მისივე თქმით, ურჩევნია, მომავლის ჭვრეტას და იქ ბედის ძიებას, ბევრი იშრომოს და პროგრესს ასე მიაღწიოს. ჟორდანი იუმორით დაჯილდოებული ბიჭია. მუდმივად იღიმის და დადებით აურას ქმნის. 19 წლისა ის უკვე ფლობს საოცარ თვითრწმენას, რომელიც არანაკლებ ახასიათებს მის ძმა ანდრესაც.
- ჟორდან, შეკრების პირველივე დღეებში მშვენივრად გამოიყურებით.
- დიახ, თავს მშვენივრად ვგრძნობ. შვებულებისას კარგად დავისვენე, მერე რა, რომ ჩვეულებრივზე ცოტა ხანი მომიხდა უქმობა? სამაგიეროდ კარგ ფორმაში ვარ.
- დიახ, დატვირთვა დიდია, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია. ჩემთვის ეს მეორე სრულფასოვანი მოსამზადებელი შეკრებაა გუნდთან ერთად და ნელ-ნელა ყველაფერს ვეჩვევი. დამიჯერეთ, ფიზიკურ დატვირთვებს აკადემიაშიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ, მაგრამ ასეთი ინტენსიური არ ყოფილა.
- შარშანდელი სადებიუტო სეზონიდან ყველაზე მეტად რა დაგახსომდათ?
- ჩემი პროგრესი ყველა მხრივ. თუმცა ეს არ არის საუკეთესო სეზონი, მე ბევრად უკეთაც შემიძლია თამაში. თითქმის 20 წლის ვარ და აშკარაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუმატებ. შარშანაც ასე იყო, როცა მინდორზე გავდიოდი, თავს არასოდეს ვზოგავდი.
- რა მხრივ გსურთ ყველაზე მეტი პროგრესის მიღწევა მომდევნო საფეხბურთო წელს?
- თავით და მარცხენა ფეხით თამაში ყველაზე მეტად საჭიროებს დახვეწას, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მხრივ პროგრესის წინააღმდეგი ვარ. მე ჯერ კიდევ უამრავი ნაბიჯი მაქვს გადასადგმელი წინ, რადგან იდეალისტი ვარ და სრულყოფილებისკენ სწრაფვა მინდა. ყველაფერს გავიღებ, რომ მიზანს მივაღწიო.
- თუ მიგაჩნიათ, რომ ბოლო თვეებში თქვენმა სტატუსმა მოიმატა?
- არა, რადგან მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ ამისთვის. მე არ შევცვლილვარ. ყოველდღიურ რუტინაში ძველებურად ვარ ჩაფლული და ბევრს ვსწავლობ ჩემი თანაგუნდელებისგან.
- რას იტყვით თქვენი ძმის ანდრეს მიერ ჩატარებულ ბოლო სეზონზე?
- ვიღაცას შეიძლება გაუკვირდა, როცა ის ამ სიმაღლეზე დაინახა, მაგრამ მე მათ შორის ნამდვილად არ ვყოფილვარ. მისგან ზუსტად მსგავს ასპარეზობას და ასეთ აღმატებულ კომპლიმენტებს ველოდი მისი თამაშის მისამართით.
- “ნიცასთან” “ველოდრომზე” (4:2 მასპინძელთა სასარგებლოდ, 3 ანდრემ გაიტანა, 1 ჟორდანმა) ძმებმა მატჩი ლამის მარტოებმა მოიგეთ. ეს საუკეთესო მოგონებაა, რაც “ოლიმპიკთან” გაკავშირებთ?
- ეს მატჩი სამუდამოდ დარჩება ჩემს მახსოვრობაში. ძალიან მინდოდა სწორედ ამ შეხვედრაში გატანა, რადგან ბოლო გოლის მერე ძალიან ბევრი დრო იყო გასული. უამრავი მომენტი შემექმნა, მაგრამ კარში ერთი ძლივს გადავგზავნე. ის გოლი იყო ჩემთვის მთავარი პრიზი მთელი სეზონის განმავლობაში თავაუღებელი შრომისთვის. მართალია, სხვა მშვენიერი დღეებიც მახსენდება, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული იყო.
- რა მიზნებისთვის გსურთ ბრძოლა მომდევნო სეზონში?
- მსურს, რომ რაც შეიძლება უკეთ ავთამაშდე, ამისთვის კი უფრო მეტი სათამაშო დრო მჭირდება, ვიდრე მქონდა. რა თქმა უნდა, მეორე წუთში რა მოხდება არავინ იცის, მაგრამ მე მანც ყველაფერს გავაკეთებ, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიო.
- თუ დაისახეთ რაიმე კონკრეტული გეგმა, რომ ამდენს და ამდენს გაიტანთ?
- დიახ, მე თამასა უკვე გავდე, მაგრამ არ გეტყვით, რადგან საიდუმლოა (იღიმის).
- ძირითადში დამკვიდრება თუ არის თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი?
- არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ ეს ჩემი თვითმიზანია. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შეუცვლელი ფიგურა გავხდე, შეიძლება უფრო იშვიათადაც ვითამაშო.
- თქვენ უნივერსალური ფორვარდი კი ხართ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სად გიყვართ გარჯა?
- ჩემთვის სულ ერთია, სად ვითამაშებ, მე უბრალოდ თამაში მიყვარს, მინდორზე სირბილი და თავის მთლიანად მიძღვნა მატჩისთვის. ამის საშუალებას კი თავდასხმაში ნებისმიერი პოზიცია მაძლევს.
- აფრიკის თასზე განის ნაკრებში თამაშის იმედი თუ გაქვთ?
- მე განის ეროვნულ გუნდში უკვე ორჯერ ვითამაშე. აფრიკის თასზე თამაში, რასაკვირველია, ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. დიდიე დეშამთან ამაზე ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ვიცი, რომ ეროვნულ გუნდში აუცილებლად გამომიძახებენ, თუ საკლუბო დონეზე თავს კარგად წარმოვაჩენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"