ტურის მატჩი
პსჟ-“ლიონის” დაპირისპირება ფრანგულმა გაზეთებმა პსჟ-“მარსელის” მატჩებს გაუთანაბრეს და საერთო ფრანგულ დერბად მონათლეს. თუმცა იყო საშიშროება, რომ დაპირისპირება ტურის იქ¬ა¬მდე ჩატარებული შეხვედრების ჩრდილში მოქცეულიყო. საბედნიეროდ მოლოდინი არ გამართლდა და “პარკ დე პრენსზე” გამართულმა “ომმა” XXXI ტურის უმთავრესი სათქმელი თქვა. ვერ ვიტყვით, რომ გუნდებმა რამე განსაკუთრებული სანახაობა შემოგვთავაზეს.
შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ის, რაც მინდორზე ხდებოდა, მიმზიდველი არც იყო, მაგრამ იყო საოცრად დძაბული და ამაში უმთავრესი როლი ბოლომდე შეუვსებულმა, მაგრამ მაინც მოგუგუნე სტადიონმა ითამაშა. გასაკვირი ამაში ალბათ არც არაფერი
დაძაბულ შეხვედრებს იდეალურ შემთხვევაში უხეშობამდე მისული ხისტი თამაში, შეცდომები (ფეხბურთელთა თუ მსაჯების მხრიდან) ახასიათებს. ასე იყო ყველაფერი ამ ჯერზეც. შედეგად მივიღეთ მშვენიერი პროდუქტი: ხარისხიანი ფეხბურთი. შეხვედრაში უმთავრესი შეცდომა უგო ლორისმა დაუშვა, ვინც გამოსვლაზე გილემ ოაროსთან ორთაბრძოლა წააგო და შედეგად ცარიელ კართან ლუდოვიკ ჟიული და ზუმანა კამარა გაჩნდნენ, მათთვის ხელის შეშლა უკვე ვეღარავინ შეძლო. ყოველივემ ამან კი შედეგად ის მოიტანა, რომ საჩემპიონო მარათონს ორადორი გუნდი შერჩა, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის დაპირისპირებას, იქ უფრო გამწვავდა და ეჭვი გვაქვს, რომელიმე საფეხბურთო ექსპერტმა შედეგები წინასწარ შეუცდომლად განჭვრიტოს.
აი, რა თქვა მატჩის დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა: “ჩემმა შეგირდებმა დიდებული მატჩი ჩაატარეს. ჩვენ მართლა დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. პარიზის ოცნება მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაზე ისევ ცოცხალია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, მათი დიდი წყალობაა, რომ ეს შედეგი მივიღ¬ეთ”.
ტურის გმირი
“სენტ ეტიენის” ლიდერმა დიმიტრი პაიემ, მისი გუნდის მსგავსად, ჩემპიონატი განსაკუთრებული რიხით დაიწყო, რაღაც ეტაპის შემდეგ კი ნელ-ნელა პოზიციები დათმო. “ნანსისთან” შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრების 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი “დიდ ავიაციას დაუბრუნდა” და მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. მასზე დიდი წვლილი გუნდის წარმატებაში არავის შეუტანია, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ტურის ფეხბურთელად დასახელდა. რახან ლაპარაკი ამ ფეხბურთელზე ჩამოვარდა, გეტყვით, რომ ინგლისური პრესის ცნობით, დიმიტრიმ “ჩელსის”, “ლივერპულისა” და “სანდერლენდის” ყურადღება მიიპყრო. სავარაუდოა, რომ ფეხბურთელი სეზონის ბოლოს სწორედ ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება.
აქვე ტურის სიმბოლური ნაკრების დასახელების დროც მოვიდა:
კუპე (პსჟ) - კამარა (პსჟ), სავიჩი (ბორდო), დუდკა (ოსერი) - პაიე (სტ. ეტიენი), მარტენი (სოშო), რუდე (ლანსი), ამალფიტანო (ლორიანი), მუნიე (ნიცა) - გამეირო (ლორიანი), მაიგა (სოშო)
ტურის გოლი
რენატო სიველიმ “მონაკოს” უბრალო, მაგრამ ლამაზი გოლი გაუტანა. ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს კარის ხაზიდან 15 მეტრში თავი დაუხვედრა და ის შორეულ მაღალ კუთხეში გაახვია. ასეთი დარტყმების აღება უბრალოდ შეუძლებელია და პრინციპში, ასე რომ დაარტყა, უბრალოდ უნდა გამოგივიდეს კიდეც.
ტურის გუნდი
“ოსერმა” მატჩი მისთვის ჩვეულ მანერაში ჩაატარა. დიდი ძალებით იცავდა თავს და გოლის გატანას კონტრშეტევებზე ცდილობდა. ჟან ფერნანდესის გუნდი მეკარე ოლივიე სორინმა რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კარიდან 30 მეტრში ერთბაშად ორი ფეხბურთელის მიერ წესების დარღვევა “ტულუზს” ძვირი დაუჯდა. დარიუშ დუდკამ მეკარისგან ახლო მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი. მატიო ვალვერდეს შეცდომა აშკარა იყო, თუმცა ამით ოსერელთა სიხარულს მისხალიც არ მოჰკლებია. ამ გამარჯვებით ბურგუნდიელებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.
ტურის მოვლენები
“ლილმა” ისევ ვერ მოიგო და ეს უთუოდ უნდა მივათვალოთ ტურის მოვლენებს. რუდი გარსიას შეგირდები ბოლო ორ შეხვედრაში ტრადიციულ, მაგრამ წელს, რეალურად, არაფრისმაქნის გუნდებს, “მონაკოსა” და “ბორდოს” დაუპირისპირდნენ და მათთან კინკილა ქულას გამოჩნენ. აშკარაა, თუკი ჯერ კიდევ ცხრილის ლიდერები გონს არ მოვლენ, უკეთეს შემთხვევაში ჩემპიონობას ისინი 2012 წელს თუ იზეიმებენ. გასათვალისწინებელია, რომ “ლილს” ჩემპიონატის გარდა საფრანგეთის თასის 1/2-ფინალში “ნიცასთან” გასვლითი მატჩიც აქვს, რაც კიდევ უფრო ართულებს ჩრდილოელთა მდგომარეობას.
გულის ფანცქალით ველოდით-თქო, რომ დავწეროთ, ტყუილი გამოვა, მაგრამ ეს რომ მოხდებოდა ყველა ხვდებოდა. დიახ, მოხდა ის, რაც უკვე პირველი წრის შემდეგ უკვე ყველამ იცოდა - “არლი” გავარდა. გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გაინაღდა ლიგა 2-ის საგზური. ფრანგი ჟურნალისტები ჯერ კიდევ ზამთარში ხუმრობდნენ, ლიგიდან გასავარდნი სულ 2 გუნდის სახელის გარკვევაღა გვჭირდებაო.
“ლანსმა” გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გაუცრუა მოლოდინი და იმედი, რომ “არლს” კვალში არ გაჰყვება, უკვე ძალიან ცოტა დარჩა. არადა, ლასლო ბოლონის ბიჭები კარგად თამაშობდნენ, ფანები ბოლომდე მხარში ედგნენ, მაგრამ... გუნდმა მომენტების რეალიზაცია ვერ ისწავლა. ფეხბურთში კი ქულა მხოლოდ გატანილი ბურთებს მოაქვს. წარმოიდგინეთ, მარტო ისაამ ჟემაამ ხარიხას ორჯერ გაარტყა ბურთი.
თუკი “ლანსმა” გუნდურად დააგროვა უამრავი გაფუჭებული მომენტი, “ლორიანის” ლიდერმა კევინ გამეირომ ამისთვის ინდივიდუალურად იზრუნა. მას ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლო “რენის” დასამარება. სამაგიეროდ 51-ე წუთზე გოლი მან საკმაოდ რთული მდგომარეობიდან შეაგდო.
ტურის ფრაზა
“აშკარაა, რომ ის ერთი ქულა, რაც “ბრესტთან” დავიმსახურეთ, არ იყო საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა შეგვმთხვეოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ისიც აშკარაა, რომ ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ ცოცხალია და იბრძვის,” - თქვა “ლანსის” პრეზიდენტმა ჟერვი მარტელმა.