ტრეზეგეს უარი "ნიცას"

AutoSharing Option
ნიცა მსოფლიოში ერთ-ერთი მეგატურისტული ცენტრია და ხალხი იქ ძირითადად დასასვენებლად ჩადის. როგორც ჩანს, დავიდ ტრეზეგე ჯერჯერობით ფეხბურთისგან დასვენებას არ აპირებს, რადგან მან საშუალო გაქანების "ნიცას" კონტრაქტზე თავაზიანი უარი უთხრა. მართალია ის მოწადინებულია სამშობლოში დაბრუნებით, მაგრამ 33 წლის თავდამსხმელს ჯერჯერობით სერიოზული ამბიციები აქვს.

"ხუთშაბათს მე ველაპარაკე დავიდ ტრეზეგეს. მსურდა მასთან პირადი შეხვედრა შემეთანხმებინა, - განუცხადა "ეკიპს" კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ერიკ როიმ. - ჩვენ მას ვაცნობეთ ჩვენი განზრახვის შესახებ, მაგრამ მან ტაქტის
დაცვით აგვიხსნა, რომ სულ სხვა გეგმები აქვს. ამ ეტაპზე ჩვენსა და ტრეზეგეს შორის ყველანაირ მოლაპარაკებას წერტილი დაესვა, თუმცა თუკი ის გადაიფიქრებს, მისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება."

ტრეზეგესგან განსხვავებით უკვე გადაწყვიტა სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნება ასევე ვეტერანმა ფრანგმა ჯონათან ძებინამ. კანალ +-ის ცნობით, მან "ბრესტთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შარშან 33 წლის მცველი იტალიური "ბრეშას" ღირსებას იცავდა. 1-ლი ივლისიდან კი თავისუფალი აგენტი იყო და შესაბამისად, ბრეტონულ კლუბს უფასოდ შეუერთდა. ძებინას "ბრეშას" გარდა "კანის", "კალიარის", "რომასა" და "იუვენტუსის" ღირსება დაუცავს. საფრანგეთის ნაკრებში კი ერთადერთი შეხვედრა 2005 წელს გამართა.

"ლიონში" განაგრძობს კარიერას ბოსნიელი მირალემ პიანიჩი, მის "ლაციოში" სავარაუდო ტრანსფერზეც ფრანგული პრესა ბევრს წერდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას "ლიონის" თავკაცმა რემი გარდმა აცნობა. მისი თქმით: "მირალემზე გუნდში ყველა დიდ იმედებს ამყარებს და შესაბამისად, ერთ-ერთი ლიდერის გუნდიდან წასვლაზე არავინ არ არის თანახმა. დარჩენის საწინააღმდეგო არც თავად ფეხბურთელს აქვს რამე. მეტიც, უახლოეს ხანებში ჩვენ მას ახალ კონტრაქტსაც კი შევთავაზებთ."

21 წლის ფეხბურთელის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. "ლაციო" მასში 9 მილიონ ევროს იხდიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული