ძაღლების ევოლუცია

AutoSharing Option
“ჩვენი მთავარი კონკურენტი 2-3 წლის შემდეგ “მარსელი” და “ბორდო” კი არა, “ლილი” იქნება, - განაცხადა “ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ზუსტად 3 წლის წინ. მას გულმა უგრძნო. ჯერ კიდევ 2009/10 წლების სეზონში “ძაღლებმა” მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს და ლორიანში წაგების გამო მხოლოდ ბოლო ტურში დათმეს ჩემპიონთა ლიგის საგზური. ისინი ვიცე-ჩემპიონ “ლიონს” სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩნენ და თანაც ლიგაში ბურთების საუკეთესო ბალანსით იწონებდნენ თავს. მაგრამ მაშინ ფრანგულ პრესაში მოდაში იყო წერა “ოსერისა” და “მონპელიეს” წარმატებებსა თუ “ლიონის” წარუმატებლობებზე. წელს კი სწორედ რუდი
გარსიას ბიჭების ვარსკვლავურმა საათმა დაჰკრა.

1955 წლიდან “ლილმა” ტიტულის მოგებით განცდილი სიხარული არ იცოდა, რა იყო და უკვე დღეს მათ რეალური შანსი აქვთ, რომ “ოქროს დუბლი” შეასრულონ. “პარი სენ-ჟერმენთან” თასის ფინალში გამარჯვებამ “ძაღლები” სანუკვარ დღეს ძალზე მიაახლოვა. ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე (მას ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს, რომელსაც ხვალ გამართავს. რედ.) “ლილმა” 3-ქულიანი უპირატესობა არ უნდა გაფლანგოს. ერთი კია, რომ რუდი გარსიას გუნდს არცთუ ხელწამოსაკრავი მეტოქეები ელის -“სოშო” (მე-6 ადგილი), თასის ფინალში ძლეული პსჟ (მე-4) და რენი (მე-5). თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით ჩრდილოელთა შანსები რომ საკმაოდ მაღალია, ალბათ დაგვეთანხმებით.

როცა “ლილზე” ვწერთ, პირველ რიგში წარმატებების სულის ჩამდგმელი კლოდ პიუელი უნდა ვახსენოთ. მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე კლუბმა მის ხელში ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 2008-ში მწვრთნელისა და კლუბის გზები გაიყო - პიუელმა “ლიონი” ჩაიბარა. და ვინ წარმოიგენდა, რომ “ლე მანის” ყოფილი თავკაცი “ძაღლებს” პოზიციას არათუ შეუნარჩუნებდა, ბლიცკრიგისთვის მოამზადებდა და ოქროს მედლებს შეუტევდა. გარსიას იქამდეც სჩვეოდა მოკრძალებული ფინანსური რესურსების პირობებში ხელშესახები წარმატებების მიღწევა. მან ეს “ლილშიც” მოახერხა და ფანების გულიც უმალ დაიპყრო. მით უფრო, რომ პიუელის პრაგმატული ფეხბურთი გარსიამ აგრესიული და შემტევი სტილით ჩაანაცვლა. შედეგად ეს გუნდი ორჯერ ზედიზედ ევროპის ლიგის საგზურის მფლობელი გახდა. სწორედ ამის გამო იყო, რომ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონთა მწვრთნელმა ემე ჟაკემ რუდი გარსიას საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელი უწოდა.

აღნიშნულ კლუბზე საუბრისას შეუძლებელია, “ლილის” პრეზიდენტის, ბიზნესმენისა და მხატვრული ფილმების პროდიუსერის მიშელ სეიდუს სახელი არ ვახსენოთ. ამ ადამიანმა კლუბის საკონტროლო აქციები 2004 წელს შეიძინა. მან სერიოზულად გარისკა, როცა “შვილობილის” მომავალი გამოუცდელ რუდი გარსიას ჩააბარა. პირველი სეზონის შემდეგ რუდის კარისკენ მიუთითეს, თუმცა სამი კვირის შემდეგ თავად სეიდუმ ბოდიში მოუხადა და გუნდში დააბრუნა. ამჟამად მათი ურთიერთობის დახასიათება ერთადერთი სიტყვით შეიძლება: იდეალური. “თქვენ გაინტერესებთ, რატომ არ აფორმებს რუდი ახალ კონტრაქტს? უბრალოდ აქამდე ამის დრო არც ერთს არ გვქონდა. უახლოეს მომავალში დავსხდებით მოლაპარაკებათა მაგიდასთან და ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებთ,” -თქვა სეიდუმ.

მუსიე სეიდუ უნიკალური ადამიანია. რატომ? იმიტომ, რომ გუნდის მიმართ ძალიან მომთმენია და შედეგს კატეგორიული ტონით არ ითხოვს. ყველაფერი მის გეგმავს მისდევს, რომლის ამოსავალი წერტილი იყო, “გავუწიოთ კონკურენცია “ლიონს” 2012 წელს”. როგორც ხედავთ, გეგმა ვადაზე ადრე შესრულდა. კლუბის შენება სეიდუმ საწვრთნელი ბაზიდან დაიწყო - “დომენ დე ლიუშანზე” ყველანაირი პირობაა შექმნილი იდეალურ კონდიციებში მოსასვლელად. ახალი 50-ათასიანი სტადიონი “გრან სტად ლილ მეტროპოლი” მომავალი წლიდან შევა უქსპლუატაციაში. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ პრესრელიზში შავით თეთრზე ეწერა, რომ ახალი არენა კლუბს საშუალებას მისცემს ფინანსური დეფიციტი სრულად აღმოფხვრას. ხოლო სატრანსფერი საქმიანობის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ჩრდილოელები უკვე მოგებაზე გავლენ.

სეიდუ არ აპირებს სხვა ბიზნესმენებივით უაზროდ რისკზე წასვლას და ფულის ქარს გატანებას. უზარმაზარი გადასახადის გათვალისწინებით, რომლის გადახდაც ფეხბურთელებს ფრანგული კანონების წყალობით უხდებათ, ლიგა 1-ში სუპერვარსკვლავების შენარჩუნება ძალიან ძნელია. ამიტომ ჩრდილოელთა პრეზიდენტმა აქცენტი კლუბის აკადემიის გამოშვებულ ფეხბურთელებსა და საფრანგეთში მოასპარეზე ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ პერსპექტიულ მოთამაშეებზე გააკეთა. ამასთან, სეიდუმ ფეხბურთელებს გასაგებად აუხსნა, რომ თუკი რომელიმე მათგანი კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას მოინდომებს და მათში კლუბი სათანადო კომპენსაციას მიიღებს, მათ ძალით არავინ დააკავებს და ისინი უპრობლემოდ გაიყიდებიან. აღნიშნული პოლიტიკის წყალობით, “ძაღლებმა” ბოლო 4 წელიწადში ფეხბურთელების გაყიდვით 45 მილიონი ევრო გამოიმუშავეს. მაგალითად 2007 წელს “ლილი” ერთბაშად სამმა ლიდერმა დატოვა. ესენი იყვნენ: პიტერ ოდემვინგიე, კადერ კეიტა და მატიე ბოდმერი. მათი სრულფასოვნად შეცვლის პრობლემა კი გუნდს არ ჰქონია, რადგან სკაუტთა სისტემა ფანტასტიკურად მუშაობს.

“ჩვენთვის მთავარი ფეხბურთელის გვარი არ არის. უმთავრესია, რომ ის ადეკვატურ ფასად იყიდებოდეს”, - გულწრფელად აცხადებს კლუბის გენერალური დირექტორი ფრედერიკ პაკე. –ვცდილობთ, რომ როგორც ყიდვის, ისე გასხვისების დროს კარგად ვიმუშაოთ. ჩვენთვის სარეკორდო თანხა 6 მილიონი ევრო ჟერვინიოში გადავიხადეთ”. “ძაღლებმა” 6 მილიონზე ცოტა ნაკლები გაიღეს რიო მავუბაში, ვინც წარუმატებელი ესპანური სეზონის შემდეგ ისე ათამაშდა, რომ საფრანგეთის ნაკრებში ხეალახლა გამოძახებაც კი დაიმსახურა. 4 მილიონი დაჯდა ცენტრფორვარდი ტულიო დე მელო, მიკაელ ლანდროს სატრანსფერი ფასი კი სულაც სიმბოლური იყო. მატიე დებიუში და იოან კაბაი “ლილის” აკადემიის აღზრდილები არიან, მუსა სოვი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მოკლედ, კლუბის ხელმძღვანელობამ იმდენად დიდებულად იმუშავა, რომ ლიგა 1-ში ერთ-ერთ საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი. გუნდი თანაბრადაა დაკომპლექტებული და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რუდი გარსიას გუნდის მიკროკლიმატის ამრევი არც ერთი შეგირდი არ ჰყავს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზმა კი შედეგად ის მოიტანა, რომ საფრანგეთში ბალი უკვე ვეღარ მიჰყავთ ჯიბესქელ “მარსელსა” და “ლიონს”.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული