”მარსელის” პლუსი და მინუსი

AutoSharing Option
როგორც ჩანს, მარსელის “ოლიმპიკის” ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ლუჩო გონსალესი მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს, ხოლო თუ საშუალება მიეცემა, არგენტინელთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

სწორედ ეს მიზეზია, რომ ველოდრომელებმა “არსენალს” ლუჩოს ერთწლიან იჯარაზე უარი სტკიცეს. სამხრეთამერიკელი ვარსკვლავის ირგვლივ ზაფხულზე უამრავი ჭორი დაიწერა. ესპანურმა ვებგვერდებმა ისიც კი დაწერეს, “მალაგაში” გადასვლა გადაწყვეტილი ამბავიაო, მაგრამ საკითხის მოგვარება ასე იოლი არ აღმოჩნდა.
ფრანგებმა ტრანსფერზე უარი თქვეს.

მერე იტალიურმა პრესამ ატეხა ვაი-უშველებელი, ლუჩო კარიერას “რომაში” გააგრძელებსო, მაგრამ არც ეს ხმები გამართლდა. ყველაფერს წერტილი თითქოს დეშამის ულტიმატუმის შემდეგ უნდა დასმოდა,
როცა მწვრთნელმა განაცხადა, კონკრეტულ თარიღამდე ფეხბურთელს წაიყვანენ ან ის ჩვენთან დარჩებაო. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. და აი, გამოჩნდა “არსენალი”. რატომ შეიძლებოდა დაინტერესებულიყვნენ “მეთოფეები” 30 წლის ცენტრალური ნახევარმცველით, ამის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. ახლა კი “მარსელის” სპორტული დირექტორის ჟოზე ანიგოს კომენტარს შემოგთავაზებთ: “ჩვენ იმისთვისაც კი არ ვართ მზად, რომ ლონდონელთა წინადადება განვიხილოთ. ლუჩოს არსადაც არ ვუშვებთ. ის მშვენიერ ფორმაშია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი კვირით ადრე მასთან განშორება ალოგიკურია, რადგან ამ დროში ჩვენ მის შემცვლელს ვერსად ვნახავთ”.

“ლავალის”, “ლივერპულის”, “ჩარლტონის”, “პორტსმუთისა” და “მონაკოს” ყოფილი უნივერსალი მცველი ჯიმი ტრაორე კარიერას “ველოდრომზე” განაგრძობს.

მართალია ამის შესახებ მარსელელთა ოფიციალური საიტი დუმს, მაგრამ სხვა წყაროები ამბავს გადაწყვეტილად მიიჩნევენ. 31 წლის ფეხბურთელმა “მონაკოსთან” ერთად ლიგა 2-ში თამაში არ მოისურვა და კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. “მოხარული ვარ, რომ ისეთ დიდებულ გუნდთან ვითანამშრომლებ, როგორიც “მარსელია”. ის საფრანგეთის ყველაზე პოპულარული გუნდია, იქ ასპარეზობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. დიდი ინტერესით ველოდები დიდიე დეშამთან მუშაობის დაწყებას,” - განუცხადა ჯიმიმ ჩვენს ფრანგ კოლეგებს.

სეზონი დასრულებული არ იყო, რომ დეშამმა თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა ედუარ სისეს. 33 წლის ვეტერანმა ჯერ თანხმობა თქვა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და 1-ლი ივლისიდან თავისუფალი აგენტი შეიქნა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ის “ოსერთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული