“აუცილებელია, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ჩვენს გულშემატკივარს სიმართლე ვუთხრათ. სიმართლე კი ეს არის: თუკი ლისანდრო ლოპესი ინგლისიდან ან ესპანეთიდან სარფიან წინადადებას მიიღებს და მოისურვებს ჩვენს დატოვებას, ამაში ხელს ვერ შევუშლით. ჩვენ მის შენარჩუნებას ვერ მოვახერხებთ და ამისი უფლება არც გვექნება. არიან გუნდები, ვისთან კონკურენციაც ფინანსური თვალსაზრისით არ შეგვიძლია. გაუმართლებელი იქნება ისიც, თუკი გუნდში დავტოვებთ მოთამაშეს, რომელსაც
თუკი ლისანდრო საფრანგეთს დატოვებს, და როგორც ჩანს, ამის შანსები საკმაოდ მაღალია, კლუბი მისი შემცვლელის შეძენას უკრაინაში შეეცდება. ლაპარაკია დონეცკის “შახტარის” ცენტრალური თავდამსხმელის, 24 წლის ლუიშ ადრიანოს მიმართ ინტერესზე. თავად ფეხბურთელი მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების წინააღმდეგი არ არის. ამასწინათ მან ბრაზილიელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ: “შახტარში” სიამოვნებით ვითამაშებდი 2-3 წელი. შემდეგ კი ნამდვილად მინდა ძალები ევროპის ელიტური ლიგებიდან რომელიმეში მოვსინჯო. საფრანგეთი? რატომაც არა?! მშვენიერი ადგილია ბურთის გემრიელად გასაგორებლად”. “შახტარის” ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უარს აცხადებს წამყვანი ფეხბურთელის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ კომენტარზე.
ეს ინფორმაცია ისევ და ისევ “ლიონს” ეხება... სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო, ფრანგულმა გაზეთებმა რომ დაწერეს, “სტად დე ჟერლანის” ლეგენდას, დამსახურებულ ვეტერანს, 36 წლის ჟუნინიო პერნამბუკანოს საყვარელ კლუბში დაბრუნება უნდაო. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის აგვისტოდან ის ყატარულ “ალ გარაფში” ასპარეზობს. აი, გუშინ კი სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა. ბრაზილიის ნაკრების ყოფილ წევრს “ვასკო და გამა” იწვევს და ფეხბურთელს გულმა სამშობლოსკენ გაუწიაო. ეს ამბავი უკვე “გლობომ” დაწერა. ნახევარმცველის მიერ არაბებთან დადებულ კონტრაქტს ვადა ივნისში გასდის. ვისზე შეჩერდება მისი არჩევანი, ამას ალბათ მალევე შევიტყობთ. ფრანგული კლუბი ფეხბურთელს, ვინც “სტად დე ჟერლანზე” 8 წელიწადი გაატარა, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ “ლიონის” ადმინისტრაციაში დასაქმებას ჰპირდება, ამ პირობამ შეიძლება გადაწონოს კიდეც “ვასკო და გამას” შეთავაზება. გეტყვით, რომ ჟუნინიოს ამ კლუბზეც დიდი ამაგი აქვს. 1994-დან 2001-მდე ის სწორედ “ვასკოში” ირიცხებოდა, სადაც 111 შეხვედრა გამართა და 24 გოლი გაიტანა.
რახან ჩვენს რუბრიკას სახელად “ფრანგული ტრანსფერები” შევუჩიეთ, ბუნებრივია, “ლიონის” გარდა სხვა სალაპარაკო თემაც უნდა გვქონდეს. ასეცაა. ორიოდე სიტყვით პსჟ-ს შევეხებით. “ფრანს ფუტბოლის” ცნობით, “არსენალს” პსჟ-ს 21 წლის ცენტრალური მცველის მამადუ სახოს შეძენა სურს და ამ მიზნით 15 მილიონი ევრო აქვს გამზადებული. იმავე გამოცემის მტკიცებით, არსენ ვენგერის გეგმა ცოტა გულუბრყვილოა, რადგან პარიზელები პერსპექტიულ ფეხბურთელში ამ თანხას ნადვილად არ დასჯერდებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი ფრანგულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ხელმძღვანელობა მოლაპარაკებათა მაგიდიდან უმალ ადგება და ფეხბურთელის ტრანსფერს ვეტოს დაადებს. სახოს მიერ პარიზელებთან დადებულ კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდის.
“სენტ ეტიენისა” და საფრანგეთის ნაკრების 24 წლის საყრდენი ნახევარმცველის დიმიტრი პაიეს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ამ ბოლო ხანს ბევრი იწერება. მათ შორის გავრცელდა ხმები, რომ მისით პსჟ იყო დაინტერესებული. გუშინ “პარკ დე პრენსის” მკვიდრებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს, სადაც კატეგორიულად უარყვეს კლუბის დირექტორის ალენ როშის ფეხბურთელთან შეხვედრისა და მოლაპარაკების დაწყების ფაქტი.