აღმავლობისა და დაცემის გრძელი ისტორია

AutoSharing Option
შვიდი წლის წინ “მონაკომ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, დღეს კი ლიგა 2-ში გავარდა. მგონი უინტერესო არ უნდა იყოს იმ კლუბის ისტორიის გაცნობა, რომელსაც არაფერი აკლია, არც ტიტულები, არც სახელოვანი მწვრთნელები და არც უმაღლესი კალიბრის ვარსკვლავები. მასალა, უცხოურ ვებგვერდებზე მოძიებული ინფორმაციებზე დაყრდნობით მომზადდა.

ფეხბურთი ცოცხალი ორგანიზმია. ცოცხალი კი ყველაფერი მოძრაობს. ბევრი მოძრაობა და ბრძოლა სპორტის უპირველესი კრიტერიუმია და მას შესაბამისად პროგრესი და რეგრესი, განვითარება და დაცემა ახასიათებს. ხოლო მარადიული რომ არაფერია, ამას ფილოსოფოსებიც გვეუბნებიან და ცხოვრებაც იმავეს გვიმტკიცებს.

“მონაკო” 1924 წლის
23 აგვისტოს “დაიბადა”. ისედაც პატარა სამეფოში წვრილ-წვრილმა კლუბებმა გაერთიანება და ერთ ორგანიზმად შერწყმა გადაწყვიტეს. გაერთიანებული ორგანიზაცია დიდხანს სამოყვარულო დონეზე თამაშობდა. 1933 წელს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მას პატრონაჟი შესთავაზა. “მონაკომ” ფრანგულ კლუბებთან ერთად თამაში დაიწყო, თუმცა ძალზე წარუმატებლად. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე ისინი ქვედა ლიგებში ყურყუტებდნენ და მხოლოდ 1948-ში აღზევდნენ მეორე ლიგაში, 1953-ში კი ელიტურ ლიგას უწიეს. 50-იანების გუნდმა პირველად მოახერხა ცხრილში ზედა საფეხურებისთვის ბრძოლა. “მონაკოს” პირველი წარმატებები დიდწილად ლუსიენ ლედუკის დამსახურება იყო, სპეციალისტის, ვინც “თეთრწითლებს” მოგების გემო ასწავლა.

60-იანებში “მონაკომ” ყველაფერი მოიგო. პირველი ტიტული საფრანგეთის თასი იყო - 1960 წელს ფინალში ზღვისპირელებმა “სენტ ეტიენი” 4:2 დაამარცხეს, 1961-ში გუნდმა ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, 1963-ში კი ქვეყნის ჩემპიონიც შეიქმნა და თასის მფლობელიც. ყველაფერ ამას კი “მონაკომ” სწორედ ლედუკის ხელმძღვანელობით მიაღწია და როცა მუსიე ლუსიენი გუნდიდან წავიდა, წარმატებათა სერია შეწყდა. 1964-ში მოგებული ბრინჯაო, მხოლოდ ინერციის დამსახურება იყო. ამის შემდეგ “მონაკო” ჯერ საშუალო გაქანების კლუბად იქცა, შემდეგ კი აუტსაიდერებს შორისაც გაერია. კლუბის ბედი რაღაცით კი ჰგავდა მონტე კარლოს სტუმართა ბედს, ამ ქალაქში ხომ შეიძლება დღეს მეფე იყო, ხვალ კი იმდენი წააგო სახელგანთქმულ კაზინოებში, რომ მთლად ნულზე დარჩე. როგორც ხედავთ, სწრაფი აღმასვლა და დაღმასვლა გუნდს მაშინაც სჩვეოდა. არსებობა-არარსებობის ზღვარზე თამაში 1977 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს “მონაკოში” ლედუკი დაბრუნდა და პირველივე ჯერზე გუნდს მესამე საჩემპიონო ტიტული მოუტანა. სპეციალისტის დაბრუნება საწყისებთან არც ისე ხანგრძლივი გამოდგა. 1979-ში ის ისევ წავიდა გუნდიდან. ისტორია, რა თქმა უნდა, განმეორდა - ინერციის წყალობით, 1980 წელს გუნდმა საფრანგეთის თასი მოიგო, მომდევნო წლებში კი ისევ ქვედა საფეხურებზე დაეშვა.

ერთადერთი ადამიანი, ვინც გუნდი დაარწმუნა, რომ გამარჯვებების მიღწევა ლედუკის გარეშეც შესაძლებელი იყო, ჟერარ ბანიდი იყო. მან 1982 წელს გუნდს მეოთხე საჩემპიონო ოქრო მოუტანა და ერთ წელიწადში გუნდიდან წავიდა. ესეც გარკვეული ტრადიცია იყო, გუნდიდან მწვრთნელები მოგებულები მიდიოდნენ. მისი გვარი “მონაკოს” ისტორიას მყარად დაუკავშირდა. მუსიე ჟერარი “მონაკოში” ერთხელ კიდევ დაბრუნდა, მისი შვილი ლორან ბანიდი კი გუნდს ასევე ორჯერ წვრთნიდა და ამჟამადაც, ლიგა 2-ში დაქვეითებულ გუნდში მოვალეობების შემსრულებლად დროებით ისაა დატოვებული. ჟერარ ბანიდმა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთა, ეს კლუბში სისტემის აწყობა იყო. მან გუნდი პერსონებზე დამოკიდებულებისგან იხსნა. მისი წასვლის შემდეგ გუნდი ისე აღარ დასუსტებულა, მიუხედავად იმისა, ვინ იდგა მის სათავესთან. 80-იანების ბოლოს მონაკოელებს უკვე მყარად ეჭირათ ადგილი ფრანგული ფეხბურთის ლიდერებს შორის. გუნდი რეგულარულად იბრძოდა როგორც ჩემპიონობის, ასევე საფრანგეთის თასისთვისაც. მოკლედ, შინაურ ფრონტზე ფეხის მყარად მოკიდების შემდეგ გუნდმა საერთაშორისო ასპარეზზეც გამოთქვა თავისი პრეტენზიები, სადაც იქამდე არასდროს არაფერი გამოსდიოდა.

1987 წელს გუნდში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო. პატარა სამეფოში სამუშაოდ “ნანსის” ახალგაზრდა თავკაცი, 38 წლის არსენ ვენგერი მიიწვიეს. ეს გადაწყვეტილება კონსერვატორული აზროვნების ხელმძღვანელობისგან მოულოდნელი იყო, მაგრამ შედეგები დიდებული მოიტანა. შეიძლება ითქვას, რომ მხარეებმა ერთმანეთი იპოვეს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვენგერის წვლილი კლუბის ისტორიაში უტოლდება ლეგენდარული ლედუკისას. სწორედ მისი თავკაცობით შეძლო პირველად გუნდმა ევროპაში ხმამაღალი სიტყვის თქმა და გუნდში პირველი მეგავარსკვლავებიც მის დროს აღიზარდნენ. ვენგერმა პირველად სწორედ ამ კლუბში დაამკვიდრა ახალგაზრდებთან მუშაობის მისი სტილი. გუნდმა საფრანგეთის ნაკრებს ისეთი ვარსკვლავები აჩუქა, როგორებიც იყვნენ ლილიან ტურამი, ემანუელ პეტი და ტიერი ანრი. ამას გარდა “მონაკომ” გადაიბირა ისეთი ფეხბურთელები, რომელთა უმაღლეს კლასში ეჭვს ვერავინ შეიტანდა. ლაპარაკია ჟორჟ ვეაზე, იურგენ კლინსმანზე, გლენ ჰოდლსა და იური ჯორკაეფზე. მოგვიანებით “მონაკოში” ბურთი კიდევ ბევრმა ვარსკვლავმა გააგორა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დავუბრუნდეთ ვენგერსა და მის გზას... 1988 წელს მან (სადებიუტო სეზონშივე) “მონაკოს” ოქროს მედლები მოუტანა (რიგით მე-5). ამას გარდა გუნდი ორჯერ ვერცხლს შესწვდა და სამჯერ ბრინჯაოს, 1991-ში კი საფრანგეთის თასი მოიგო. 1991-92-ის სეზონში ვენგერმა პირველი შთამბეჭდავი ევროსეზონი ჩაატარა. 6 მაისს ლისაბონში “თეთრწითლები” მხოლოდ ოტო რეჰაგელის “ვერდერთან” დამარცხდნენ. 1993-ში მართალია ისინი ჩემპიონები ვერ გახდნენ, მაგრამ ბერნარ ტაპის სახელთან დაკავშირებული სკანდალის გამო დისკვალიფიცირებული “მარსელის” ნაცვლად, პირველად კლუბის ისტორიაში, მათ ჩემპიონთა ლიგის საგზური მიიღეს. ვენგერმა თავი არ შეირცხვინა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ფაბიო კაპელოს ლეგენდარულ “მილანთან” დამა¬რ¬ც¬ხდა. არსენ ვენგერის საკლუბო კარიერა სამშობლოში ამით დასრულდა, თუმცა “მონაკომ” არც სხვა მწვ¬რ¬თ¬ნელების ხელში დაკარგა ფრანგული ფეხბურთის გრანდის სტატუსი. მეტიც, 1997-ში ჟან ტი¬გა¬ნ¬ას, ხოლო 2000 წელს კლოდ პიუელის ხელმძღვანელობით, მან ორჯერ შეძლო ლიგა 1-ის მოგება.

2001 წელს “მონაკოს” სათავეში ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელი დიდიე დეშამი ჩაუდგა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო გუნდმა ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი გამხდარიყო. გზად ფინალისკენ მონაკოელებმა ჯერ მოსკოვის “ლოკომოტივი” ჩამოიცილეს, შემდეგ “რეალი” და ბოლოს “ჩელსი”, თუმცა “აუფ შალკეზე” გამართულ ფინალში უშანსოდ წააგეს ჟოზე მოურინიოს “პორტუსთან” 0:3. ამ დღიდან სულ რაღაც 7 წელიწადი გავიდა და გუნდმა ევროგრანდობიდან ლიგა 2-მდე მიაღწია. რისი ბრალია ეს ყველაფერი? აშკარაა, კლუბი სოლიდურ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა; ბოლო წლებში არც სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობამ გაამართლა; გულშემატკივარმა კი გუნდი თითქმის სრულად მიატოვა. როგორც სტატისტიკოსებმა დაითვალეს, ბოლო სეზონში “ლუის II-ზე” საშუალო დასწრება ყველაზე დაბალი იყო ელიტური ლიგების გუნდებს შორის.

ის რაც წელს მოხდა, ადვილი ასახსნელი არ არის, მაგრამ ლოგიკას ექვემდებარება. “მონაკო” რატომღაც იოლად შეეგუა სატურნირო ცხრილში შუა ხაზში ტივტივს და მიუხედავად იმისა, რომ მთელი სეზონი გასავარდნ ზონასთან ახლოს ტრიალებდა, ვერაფრით დაუშვა, რომ ყველაზე უარესი სცენარი შეიძლებოდა რეალობად ქცელიყო. არადა, ლიგა1 ის ტურნირია, სადაც ხშირად ლიდერ და აუტსაიდერ გუნდებს შორის სხვაობა ყოველთვის მინიმალურზე მინიმალურია. “მონაკომ” 44 ქულა დააგროვა და დაქვეითდა - ამდენი ქულით კი ის ინგლისურ პრემიერლიგაშიც დარჩებოდა, იტალიის სერია A-შიც და ესპანურ პრიმერაშიც.

დასასრულს კი ერთს გეტყვით: ზემოთაც ვთქვით, რომ “მონაკოს” ისტორია სავსეა სწრაფი აღმასვლებითა და დაღმასვლებით. ამ ლოგიკით, “მონაკოს” წესით აღმავლობის ხანა მალევე უნდა დაუდგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული