გამეირო პარიზელია

AutoSharing Option
კევინ გამეიროსთან დაკავშირებულ საგას ბოლო მოეღო. მას შემდეგ რაც ფრანგულმა პრესამ კლუბი უმოქმედობაში დაადანაშაულა, ხელმძღვანელობამ საფრანგეთის ნაკრების ორი წევრი უკვე გადაიბირა და მესამეს უმიზნებს.

ნიკოლა დუშეზის შეძენის შემდეგ, კვირას, გვიან ღამით პარიზულმა კლუბმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან “სამფეროვანთა” შეტევების ლიდერი კევინ გამეირო მათ რიგებში ითამაშებს. ამბობენ, რომ ეს ანტუან კომბუარეს პირადი ინიციატივა იყოო. 24 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში 36 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. აი, რას აცხადებს თავად ფეხბურთელი: “ლორიანში” გატარებული სამი შესანიშნავი სეზონი არასდროს დამავიწყდება.
აქ მე გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და მივიღე უზარმაზარი გამოცდილება, რაც უფრო ამბიციურ კლუბში დამკვიდრების საშუალებას მომცემს”. პსჟ-ს ვებგვერდის ცნობით, თავდამსხმელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

პარიზული კლუბის წარმომადგენლები კვალიფიციური საყრდენი ნახევარმცველის ძებნით არიან გართულნი. მოგეხსენებათ კლოდ მაკელელემ კარიერა დაასრულა, მისი ღირსეული შემცვლელის მოძებნა კი ურთულესი საქმეა. თავდაპირველად სკაუტებმა მზერა “ბორდოს” 29 წლის ნახევარმცველ ალუ დიარას მიაპყრეს, მაგრამ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მის გადასაბირებლად “მარსელიც” იბრძვის და კარიერის გაგრძელება სწორედ სამხრეთში ურჩევნია.

სწორედ ამიტომ აქცენტი ახლა უკვე სხვა ფეხბურთელზე კეთდება. ესაა “სენტ ეტიენის” 24 წლის მოთამაშე ბლეზ მატუიდი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრების აღმოსავლეთევროპულ ტურნეში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ფასი, რომელსაც “მწვანეები” (“სენტ ეტიენის” მეტსახელი) ითხოვენ, მატუიდის კალიბრის ფეხბურთელში სავსებით მისაღებია - 10 მილიონი ევრო. “ეკიპის” ვარაუდით, ტრანსფერის მოგვარება მხოლოდ დროის საკითხი უნდა იყოს.

ზემოთ კლოდ მაკელელე ვახსენეთ. 38 წლის ფეხბურთელმა თავისი ფანტასტიკური კარიერა დაასრულა და ბუნებრივია, რომ მისი საფეხბურთო ცოდნისა და გამოცდილების პატრონს კლუბი უსამსახუროდ არ დატოვებდა. კლოდი სამართლიანად მიიჩნეოდა 21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ საუკეთესო (თუ საუკეთესოდ არა) საყრდენ ნახევარმცველად მთელ მსოფლიოში. მან თავისი კლასი ყველგან დაამტკიცა, სადაც კი უთამაშია, იქნებოდა ეს “ნანტი”, მადრიდის “რეალი”, “ჩელსი” თუ საფრანგეთის ნაკრები. “პარი სენ-ჟერმენმა” მას სასკაუტო სამსახურში დასაქმება და კლუბის ელჩის საპატიო თანამდებობა შესთავაზა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული