ამ რუბრიკაში არჩევანი ნამდვილად არ გვქონია. შეუძლებელი იყო, გვერდი აგვექცია და გასული უქმეების საუკეთესი მატჩად პსჟ-“ლილი” არ დაგვესახელებინა. "პარკ დე პრენსის” დაპირისპირებიდან გულშემატკივარი ძალიან ბევრს ელოდა და მოლოდინი ბოლომდე გამართლდა. ტრიბუნებზე შეკრებილმა ფანობამ ცეცხლოვანი ფეხბურთი იხილა. სასიამოვნოა, რომ ჩემპიონის ვინაობა ასეთ ბრწყინვალე შეხვედრაში გაირკვა. ყველაფერი კი ისევ გრეგორი კუპესა და ლუდოვიკ ობრანიაკის დუელით გაიხსნა. გახსოვთ, რომ საფრანგეთის თასის ბედი სწორედ ამ უკანასკნელის დარტყმულმა გადაწყვიტა 89-ე წუთზე. ამჯერად კი გოლი მე-5 წუთზე გავიდა. პირველი ნახევარი მაინც ფრედ დასრულდა. მსაჯის
ტურის გმირი
“ნიცა” გავარდნის პირას იყო და მისმა ლიდერმა ერინ მულუნგიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს “სტრაბურთან” ერთად ერთხელ უკვე განცდილი კრახი ამჯერად თავიდან აეცილებინა. 27 წლის გაბონელმა ფორვარდმა “ლორიანს” დუბლი შეუსრულა. ბოლო ტურში “ნიცას” “ვალანსიენთან” უწევს რთული გასვლითი დაპირისპირება, ხოლო მის უშუალო კონკურენტ “მონაკოს” “ლიონის” მასპინძლობა მართებს. ლიგა 1-ში დასარჩენად “ნიცას” ქულა არ ჰყოფნის, “მონაკომ” თუ მოიგო, ის ბურთების სხვაობით ასწრებს და ლიგაში რჩება.
ტურის სიმბოლური ნაკრები
ლანდრო (ლილი) – სახო (პსჟ), აპანგა (ბრესტი), სეტო (ტულუზი) – ფერე (ნანსი), მარტენი (სოშო), კადერი (ვალანსიენი), ობრანიაკი (ლილი) – იდეიე (სოშო), მულუნგი (ნიცა), კერმორგანი (არლი)
ტურის გუნდები
“ნანსი” “რენის” წინააღმდეგ მატჩს როგორც ცხოვრების ბოლო ბრძოლას ისე მიუდგა და სრულიად დამსახურებულადაც გაიმარჯვა. შედეგად, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ეს პროვინციული გუნდი ელიტაში მომავალ წელსაც ითამაშებს. ამით ურუგვაელმა მთავარმა მწვრთნელმა პაბლო კორეამ გუნდს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. მოგეხსენებათ, სეზონის დასრულებისთანავე ის საფრანგეთს ტოვებს და სამუშაოდ სამხრეთ ამერიკაში მიდის.
რაკი ლაპარაკი მონდომებაზე მიდის, შეუძლებელია, მოკლედ არ ვთქვათ იმ თავდადებაზე, როგორც “მონაკომ” იბრძოლა. პატარა სამეფოს მკვიდრები “მონპელიეს” თავდადებით ეკვეთნენ და გაიმარჯვეს კიდეც, თუმცა გასავარდნ ზონას თავი მაინც ვერ დააღწიეს.
ის, რომ “არლმა” 36-ე ტურში გამარჯვება მოიპოვა, უკვე საოცარი იყო, თუმცა უკვე აღარ ვიცით, რა დავარქვათ იმას, რაც 37-ეში მოხდა. განა რა მოხდა ასეთი? "არლმა” კიდევ მოიგო - მართალია მასავით ელიტიდან დაქვეითებულ “ლანსთან” იმარჯვა, მაგრამ ესეც საკმარისი მიზეზია იმისთვის, რათა ვთქვათ: გაოგნებულები ვართ.
ტურის მოვლენები
გრეგორი კუპე სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან მიდის. მისი განცხადებით ის ფეხბურთს პროფესიულ დონეზე აღარ ითამაშებს, თორემ საყვარელი საქმის გარეშე ვერ გაძლებს. გრეგორისთვის ეს ბოლო კლუბში ბოლო საშინაო მატჩი იყო და შესაბამისად, პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მისთვის სათანადო გაცილების მოწყობა სცადა. “სცადა”, იმიტომ, რომ გუნდმა მხარი ვერ აუბა და თამაშის მოგება ვერ შეძლო. ვეტერანს რაც ეკუთვნოდა, თანაგუნდელებმა ის პატივი ვერ მიაგეს. იმავეს თქმა შეიძლება ასევე ღვაწლმოსილ ვეტერან კლოდ მაკელელეზე. ფეხბურთიდან ისიც მიდის და ისიც გულდაწყვეტილი.
37-ე ტურმა ის შედეგი მოიტანა, რომ საბოლოოდ გაარკვია 4 ადგილი მესაკუთრის ვინაობა. “ლილს” რომ პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება და “არლს” ბოლოს, ეს უკვე იცით. გაირკვა ისიც, რომ “ლანსი” ჩემპიონატს მე-19 ადგილზე დაასრულებს, ხოლო “მარსელი” მე-2-ზე.
“მარსელის” 21 წლის ესპანელმა განაპირა მცველმა სესარ ასპილიკუეტამ გასული წლის ნოემბერში მუხლი დაიზიანა და მას მერე მწვანე მინდორზე აღარ გასულა. პერსპექტიულმა ფეხბურთელმა დაბრუნება მხოლოდ 37-ე ტურის შეხვედრაში მოახერხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დიდიე დეშამმა მას სიმბოლურად მისცა მინდორზე შესვლის საშუალება.
ტურის ფრაზა
“ეს მატჩი ჩვენი წლევანდელი პრობლემების სადემონსტრაციოდ მშვენიერი მაგალითი იყო. საკუთარ მინდორზე ბევრი სულელური ქულა დავკარგეთ და გასვლაზე მეტ-ნაკლებად ნორმალურმა თამაშმა ამის კომპენსაცია ვერ მოახდინა,” – თქვა “მარსელის” კარის დარაჯმა სტივ მანდანდამ. თუმცა ფრანგი ჟურნალისტების აღიარებით, სტივს შეეძლო ყოველგვარი ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე ეღიარებინა, რომ “ლილი” წელს მის გუნდს ერთი თავით ჯობდა.
სტატიის დასასრულს აუცილებელად მოგვეჩვენა, რომ ლიგა 1-ის უმთავრესი ინტრიგის “გარდაცვალების შემდგომ” თქვენთვის სეზონის სიმბოლური ნაკრები გაგვეცნო. ნაკრები, რომელიც საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა გამოკითხვით შეადგინა. მაშ ასე: სტივ მანდანდა (მარსელი) – ანტონი რევეიერი (ლიონი), ადილ რამი (ლილი), მამადუ სახო (პსჟ), ტაიე ტაივო (მარსელი) – იან მვილა (რენი), ჟერვინიო (ლილი), ედენ აზარი (ლილი), ნენე (პსჟ) – კევინ გამეირო (ლორიანი), მუსა სოვი (ლილი)