ლილმა სტადიონი გაავსო

AutoSharing Option

“ლილი” საფრანგეთის ლიგა1-ის სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად უდგას სათავეში. უკანასკნელი საშინაო დაპირისპირება ჩრდილოთ საფრანგეთის მკვიდრებს 29 მაისს “რენის” წინააღმდეგ უწევთ. თუკი დღევანდელი სტატუს-კვო შენარჩუნდა, გუნდს ჩემპიონობის განაღდება სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში შეეძლება. "ლილი” ამჟამად 18 ათასიან “ვილნევ დ’ასკეზე” ასპარეზობს. მომავალი წლიდან კი ის 50 ათასიან “გრან სტადზე” გადაბარგებას გეგმავს.

ტიგანა და კარასო რჩებიან
“ბორდოს” პრეზიდენტმა ჟან-ლუი ტრიომ დაადასტურა, რომ კლუბის მმართველებს ჟან ტიგანას მიმართ ნდობის ვოტუმი არ ამოწურვიათ და არ აპირებენ ზეგამოცდილი სპეციალისტის გუნდიდან გაშვებას. ჟირონდელები ამჟამად ცხრილში მე-8 ადგილზე არიან და
დიდი შანსია, მომავალი სეზონისთვის ევროტურნირების გარეშე დარჩნენ.
“ბორდოს” მეკარე სედრიკ კარასომ ბოლო მოუღო სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ თითქოს მას გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდეს. ეს ფეხბურთელი “შაბან დელმაზე” 2009 წელს გადავიდა სათამაშოდ და მაშინვე განაცხადა, რომ სურდა იქ რაც შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო. “მერე რა, რომ ეს სეზონი წარუმატებელია? ეს სამომავლოდ მეტი მუშაობისკენ მიბიძგებს. მინდა, რომ რაც შეიძლება მალე გადავფურცლოთ ისტორიის ეს გვერდი,” – თქვა კარასომ.

გიანი უკან საფრანგეთში?
“ლიონს” “სანდერლენდის” განელი თავდამსხმელის, 25 წლის ასამოა გიანის შეძენა უნდა. შეგახსენებთ, რომ აფრიკელი 2008/10 წლებში საფრანგეთში, კონკრეტულად კი “რენში” საკმაოდ კარგად ასპარეზობდა. მისი ტრანსფერი ინგლისელებს 13 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. “ლიონი” კი მზადაა, ფეხბურთელში 10 მილიონი გაიღოს და პლუს ერთი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებიც დათმოს.

კოკა-კოლამ რუნის უგანა
ამერიკული გიგანტი “კოკა-კოლა” უეინ რუნისთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, ეს კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე დაადასტურეს. მათი თქმით ამისთვის უკვე მრავალი მიზეზი დაგროვდა და ფეხბურთელის იმიჯი უკვე იმდენად შელახულია, რომ მისი სარეკლამო სახედ გამოყენება უკვე აღარ არის მომგებიანი. შარშან, როცა უეინის მეუღლე კოლინი ფეხმძიმედ იყო, პრესამ მას მეუღლის ღალატში დასდო ბრალი და ეს ფაქტი მოგვიანებით დადასტურდა კიდეც, რის გამოც რუნიმ ბოდიში მოიხადა. მაშინ ამერიკელებმა განაცხადეს, რომ ფეხბურთელთან თანამშრომლობას გააგრძელებდნენ. თუმცა ამას სხვა სკანდალები მოჰყვა. ალბათ იცით, რომ რუნი რამდენჯერმე საჯაროდ დააფიქსირეს, როცა სიგარეტს ეწეოდა, შემდეგ კი მთლად უარესი მოხდა და პაპარაციმ ის მაშინ “დაიჭირა”, როცა ნასვამი შუა ქუჩაში იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებას. ყოველივე ამან და ბოლო ტურში “ვესტ ჰემთან” ჰეთთრიკის შემდეგ კამერაში საჯაროდ გინებამ, ეტყობა, “კოკა-კოლას” ბოსების მოთმინებას წერტილი დაუსვა.

იუვე მონტოლივოს უახლოვდება ტურინის “იუვენტუსი” “ფიორენტინასგან” ცენტრალური ნახევარმცველის რიკარდო მონტოლივოს შეძენას გეგმავს. როგორც “ტუტუმერკატო” გვამცნობს, მხარეები უკვე დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ტურინელთა ხელმძღვანელობა რიკარდოში ალბერტო აკვილანის შემცვლელს ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სამშობლოში დარჩენა უნდა, “ლივერპული” ფეხბურთელის იჯარით გაშვებას მომავალ სეზონში უკვე აღარ აპირებს. მონტილივო 18 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა “იუვეში” იმედი აქვთ, რომ ფლორენციელები ნაკლებ თანხასაც დასჯერდებიან.

ზეედორფი კორინთიანში?
ცოტა უცნაური იდეა მოუვიდათ ბრაზილიური “კორინთიანის” ხელმძღვანელებს. მათ “მილანის” 35 წლის ნახევარმცველის კლარენს ზეედორფის გადაბირება სურთ. ზაფხულზე ჰოლანდიელს “როსონერისთან” კონტრაქტი ეწურება და “მილანი” მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს. “კორინთიანსის” მხრიდან მოლაპარაკებათა პროცესში რონალდო მონაწილეობს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კლარენსის გადაწყვეტილებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეედორფის მეუღლე ბრაზილიელია და ფეხბურთელი დასასვენებლად ამ ქვეყანას ხშირად სტუმრობს ხოლმე. “გლობე ესპორტეს” ცნობით, ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდო “მილანის” ბაზაზე მეგობარსა და ყოფილ თანაგუნდელს უკვე შეხვდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული