ბრძოლა სიკვდილამდე ნაწილი მესამე (დასასრული)

AutoSharing Option
დღეს გთავაზობთ მასალის ბოლო ნაწილს. პირველ ორში “პარი სენ-ჟერმენისა” და “ოლიმპიკის” ურთიერთშეხვედრების ძველ ისტორიებს შევეხეთ. ახლა კი მოგიყვებით იმაზე, თუ რა ხდებოდა მათ შორის ბოლო წლების განმავლობაში.

1987/88 წლების სეზონში მათი დაპირისპირება ასე დამთავრდა, 1:1 პარიზში და 2:1 მარსელში სტუმართა სასარგებლოდ. საერთო ჯამში ის არაფრით გამორჩეული არ ყოფილა - რაღაცით უცნაურ სიმშვიდეს ჰგავდა დიდი ქარიშხლის წინ. 1988/89 წლების სეზონი გუნდებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს - მთელი სატურნირო დისტანცია ერთმანეთის უშუალო კონკურენტის რანგში გაატარეს. ბოლოს კი ყველაფერი 35-ე ტურში, 19¬89 წლის 5
მაისს “ველოდრომზე” გამართულმა შეხვედრამ გაარკვია (პირველ წრეში “პარკ დე პრენსზე” მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა).

სამხრეთ საფრანგეთში ნამდვილი დრამა გათამაშდა და ეს სულაც არ იყო გასაკვირი, მინდორზე ხომ უშუალო კონკურენტები ჩემპიონის ვინაობას არკვევდნენ. მასპინძლების მოტივაცია მით უფრო გასაგები იყო, რომ პარიზელები მათ ქულით უსწრებდნენ და უსიკვდილოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. და მათ ეს გააკეთეს ფრანკ სოზეს არანორმალური შორეული ძლიერი დარტყმის წყალობით. სულ რამდენიმე დღეში ჯერ “ტულონისა” და შემდეგ “ოსერის” დამარცხების შემდეგ ჟერარ ჟილის გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. აღნიშნულმა შეხვედრამ გულშემატკივართა შორის არსებული ისედაც რთული ურთიერთობები კიდევ უფრო გააფუჭა.

მომდევნო სეზონში გუნდებს შორის ისეთი არაფერი ხდება, აღნიშვნად რომ ღირდეს. მასპინძლებმა თავიანთი შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით 2:1 მოიგეს. “ოლიმპიკმა” ზედიზედ მეორედ მოიგო ოქროს მედლები, ოღონდ განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად პსჟ მისი უშუალო კონკურენტი აღარ ყოფილა. პარიზელები მე-6 ადგილამდე დაეშვნენ. 1990/91-ის სეზონში “მარსელმა” მესამე ოქრო მოიგო. პარიზი კიდევ ქვემოთ დაეშვა - მე-9 ადგილზე და თანაც სამხრეთელებთან ორივე შეხვედრა წააგო (2:1, 1:0). ისინი ერთმანეთს თასის გათამაშებაშიც გადაეყარნენ და აქაც “ოლიმპიკმა” იმძლავრა - 2:0.

1992 წელს “მარსელმა” ზედიზედ მეოთხე ოქრო მოიგო, თუმცა “პარი სენ-ჟერმენმაც” მშვენიერი სეზონი ჩაატარა და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა. ურთიერთშეხვედრებში კი გუნდებმა ერთმანეთს ვერაფერი დააკლეს - შედეგად ორი ნულოვანი ფრე. 1992/93 წლების სეზონი მართლა ოქროს ხანა იყო “ოლიმპიკის” ისტორიაში. ამას ისიც მოწმობს, რომ პროვანსმა მოიპოვა ზედიზედ მეხუთე ოქრო, ამას გარდა გახდა პირველი ფრანგული კლუბი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო (და არამხოლოდ ლიგა, ზოგადად ევროთასი), რაც შეეხება დედაქალაქთან დაპირისპირებას, რაიმონ გუტალსის შეგირდებმა მეტოქე ორჯერვე დაამარცხეს 3:1, 1:0. “მარსელი” ფორმისა და დიდების პიკში იყო, როცა ჩემპიონის ტიტული გააუქმეს და თამაშის მოსყიდვის გამო ქვედა ლიგაში დააქვეითეს, სადაც გუნდმა ორი წელიწადი გაატარა.

1993/94 წლების სეზონში უმთავრესი ფავორიტის გარეშე დარჩენილმა ჩემპიონატმა ფიანდაზები პსჟ-ს დაუგო. მათდა სამწუხაროდ, ეს იყო მეორე და ჯერჯერობით უკანასკნელი საჩემპიონო ტიტული კლუბის არსებობის ისტორიაში. ჯერ კიდევ მეორე დივიზიონის წევრი “ოლიმპიკი” მეტოქეს თასის 1/2-ფინალურ ეტაპზე გადაეყარა. ამ დროს პსჟ მხოლოდ ფრანგული კი არა, მსოფლიო ფეხბურთის გრანდი იყო. მით უფრო, რომ დაპირისპირება ერთმატჩიანი იყო და ის “პარკ დე პრენსზე” შედგა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. სტუმარს იმ შეხვედრაში შანსი არ ჰქონია.

“მარსელს” ელიტაში დაბრუნებისთანავე (1996/97) არ გამოუვიდა მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. პირველი სეზონი მან მე-11 ადგილზე დაასრულა, თუმცა გულის მოსაფხანად ის ეყო, რომ მეტოქეს პირად შეხვედრებში (1:0, 0:0) აჯობა. 1997/98 “პარი სენ-ჟერმენმა” მთლიანად ჩააგდო - მე-8 ადგილი ჩემპიონატში. მასზე სულ რაღაც 7 ქულით მეტი დააგროვა, მაგრამ მე-4 ადგილზე გავიდა და ევროთასებს დაუბრუნდა “მარსელი”. პირად შეხვედრებში სტუმრებმა 2:1 მოიგეს პარიზში (გამარჯვების გოლი ლორან ბლანმა გაიტანა), შინ კი მეტოქეები უგოლოდ დაშორდნენ.

1998/99 წლების სეზონი “ოლიმპიკმა” ისევ ძველებურად დააქუხა და საჩემპიონო ოქროსთვის შეიმართა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლორან კურბისის ბიჭებს “პარკ დე პრენსზე” ჰქონდათ სათამაშო... პსჟ ისევ უმოტივაციო იყო, მას უკვე აღარ აწუხებდა რამე ამბიცია. პროვანსელები კი ლიდერ “ბორდოს” სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩებოდნენ. სტუმარმა ყინჩად დაიწყო და ბერნარ ლამას კარზე შეტევები მიიტანა. 21-ე წუთზე გოლი ექსპარიზელ ფლორიან მორისს გააქვს, მართალია შეტევათა ტემპი არ დაცემულა, მაგრამ გულშემატკივარმა მეტი გოლი შესვენებამდე ვეღარ იხილა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ... გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერილმა ფეხბურთელებმა შეძლეს და თამაშის ბედი შემოატრიალეს, ჯერ მარკო სიმონემ გაიტანა, შემდეგ კი ბრუნო როდრიგესმა.

სამხრეთელებმა ვერ შეძლეს გონს მოსვლა - რამდენიმე დღეში “ოლიმპიკმა” “პარმასთან” უეფას თასის ფინალიც დათმო 3:0. მიუხედავად მარცხისა, ჩემპიონობა ისევ შეიძლებოდა, მაგრამ მათი ბედი (ბედის დაცცინვაა თუ რა, ვერ გეტყვით) პსჟ-ზე იყო დამოკიდებული, რომელსაც ბოლო ტურში “ბორდოსთვის” უნდა ემასპინძლა. თუკი მასპინძელი ამ შეხვედრასაც მოიგებდა და მას “მარსელიც” მიბაძავდა (მან თავისი მოსაგები მოიგო “ნანტთან” 1:0), ჩემპიონი სწორედ ეს უკანასკნელი ხდებოდა. “პარკ დე პრენსზე” უცნაური რამ ხდებოდა. გულშემატკივარმა პირდაპირი მნიშვნელობით აიძულა თავისი გუნდი დამარცხებულიყო - 2:3. და გულშემატკივართა შორის რაღა ურთიერთპატივისცემაზე უნდა ვილაპარაკოთ ამის შემდეგ?

“მარსელმა” მომდევნო სეზონი საშინლად დაიწყო და დაამთავრა, მაგრამ დედაქალაქელები პირად შეხვედრებში კი იოლად დაჩაგრა 4:1, 2:0. სამაგიეროდ ამ უკანასკნელმა მთლიანად ჩემპიონატი ღირსეულად ჩაატარა და მე-2 ადგილზე დაასრულა.

საინტერესო იყო ამ გუნდების დაპირისპირება 2002/03 წლებშიც. დედაქალაქმა ორივე შეხვედრაში დაამარცხა მეტოქე, თანაც ორჯერვე 3:0. “ველოდრომზე” გამანადგურებელ მარცხში მთავარი როლი მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა რონალდინიომ ითამაშა, რომელმაც მხოლოდ ერთხელ გაიტანა, მაგრამ საუკეთესო კი იყო მინდორზე. არანაკლები დღე დააყენა პსჟ-მ მეტოქეს მომდევნო წელსაც, როცა ჩემპიონატში ორივე შეხვედრაში დაამარცხა და თასის გათამაშებიდანაც გამოაგდო. ეს უკვე ზედიზედ მე-6 მარცხი იყო დედაქალაქელებთან. მე-7 მათ ისევ და ისევ პარიზში ელოდათ. 7 წაგება ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიაა “ლა კლასიკში”. პროვანსელებმა ამის შემდეგ კიდევ 2 მატჩი ვერ მოიგეს. საბოლოოდ მხოლოდ მე-10 მატჩში, 2005 წლის 15 ოქტომბერს შეძლეს გორდას კვანძის გახსნა. ამაში სამხრეთულ გუნდს “პარი სენ-ჟერმენიდან” სკანდალით გადმოყვანილი ლორიკ კანა დაეხმარა.

დასკვნის მაგივრად კი იმას მოგახსენებთ, რომ ზღვა ზიზღი, რაც ამ 40-ზე მეტი წლის განმავლობაში ნელ-ნელა გროვდება და ახლაც განუხრელად იზრდება, საფრანგეთის ჩემპიონატს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ყოველი ბრძოლა ამ გუნდებს შორის უკანასკნელია და არასდროს არ არის ადვილი შედეგების წინასწარ გამოცნობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული