აზარი ხელშეუხებელია

AutoSharing Option
საფრანგეთის ახალგამომცხვარმა ჩემპიონმა “ლილმა” საბოლოოდ დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის გამო ის თავისი ლიდერის, 20 წლის ბელგიელი ედენ აზარის გაყიდვას არ აპირებს. შესაბამისად, “ინტერს”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “არსენალსა” და “ტოტენჰემს” კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

“ჩვენ არ ვაპირებთ ედენის გასხვისებას, - განუცხადა “ფრანს ფუტბოლს” “ლილის” პრეზიდენტმა მიშელ სეიდუმ. - დიდი სჯა-ბაასის შემდეგ ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ ფეხბურთელის გაყიდვა გუნდს უფრო დიდ ზიანს მოგვაყენებს, ვიდრე ნებისმიერ თანხას შეუუძლია სარგებლის მოტანა. რამდენიც უნდა შემოგვთავაზონ, უარს ვიტყვით. აწ დასრულებულ სეზონში ჩვენ ორი ტიტული მოვიპოვეთ და სამომავლოდ
გუნდის უფრო გაძლიერებასა და განვითარებას ვგეგმავთ. აზარი კი ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც განვითარებაში ხელს ბევრად შეგვიწყობს”.

სამაგიეროდ “ლილს” სხვა ლიდერებთან გამოთხოვება მოუწევს. გუშინწინ კლუბმა დაადასტურა, რომ იოან კაბაის “ნიუკასლთან” მოლაპარაკების უფლება მისცა, გუშინ კი “კაჭკაჭებმა” “ძაღლების” კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის, კოტდივუარელი ჟერვინიოს ხელში ჩაგდება მოინდომეს. აფრიკელმა კლუბის ხელმძღვანელობას მოსაფიქრებლად ერთი კვირა სთხოვა. ის ამ დროში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ამის შემდეგ მას პირველ რიგში “ლილის” ხელმძღვანელობას აცნობებს. “დიახ, იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები დავალაგო, ერთი კვირა მაინც მჭირდება. მომწონს ინგლისური პრემიერლიგა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო შემოთავაზებები მაქვს ესპანური და გერმანული კლუბებისგან,” - განაცხადა ივუარელმა. რამდენიმე დღის წინ დასრულებულ სეზონში თავდამსხმელმა ჩემპიონატის 38-დან 35 შეხვედრაში ითამაშა და 15 გოლის გარდა 10 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. ლიგა 1-ის ტექნიკურმა კომისიამ ის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

გარდა ლიდერების გასხვისებისა, “ლილის” ხელმძღვანელობა ახალი მოთამაშეების გადაბირებაზეც მუშაობს. ჯერჯერობით კონკრეტული კანდიდატურები ოფიციალურად არ სახელდება, მაგრამ კლუბის სტრუქტურაში მომუშავე სკაუტები რომ ძალიან შედეგიანად მუშაობენ, ეს აქამდეც არაერთხელ დამტკიცებულა. რუსული პრესის ინფორმაციით კი საფრანგეთის ჩემპიონებს მოსკოვის “ლოკომოტივიდან” 29 წლის ცენტრალური მცველის მარკო ბაშას შეძენა სურთ. აღნიშნულ ხმებს ადასტურებენ ფრანგი ჟურნალისტებიც. გიგანტური აღნაგობის ჩერნოგორიელი (190 სმ, 89 კგ) 2005-08 წლებში ფრანგულ “ლე მანში” თამაშობდა და ლიგა 1-თან ადაპტაცია ნამდვილად არ გაუჭირდება.

“ლილმა” სეზონი ტრიუმფით დაასრულა. ბუნებრივია, ჟურნალისტებს ფეხბურთელებთან გასაუბრება და სეზონის შეჯამება სურთ.

ინტერნეტგამოცემა გოლ.კომმა კამერუნელ ორელიენ შეჯუს სთხოვა ინტერვიუ. აი რას აცხადებს ფეხბურთელი: “მწვრთნელმა პირველი რაც ჩაგვინერგა, ეს იყო გამარჯვებისკენ სწრაფვა. მან გვითხრა, რომ მოვიგოთ, უნდა შევუტიოთო. მოკლედ, ის მხოლოდ საკუთარი კარის დაცვას არ გვავალებდა და ამით რუდი გარსიამ გუნდის წარმატებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. ზოგს შეიძლება მიაჩნია, რომ მყარი დაცვის გარეშე გამარჯვებები არ იქნება, მაგრამ ჩვენს მწვრთნელი სხვაგვარად ფიქრობს, მისი აზრით, უმჯობესია 4:3 მოიგო, ვიდრე 1:0. ასეთი სტილი ფეხბურთელებსაც უფრო მეტად გვხიბლავს. მისი თეორიის უპირატესობის დასამტკიცებლად საკმარისია გავიხსენოთ ჩვენი გამარჯვებები “კანის” (5:2), “არლისა” (5:0) და “ლორიანის” (6:3) წინააღმდეგ”.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული