"პსჟ" თუ "ვალენსია?"

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ “ლორიანის” თავდამსხმელმა კევინ გამეირომ “ნიუკასლში” კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა.

არადა ჩრდილოინგლისელები ყველაზე სოლიდური თანხის გადახდას იყვნენ ყაბულს. როგორც ჩანს, მისმა მაღალმა ფასმა (“ლორიანი” მასში 17 მილიონს ითხოვს), სხვა მთხოვნელები დააფრთხო და ფეხბურთელის თქმით, ის და მისი აგენტი ახლა ორ რეალურ წინადადებაზეღა ფიქრობენ - აღნიშნულ თანხას “ვალენსია” და პსჟ ჩამოდიან. “საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებ. ვადასტურებ, რომ ორიდან ერთ-ერთის, პსჟ-ს ან “ვალენსიის” წინადადებას მივიღებ. ეს კლუბები ბოლო წლებში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობენ და ამით
მოხიბლული ვარ, მაგრამ პირველ რიგში “ლორიანის” ხელმძღვანელობა უნდა დათანხმდეს ამ ტრანსფერს,” - განუცხადა ფეხბურთელმა გოალ.ცომ-ს.

არის! მომავალი სეზონისთვის “პარი სენ-ჟერმენმა” პირველი ფეხბურთელი შეიძინა. მოგეხსენებათ კლუბს და მთლიანად ფეხბურთს გამოეთხოვა ვეტერანი გრეგორი კუპე და პარიზელებმა მის ნაცვლად “რენის” ძირითადი მეკარე ნიკოლას დუშეზი შეიძინეს. 31 წლის მეკარე ბრეტონულ კლუბში ბოლო სამი სეზონი სტაბილურად ასპარეზობდა. 2008 წლიდან დღემდე მან “რენის” მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა ტრავმების გამო. ნიკოლასთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ დუშეზმა ბავშვობა პარიზთან ახლოს სენ დენის დეპარტამენტის პატარა ქალაქში გაატარა და მისივე თქმით ბავშვობაში “პარკ დე პრენსზე” ხშირად დადიოდა მატჩების საყურებლად. ნიკოლასი ლორან ბლანმა ნაკრებში რამდენჯერმე უკვე იხმო, მაგრამ ჯერ მას დებიუტის შანსი არ მისცემია.

“სოშოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: “ბორდოში” გადასული ფრანსის ჟიიოს მაგივრად კლუბის ხელმძღვანელობამ 50 წლის ბოსნიელ სპეციალისტ მეჰმეტ ბაზდარევიჩს უხმო, - გვამცნობს “როიტერი”. ბაზდარევიჩი ფრანგულ ფეხბურთში ცნობილი პერსონაა, მას ლიგა 1-ში “ისტრი” და “გრენობლი” ჰყავს გადმოყვანილი.

მარსელის “ოლიმპიკმა” კი კლუბში ჩასატარებელი დიდი რეორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა. ახალ რელსებზე გადასვლას კლუბის პრეზიდენტი ჟან კლოდ დასიე შეეწირა. დირექტორთა საბჭომ ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამაგიეროდ იმავე საბჭომ აღმასრულებელ დირექტორად ვენსან ლაბრიუნი დაამტკიცა, ხოლო სპორტულ დირექტორად ჟოზე ანიგო. ამას გარდა კლუბმა შეკვეცა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა. მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად “მარსელის” მმართველობა 27 ივნისს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული