“ლანსმა” “ლორიანთან” მატჩი შეტევებით დაიწყო. თუმცა გოლი სტუმართა პირველივე სერიოზულ მცდელობას მოჰყვა - ვინ გაიტანდა, თუ არა კევინ გამეირო, თავდამსხმელი, ვისაც ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მუსა სოვი
მატჩის ბოლოს მოხდა ის, რამაც “ლანსი” ლიგა 2-ის საგზურის გაფორმების რეალურ კანდიდატად აქცია. “ლორიანის” 20 წლის სწრაფმა გარემარბმა ჟილეს სუნუმ მეტოქის საჯარიმოში გამეირო მონახა და მანაც მშვიდად გაათანაბრა ანგარიში. ლიგა 1-ის ერთ-ერთმა უმთავრესმა ვარსკვლავმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავის გუნდს პენალტიც მოუპოვა, რომელიც გოლად მორგან ამალფიტანომ გარდასახა.
თამაშის დასრულების შემდეგ ფრანგი ჟურნალისტები ლამის ერთხმად სვამდნენ შეკითხვას, მერამდენედ უნდა გადახდეს “ლანსის” თავს მსგავსი ისტორიაო. საქმე ის არის, რომ ლასლო ბოლონის შეგირდებს შეუძლიათ კარგად თამაში, მაგრამ კონკრეტულ მომენტში ისინი მთლიანად კარგავენ კონცენტრაციას და რა შედეგსაც იმკიან, ამის ნახვა ცხრილში შეგიძლიათ.
ტურის გმირი
სიმართლე ითქვას, ტურის გმირის დასახელება ძნელი სულაც არ ყოფილა. ის, რომ პარიზულმა კლუბმა ნენეს სახით კარგი ფეხბურთელი შეიძინა, ამის თქმა დიდი ხნის წინ შეიძლებოდა, მაგრამ ბრაზილიელი ამ ბოლო დროს მართლა საოცრად ათამაშდა. ცოტა უცნაური კი იყო, მაგრამ პსჟ პირველ წრეში არასტაბილურად ასპარეზობდა, სამაგიეროდ ნენე ბრწყინავდა, მეორეში პირიქით მოხდა, დედაქალაქურმა გუნდმა თავისი თამაში იპოვა და ახლა ნენე აღარ აქტიურობდა.
აი, ბოლო ტურებში კი ყველაფერი კარგად არის - გუნდიც და ფეხბურთელიც ხმაშეწყობილად გამოიყურებიან. ასე იყო “ვალანსიენთანაც”. 30 წლის ფეხბურთელმა თავისი წილი გოლის გარდა გუნდის ყველა შედეგიან კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და მის მიერ შექმნილი ბევრი ხიფათიც უშედეგოდ დასრულდა. მოკლედ, ნენე საუკეთესო იყო და არამხოლოდ “პარკ დე პრენსის” მინდორზე, მთლიანად ტურშიც. ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ მან გაიტანა 33-ე ტურის ყველაზე ლამაზი გოლიც. სტუმართა მცველმა ბურთი თავით მოიგერია და მისდა სამწუხაროდ ნენეს ზუსტად მარცხენა ფეხზე დაასვა. მანაც არც აცია, არც აცხელა და მეტად ეფექტური გოლი გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მცირე შედევრიც კი იყო.
ბუნებრივია, ტრადიციას ვერ დავარღვევთ და ტურის სიმბოლურ ნაკრებს გაგაცნობთ:
რიშე (სოშო) - კარლაო (სოშო), სახო (პსჟ), მანგა (ლორიანი) - აკალე (ლანსი), კაპუ (ტულუზი), ჟორდან აიუ (მარსელი), ჰამუმა (კაენი), ნენე (პსჟ) - გამეირო (ლორიანი), ჟერვინიო (ლილი)
ტურის მოვლენები
გასაკვირი არაფერია იმაში, რომ “არლმა” “ლილისგან” 5 ბურთი მიიღო, მაგრამ ამდენს გატანა ხომ უნდა? თანაც, როცა შეხვედრის მოგების შემდეგ გუნდი ცხრილში პირველ ადგილს იბრუნებს, შეუძლებელია ასეთ სამ ქულას განსაკუთრებული სტატუსი არ მიანიჭო. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტური დარჩა და თუკი დარჩენილ შეხვედრებს თვალს გადავავლებთ, აშკარაა, რომ “მარსელს” ბევრად უფრო რთული კალენდარი აქვს დარჩენილი. მარტო ის რად ღირს, რომ მოქმედ ჩემპიონებს “ლიონთან” და “ლორიანთან” გასვლითი შეხვედრები აქვთ დარჩენილი. მაშ ჩრდილოელთა ნახევარსაუკუნოვანი ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალია? როგორც ჩანს კი.
იმაში, რომ “ლილი” ისევ პირველ ადგილზეა,” მარსელის” დიდი დამსახურებაც არის, ვინც შინ “ოსერს” ვერ მოუგო. მოქმედმა ჩემპიონებმა სტუმრებს მატჩში შექმნილი ერთადერთი მომენტის გატანის საშუალება მისცეს და ამით თავი საფრთხეში ჩაიგდეს. თავის მხრივ კი “ველოდრომის” მკვიდრი თავდამსხმელები მომენტს მომენტზე აფუჭებდნენ. წესით, დიდიე დეშამს თავის შეგირდებთან მატჩის შემდეგ უამრავი პრეტენზია უნდა გასჩენოდა.
გარდა გმირებისა, ტურს რამდენიმე ანტიგმირიც ჰყავდა. ბუნებრივია, ყველაზე წერას აქ ვერ მოვყვებით. რუბრიკის გამარჯვებულის დასახელება კი დიდი ჭოჭმანის გარშე შეიძლება - ალი სისოკო “ლიონიდან”. ამ ფეხბურთელმა ჯერ პოზიციური შეცდომა დაუშვა, ჰაერში ბურთისთვის ბრძოლა წააგო და მეტოქეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა. მეორე ტაიმში ალიმ გოლი თავის კარებში გაიტანა, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო - 23 წლის ფრანგს ეტყობა ნერვებმა უმტყუნა და მსაჯს წითელი ბარათი გამოსტყუა. ფეხბურთელი რაც მალე დაივიწყებს “ტულუზთან” შეხვედრას, მით უკეთესი იქნება მისთვის.
ტურის ციფრები
“რენს” აგერ უკვე 7 მატჩია აღარ მოუგია, თანაც ამ მატჩებში ფრედერიც ანტონეტის შეგირდებმა სულ რაღაც ორი გოლი გაიტანეს. “ბორდოსთან” შეხვედრაში კი გუნდმა უნიკალურ შედეგს მიაღწია: მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამს!!!
ტურის ფრაზა
“კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩის შემდეგ ჩვენ გადარჩენის შანსი თითქმის აღარ შეგვრჩა. თეორიულად კიდევ შეიძლება 15 ქულის აღება, მაგრამ ეს უკვე სასწაულების რუბრიკიდან არის,” - განაცხადა “ლორიანთან” წაგებული მატჩის შემდეგ ლასლო ბოლონიმ.