არც ერთი ნაბიჯი უკან

AutoSharing Option
ოსერი-ლიონი 4:0
გოლები: 1:0 ოლიეჩი (20), 2:0 ტრაორე (45), 3:0 ტრაორე (50), 4:0 ანგბარი (79)

რენი-კაენი 1:1
გოლები: 1:0 მანგანე (44), 1:1 ნიანგი (55)

სოშო-მონაკო 3:0
გოლები: 1:0 საჟე (22), 2:0 მაიგა (24), 3:0 ბუდებუზი (84)

მარსელი-ბრესტი 3:0
გოლები: 1:0 რემი (12), 2:0 ჟ. აიუ (59), 3:0 ჰაინცე (81)

ნიცა-არლი 3:2
გოლები: 1:0 ლუბოჟა (31), 1:1 საბელა (39), 2:1 კლერი (55), 3:1 ლობოჟა (76) კ. დიავარა (90)

ლანსი-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 ჰერმაში (87)

მონპელიე-ლორიანი 3:1
გოლები: 0:1 მანგა (22), 1:1 ჟირუ (27) 2:1 ესტრადა (52) 3:1 საიჰი
(65)

ტულუზი-ვალანსიენი 0:0

35-ე ტურში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, ერთ-ერთში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ევროპის ტოპლიგების “ყველაზე აუტსაიდერი” “არლი” მონაწილეობდა. ამ გუნდმა ხომ ლიგა 1-დან გავარდნა პრაქტიკულად პირველი წრის შემდეგვე გაინაღდა. სტუმართა ამ სტატუსიდან გამომდინარე ერიკ რუას “ნიცა” სამართლიანად მიიჩნეოდა შეხვედრის ფავორიტად. მოგების შემდეგ მან ერთბაშად სამი საფეხურით ზემოთ აინაცვლა. შეხვედრის გმირად 32 წლის სერბი თავდამსხმელი დანიელ ლუბოჟა იქცა. ვეტერანი წელს მაინცდამაინც შედეგიანი ვერ არის (საუკეთესო წლები მან დიდი ხნის წინ პსჟ-ში გაატარა), აქამდე მის ანგარიშზე სულ რაღაც სამი გოლი იყო, თუმცა მისმა გამოცდილებამ სწორედ გადამწყვეტ შეხვედრაში გამოიღო შედეგი. ლუბოჟამ პირველი გოლი ერიკ მულუნგუის დახმარებით თავით გაიტანა, მეორე კი მთლიანად ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით შეაგდო.

ამოცანა, დარჩენილიყო ელიტურ ლიგაში, “ტულუზმა” უკვე შეასრულა. ასე რომ, ალან კაზანოვას გუნდი ინერციითღა აგრძელებს სეზონს, რაც მის თამაშებსაც ეტყობა უსახურობაზე (ბოლო ოთხი შეხვედრიდან “ტულუზმა” სამი ფრედ ითამაშა) და ტრიბუნებსაც - 35 ათასიან “მუნისიპალზე” სულ რაღაც 17 ათასი ფანი შეიკრიბა. ცხრილში დაკავებული მე-12 ადგილი ეტყობა საკმარისი საბაბია კმაყოფილებისთვის. როგორც ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ, 90 წუთის განმავლობაში გუნდებს წუთითაც არ მიუციათ საფუძველი, ვინმეს მათ მიმართ სიმპათია გასჩენოდა. წარმოიდგინეთ, კარის მიმართულებით მინდვრის ოცმა ფეხბურთელმა 12-ჯერ დაარტყა და აქედან კარში სულ 3 წავიდა. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

“ლანსი” და “ბორდო” თავიანთ შეხვედრას მძიმე ხასიათზე შეხვდნენ, რისთვისაც მათ ობიექტური საფუძველი ჰქონდათ. სტუმარმა წინა ტურში საშინაო შეხვედრაში კოშმარული სანახაობა აჩუქა საკუთარ მაყურებელს, განადგურდა რა “სოშოსთან” 0:4, “ლანსი” კი იმას წუხდა, “კაენთან” ფრის შემდეგ ელიტაში დარჩენის პრაქტიკული შანსი რომ დაკარგა. სახიფათო მომენტებით დახუნძლული შეხვედრა იყოო, ვერ მოგატყუებთ, თუმცა აქა-იქ კი შეიძლებოდა ლამაზი კომბინაციებისთვის თვალი მოგვეკრა. ბორდოელმა ჟუსიმ 79-ე წუთზე პენალტი დაიმსახურა, თუმცა ენტონი მოდესტეს დარტყმული კასრაუიმ დიდებულ ნახტომში მოიგერია. 86-ე წუთზე მასპინძლებმა სახიფათო საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. სედრიკ კარასომ ჰერმაშის დარტყმულის წინააღმდეგ ვერაფერი იღონა. ამის შემდეგ "ბორდო” უკანმოუხედავად გაიქცა შეტევაში, თუმცა საფინალო სასტვენამდე იმდენად ცოტა დრო ჰქონდა, რომ ვერაფერს გახდა.

ახლა კი ტურის ორ ყველაზე საინტერესო შეხვედრაზე ვთქვათ. კლოდ პიუელის “ლიონი” “ოსერს” ესტუმრა და ისე განადგურდა, ვეჭვობთ, ეს შედეგი ვინმეს წინასწარ გაეთვალა. შედეგად, ჟან ფერნანდესის გუნდმა პრაქტიკულად გაინაღდა ლიგაში დარჩენა, სტუმარმა კი ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში “პარი სენ-ჟერმენთან” უპირატესობა ერთ ქულამდე შეამცირა. საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონებმა შეხვედრა ომახიანად დაიწყეს და თავიდან სოლიდურ უპირატესობასაც კი ფლობდნენ. მათდა სამწუხაროდ, პირველი გოლი მე-20 წუთზე მაინც უგო ლორისის კარში გავიდა, რამაც ისინი, როგორც ჩანს, ძალიან დააბნია. 39-ეზე კი შეხვედრის გარდამტეხი მომენტი დადგა, როცა მსაჯმა ფილიპ კალმა ხორვატ დეიან ლოვრენს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. პიუელმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა გუნდი არ გადააწყო, რადგან აშკარა იყო, რომ ცენტრალური მცველის გარეშე დარჩენილი გუნდი მოიშალა - ალან ტრაორემ ლორისს მეორე გოლი ჯერ კიდევ შესვენებამდე გაუტანა. ლიონელთათვის მეორე ტაიმიც მძიმედ დაიწყო, ტრაორემ დებიუტშივე შეძლო დუბლის შესრულება. სტუმართა თავკაცმა მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ცვლილებებს. მოვლენათა ამგვარად განვითარებამ “ლიონს” შეხვედრის გადარჩენის ყოველგვარი შანსი მოუსპო. რომელ გადარჩენაზეა ლაპარაკი, როცა მათ კიდევ ერთი გოლი გაუშვეს და მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი მარცხი იგემეს. აი, რა განუცხადა მატჩის შემდეგ “ფრანს პრესის” ჟურნალისტს პიუელმა: “სერიოზული ალიყური მივიღეთ და ეს რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ. ხომ ნახეთ, ჯერ სულელური გოლი გავუშვით, შემდეგ წითელი ბარათი დავიმსახურეთ. ფინიშის სწორს ფეხბურთელები სერიოზული წნეხის ქვეშ არიან. აუცილებლად უნდა აღვიქვათ, რომ სეზონის დამთავრებამდე კიდევ სამი “ფინალი” გვაქვს სათამაშო და შესაბამისად, ხვალიდანვე მთელი ძალისხმევა “ბრესტთან” მატჩისთვის მოსამზადებლად უნდა მივმართოთ”.

ბოლოს კი “მარსელის” თამაში მიმოვიხილოთ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დიდიე დეშამმა თავისი კოლეგა ალექს დიუპონი ტაქტიკურად იოლად დაჯაბნა. შესაბამისად, სამხრეთელებმა “ლილს” ცხრილში უპირატესობის გაზრდის საშუალება აღარ მისცეს. სამაგიეროდ, თავის მხრივ ჩემპიონებმა “ლიონი” 6 ქულით ჩამოიტოვეს და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას პირდაპირ გაინაღდებენ, თუკი მომდევნო ტურში “ლორიანთან” გასვლით შეხვედრაში გაიმარჯვებენ. როგორი ამბავია “სტად დე მუსტუაზე” გამარჯვება სხვა საქმეა, მაგრამ შანსი კი აქვთ. “მარსელმა” შეხვედრა არასტაბილურად წარმართა - მომენტებში მისი უპირატესობა თვალში საცემი იყო, მომენტებში კი მასპინძლები უკან იხევდნენ, აქცენტს დაცვაზე აკეთებდნენ და ბურთს მეტოქეს უთმობდნენ. სტუმრები ამით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ, რადგან დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იდგა. საერთო ჯამში დეშამის ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა გაამართლა, მისმა გუნდმა “ველოდრომზე” ძალების მაქსიმალურად დაძაბვის გარეშე მოიპოვა 3 ქულა. შესანიშნავად ითამაშეს ლოიკ რემიმ და ბენუა შეირუმ, ასევე ძმებმა ჟორდან და ანდრე აიუებმა, უმცროსმა ჟორდანმა 59-ე წუთზე თავის გამოჩენაც შეძლო, ვისაც საგოლე გადაცემა შეირუმ გაუკეთა.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 35 19 12 4 62-32 69
2. მარსელი 35 18 11 6 56-33 65
3. ლიონი 35 16 11 8 58-39 59
4. პსჟ 35 15 13 7 53-37 58
5. რენი 35 14 11 10 34-29 53
6. სოშო 35 15 7 13 55-40 52
7. ლორიანი 35 12 12 11 43-42 48
8. სენტ ეტიენი 35 12 12 11 43-42 48
9. მონპელიე 35 12 11 12 32-38 47
10. ოსერი 35 9 18 8 38-45 45
11. ბორდო 35 10 15 10 40-40 45
12. ტულუზი 35 12 8 15 34-35 44
13. ვალანსიენი 35 9 16 10 40-37 43
14. ნიცა 35 10 13 12 30-43 43
15. ბრესტი 35 10 12 13 34-40 42
16. კაენი 35 10 11 14 42-49 41
17. მონაკო 35 8 16 11 34-37 40
18. ნანსი 35 10 9 16 34-48 39
19. ლანსი 35 7 13 15 34-52 34
20. არლი 35 1 11 23 18-67 14

მომდევნო ტური:
15 მაისი: არლი-ტულუზი, კაენი-მონპელიე, მონაკო-ლანსი, ნანსი-ნიცა, სტ. ეტიენი-რენი, ვალანსიენი-ოსერი, ლორიანი-მარსელი 16 მაისი: ბრესტი-ლიონი 18 მაისი: ბორდო-პსჟ, ლილი-სოშო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული