ბლანი მოხსნას გადაურჩა

AutoSharing Option
საფრანგეთში ორიოდე კვირის წინ აგორებული საფეხბურთო სკანდალის შესახებ ჩვენი გაზეთი რეგულარულად წერდა. ბუნებრივი იყო, რომ საქმის დაწვრილებით შესასწავლად სპეციალურად შექმნილ კომისიას 2-3 დღე არ ეყოფოდა. სწორედ ამიტომ მას ვადა დასკვნის წარმოსადგენად 10 მაისამდე მიეცა.

გუშინ დილას კომისიის პატივცემული წევრები საფრანგეთის სპორტის მინისტრ შანტალ ჟუანოსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სტეფან დიუშოსუას წარუდგნენ და ყველაფერი მოახსენეს. რამდენიმე საათში კი დასკვნას პრესაც გაეცნო, ვინც უმალ აქტიურად დაიწყო მისი შეფასება.

აღსანიშნავია, რომ მუსიე ბლანი მინისტრთან და ფედერაციის პრეზიდენტთან გუშინ ხელახლა დაიბარეს და კიდევ ერთხელ
მიაცემინეს ახსნა-განმარტება. პრესა რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ბლანს.

ჟურნალისტები დაუდასტურებელ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ და წერდნენ, რომ “სამფეროვანთა” თავკაცი 3-4 დღის განმავლობაში იტალიის ჩრდილოეთში მყუდრო სასტუმროში იყო დაბინავებული. თუმცა კონკრეტულად სად, ეს ვერავინ დააზუსტა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალბატონმა მინისტრმა სპეციალური განცხადება გააკეთა: “არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი საფუძველი, რათა ლორან ბლანის წინააღმდეგ საქმე აღიძრას. კვალიფიციური იურისტების დასკვნით, მისი საქციელი არ მოიცავს საფრანგეთის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევას. რაც შეეხება არასამართლებრივ მხარეს, მე ჩემს ძველ აზრზე ვრჩები და ვამბობ, რომ ის ფრაზები, მიუხედავად შეხვედრის მაშინდელი შეხვედრის კონტექსტისა, რაც მან ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გამოიყენა, სრულიად მიუღებელია და რასიზმისგან არც ისე შორს დგას”.

როგორც ჩანს, სკანდალის გამოძიებას ამით წერტილი დაესმება. ხოლო რამდენად დაეთანხმება ამ ყოველივეს საზოგადოება, უახლოეს მომავალში ვნახავთ. შავკანიანმა ფრანგმა ფეხბურთელებმა (რა თქმა არა ყველამ) ხომ ბლანის წინააღმდეგ ერთობ ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს. სხვათა შორის, დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ლორან ბლანს მოულოდნელად სრული მხარდაჭერა აღუთქვა თვით ზინედინ ზიდანმაც.

სკანდალის კიდევ ერთი მონაწილის, ფედერაციის ტექნიკური დირექტორის ფრანსუა ბლაკარის ბედი ჯერჯერობით არ გარკვეულა. შეგახსენებთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ჩინოვნიკს უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული