიე 28 10 9 9 24:30 39
8. ბორდო 28 9 11 8 37:34 38
9. ლორიანი 28 10 8 10 35:34 38
10. ტულუზი 28 11 4 13 29:30 37
11. სოშო 28 10 5 13 40:35 35
12. ბრესტი 28 9 8 11 28:32 35
13. კაენი 28 9 8 11 31:38 35
14. ნანსი 28 10 5 13 30:41 35
15. ნიცა 28 8 10 10 19:28 34
16. ვალანსიენი 28 7 12 9 33:31 33
17. ოსერი 28 6 14 8 32:34 32
18. მონაკო 28 5 14 9 26:29 29
19. ლანსი 28 6 10 12 28:42 28
20. არლი 28 1 9 18 16:55 12




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული