მარსელის “ოლიმპიკმა” უკვე მესამე ახალწვეულის (მორგან ამალფიტანოსა და ჟერემი მორელის შემდეგ) შეძენის თაობაზე გააკეთა ოფიციალური განცხადება. ტაიე ტაივოსა და გაბრიელ ჰაინცეს წასვლის შემდეგ ვიცე-ჩემპიონებმა პრიორიტეტად დაცვის გაძლიერება დაისახეს. ბოლო შენაძენიც სწორედ უკანახაზელია - “მონაკოს” 21 წლის კამერუნელი ლეგიონერი ნიკოლას ნკულუ.
ფრანგული ვებგვერდების ცნობით, კლუბებმა შეთანხმება მცირე დროში მოახერხეს. საინტერესო ის არის, რომ დიდიე დეშამს ნიკოლას გამოყენება რამდენიმე პოზიციაზე შეეძლება. კამერუნელს თანაბრად ძლიერად შეუძლია ფლანგის მცველად და საყრდენ ნახევარმცველად ასპარეზობა, მას უთამაშია ასევე კლასიკური სტოპერის ადგილზეც.
ნკულუ “მონაკოში” 2007 წლიდან ირიცხებოდა.
პირველ ეტაპზე ის გუნდის დუბლების წევრად მიიჩნეოდა, შემდგომ ნელ-ნელა გაუშინაურდა ძირითად გუნდს და 2008-09 წლების სეზონიდან უკვე ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. ამავე პერიოდიდან იწვევენ მას კამერუნის ნაკრებშიც. ეროვნულ გუნდში დებიუტის დღიდან შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. “მოუთვინიერებელი ლომების” შემადგენლობაში მან 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა დიდი ვერაფერი თამაში აჩვენა, ისევე როგორც მთლიანად მისმა გუნდმა. ნიკოლას ბედმა არც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ გაუღიმა. “მონაკო” ჯერ აუტსაიდერებში გაერია, შემდგომ კი სულაც ლიგა 2-ში გავარდა, რიც გამოც მონეგასკებს წამყვან ფეხბურთელებთან განშორება მოუხდათ. მათ რიცხვში აღმოჩნდა ნკულუც. მისი გადაბირება რამდენიმე ფრანგულ კლუბს სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი “მარსელის” სასარგებლოდ გააკეთა. პროვანსელებმა მასში 3,5 მილიონი ევრო გადაიხადეს. სატრანსფერო დოკუმენტებში გათვალისწინებულია ასევე სხვა ბონუსებიც.
“მარსელის” ფანებისთვის სხვა სასიამოვნო ინფორმაციებიც გვაქვს: “ეკიპის” ცნობით, 31 წლის ალუ დიარას ტრანსფერთან დაკავშირებით “ბორდოსა" და “ოლიმპიკს” შორის მცირე დეტალებიღაა გასარკვევი, რომლის მოგვარებას ისინი რამდენიმე დღეში შეეცდებიან. სასიხარულოა ასევე ისიც, რომ 25 წლის კამერუნელმა საყრდენმა ნახევარმცველმა სტეფან მბიამ კლუბთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტის დადებაზე თანხმობა განაცხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"