ფრანგული ამბები: რას გადაწყვეტს ტრეზეგე?

AutoSharing Option
"ტოქსპორტის" ინფორმაციით, მას მერე, რაც 33 წლის დავიდ ტრეზეგემ "ნიცას" კონტრაქტზე უარი უთხრა, მას სხვა ფრანგული კლუბების შეთავაზებები უკვე აღარ აქვს. მიზეზი მარტივია: მას განუცხადებია, მართალია, სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მირჩევნია, კარიერას იტალიაში ან ინგლისში თუ განვაგრძობო.

ამ განცხადების გავრცელების შემდეგ მისით ინგლისური "სუონსი სიტი" დაინტერესდა. მეტიც, წყაროს მტკიცებით, ინგლისელებმა ფეხბურთელს ტელეფონით უკვე შესთავაზეს ხელსაყრელი კონტრაქტი და მზად არიან მას პირადადაც შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტრეზეგე თავისუფალი აგენტია ("ერკულესის" სეგუნდაში გავარდნის შემდეგ ვარსკვლავმა ეს ნაბიჯი მალევე გადადგა) და "სუონსის"
არც ერთ კლუბთან საქმის დაჭერა არ მოუწევს. იმავე წყაროს ცნობით, დავიდს შეთავაზება გროზნოს "ტერეკიდანაც" აქვს, თუმცა ვეტერანი მას სერიოზულად არც განიხილავს.

ამ დღეებში ლიგა 1-ში ერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. 30 წლის ცენტრალურმა მცველმა ჟან-პასკალ მინიომ, ვისაც მთელი კარიერა "ოსერში" ჰქონდა გატარებული, კონტრაქტი "სენტ ეტიენთან" გააფორმა. "მწვანეებს" ტრანსფერი 1,5 მილიონი ევრო დაუჯდათ, - გვამცნობს "ეკიპი".

საფრანგეთის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღეღა დარჩა და "ტულუზი" სწორედ ახლა შეეჯახა სერიოზულ პროლემებს. გუნდში ტრავმათა სერია დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ლიგა 1-ის საიტი გვაწვდის. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დანიელ ბრაატენმა საზარდული დაიზიანა და, როგორც მინიმუმ, ორი კვირა ვერ ივარჯიშებს. მუხლის შედარებით მსუბუქი ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა ეტიენ დიდომ, გუნდს ისიც 2 კვირით დააკლდება.

დაშავდნენ ნახევარმცველი ეტიენ კაპუ და ახალწვეული თავდამსხმელი ემანუელ რივიერიც. ამ უკანასკნელების დიაგნოზი ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის. შესაბამისად, რამდენ ხანში დაუბრუნდებიან ისინი გუნდს, ამის თქმა შეუძლებელია. ეს ოთხეული "აიაჩოსთან" (1-ლი ტური) გასვლით და "დიჟონთან" საშინაო მატჩებს გამოტოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული