ფსკერს მიჯაჭვული ფავორიტები

AutoSharing Option
"ლიონმა" "მარსელთან" პირველი ტაიმი არნახულად ძლიერად ჩაატარა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფეხბურთელი, ვისზეც ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ გუნდიდან მიდიოდა, მაგრამ მიშელ ბასტოსი დარჩა და უპრინციპულეს შეხვედრაში გოლის გარდა საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბოლო წლებში ამ გუნდების დაპირისპირებისას მაყურებელი მხოლოდ ლამაზ თამაშს ელის, რადგან ფეხბურთის თამაში ერთმაც და მეორემაც მართლა კარგად იცის. შემადგენლობა ორივე კლუბს ერთნაირად გამობრძმედილი ჰყავს ევროპულ ბატალიებში.

კვირას პირველი გოლი ასე გავიდა: ბასტოსი მარცხენა ფლანგზე ისე გაიქცა, რომ მისი დამწევი კაციშვილი არ ჩანდა. ბრაზილიელმა ურთულესი ტრაექტორიით ბურთი საჯარიმოში ჩააგდო და მეტოქის კარისკენ
გაფრენილ (სხვა ფორმულირებას ვერ ვპოულობთ) ბაფეტიმბი გომისს პირდაპირ ფეხზე დაასვა.

სტივ მანდანდა 2-3 მეტრიდან დარტყმულს, ბუნებრივია, ვერ აიღებდა. თუმცა სიმართლე ითქვას, მსაჯი შეცდა, რადგან გომისი მინიმალურ, მაგრამ მაინც თამაშგარეში იყო. ამის შემდეგ "მარსელი" იძულებული გახდა, წინ წასულიყო და ზურგი მოეშიშვლებინა. მასპინძლები სწორედ ამას ელოდნენ.

რეაქტიული სიჩქარის ბასტოსმა თავისი გარღვევებით ველოდრომელთა დაცვა შოკში ჩააგდო. მეორე გოლისას "ლიონმა" ენციკლოპედიური მაგალითი გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა კონტრშეტევაზე. მაქს გონალონმა ცენტრში მატიე ვალბუენას ერთი შეხედვით თამაშის წესების დარღვევით ბურთი აართვა (თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ის წესების დაცვით მოქმედებდა), მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა და პასი ბასტოსს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა.

რემი გარდი (ლიონი): "ცხრილში პირველი ადგილი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს და ამით ტკბობას ვაპირებთ კიდევაც. სეზონის დასაწყისიდან მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით, თუმცა ფინიშიდან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. მოხარულები ვართ, რომ კარგი კვირა გამოგვივიდა.

ორი მატჩი მოვიგეთ ისე, გოლი არ გაგვიშვია. ყველანაირად ვცდილობთ, უკანა ხაზი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. პირველ გოლამდე თავის დაცვა ძალიან სიღრმიდან გვიწევდა, ანგარიშის გახსნის შემდეგ კი ბურთი დავიბრუნეთ და უკვე ისინი მოვაქციეთ ზეწოლის ქვეშ. მომეწონა ფეხბურთელთა განწყობა, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენთვის შედეგები მოაქვს".

დიდიე დეშამი (მარსელი): "ბოლომდე უნდა აღვიქვათ ჩვენი ამჟამინდელი სიტუაცია... და ამის გაკეთება მეც მომიწევს. ჩვენ უახლოეს 3 დღეში კიდევ ერთი თამაში გვაქვს და ამიტომ ერთად დგომა გვმართებს. მორალურად ძლიერები უნდა ვიყოთ. პირველი გოლისას მსაჯი შეცდა. გომისი ნამდვილად თამაშგარეში იყო. სამწუხაროდ, სეზონის დასაწყისის შემდეგ პირველი შემთხვევა არ არის, როცა გადაწყვეტილებებს ჩვენ წინააღმდეგ იღებენ".

მე-6 ტურში კიდევ რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. "ლილმა" "სოშოს" უმასპინძლა, პროვინციულ გუნდს, რომელსაც შეუძლია ერთი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს, მეორე კი უბრძოლველად დათმოს. მათ დაპირისპირებას დამატებითი სანახაობა იმას შესძინა, რომ წვიმას მთელი 90 წუთი არ გადაუღია, თუმცა ამას ფეხბურთის ხარისხზე გავლენა არ მოუხდენია.

გუნდებმა გულიანად იბურთავეს და გოლის გატანის ბევრი შანსი გაატანეს ქარს. მე-10 წუთის შემდეგ, როცა სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს, ჩემპიონებმა ისე ითამაშეს, რომ მიკაელ ლანდრო აშკარად მოიწყენდა.

მეორე ნახევარში "ლილმა" გოლი მალე გაიტანა. ჩემპიონს ხიფათი რეალურად არც არაფერი ემუქრებოდა, რომ არა მატიე დებიუშის გაძევება. განაპირა მცველმა მეორე ყვითელი ბარათი მოედნის ცენტრში მიიღო. ამის შემდეგ "ლილი" მალე დაიღალა და აირია, "სოშომ" კი ძალების მოზღვავება იგრძნო. საბოლოო შედეგი უკვე გეცოდინებათ - 2:2.

რუდი გარსია (ლილი): "როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან მესამე დღეს 40 წუთი 10 კაცით თამაშობ და თამაშის ბოლოს 2-3 მომენტი კიდევ გაქვს გასატანად, ნიშნავს, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. ფეხბურთელებმა ძალიან თამამად ითამაშეს. აშკარა იყო ერთი რამეც, ჯო კოული 90 წუთის სათამაშოდ მზად არ გახლდათ, რადგან მეორე ტაიმში ისეთივე ეფექტური არ იყო. ზოგადად უკეთესი იქნებოდა, ნაკლებ გოლს ვუშვებდეთ".

მეჰმედ ბაზდარევიჩი (სოშო): "მნიშვნელოვანი თამაში იყო. პირველ ტაიმში ძალიან მორიდებულად ვთამაშობდით. მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ გვიშველა - მივხვდით, რომ ქულის აღება შეგვეძლო. ჩვენ აუცილებლად უფრო მონდომებით უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე ასპექტზე, თუმცა ორიოდე ისეთი მომენტიც დავლანდე, რაზე დაყრდნობაც ნამდვილად შეგვიძლია".

ჩემპიონობის მაძიებელმა "მონპელიემ" (შეიძლება ამ ტიტულის მინიჭება ადრეა, მაგრამ მაინც), "ბრესტთან" გასვლაზე ვერაფერი გააწყო. მართალია, პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ ქულას გამოკრა ხელი. სტუმარს ბოლო წუთებზე აშკარად დააკლდა კონცენტრაცია.

რენე ჟირარი (მონპელიე): "ეს ფეხბურთია და ყურადღება საფინალო სასტვენამდე გვმართებდა. არადა, პირველ ტაიმში მეტოქეზე ბევრად უფრო ძლიერები ვიყავით. მეორე ტაიმის დასაწყისის შეტყობინება ასეთი უნდა ყოფილიყო: "მატჩი თავიდან იწყება". 15 წუთი კიდევ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ ჩვენვე დავეხმარეთ მეტოქეს, დაბრუნებოდა შეხვედრას. მათ გვერდით გულშემატკივრებიც დაუდგნენ. მიუხედავად ყველაფერისა, ჩემი ბიჭებით მაინც ძალიან ვამაყობ".

ალექს დიუპონი (ბრესტი): "ქულა მოვიპოვეთ იმ "მონპელიესთან", რომელიც ისე თამაშობს, როგორც ნამდვილი გუნდი უნდა თამაშობდეს. ისინი მეტოქეს შეცდომას არ პატიობენ. მინდა აღვნიშნო ჩემი ფეხბურთელების დამსახურება, მათ მატჩი 2:0-დან შემოატრიალეს, თუმცა მათი ასეთი გარჯა ნამდვილად არ გამკვირვებია.

ლიგა 1 მე-6 ტურის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა "ევიანსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის შედგა. ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ლიგის დებიუტანტი მოახერხებდა და კრისტიან პოულსენისა და სიდნი გოვუს გარეშე (ეს უკანასკნელი მე-8 წუთზე დაიმტვრა) სტუმარს საკადრის არგუმენტებს დაუპირისპირებდა.

ბერნარ კასონის შეგირდებმა სტუმარს ნამდვილი სასტარტო შტურმი მოუწყვეს, მაგრამ ძალები დიდხანს არ ეყოთ. ზეწოლა სულ 5 წუთს გაგრძელდა. ამ დროში სალვატორე სირიგუ იმდენჯერ შეწუხდა, რომ... ის იყო, მაყურებელმა თქვა, პსჟ გონს მოვიდაო, რომ ანგარიში გაიხსნა.

იანიკ საგბო კონტრშეტევაზე გაიქცა და ჟერომ ლერუას ეშმაკური პასი გადააწოდა. ვეტერანმა კი აუღელვებლად გაიტანა. სტუმრებში ნერვოზულმა მოქმედებებმა იმატა, რითაც მასპინძლებმა მალევე ისარგებლეს და მეტოქეს პენალტი გამოსტყუეს - 2:0.

ტაიმის მიწურულს რომ არა ხავიერ პასტორე, მეორე ტაიმში რა მოხდებოდა, არავინ უწყის. არგენტინელმა საჯარიმოსთან ახლოს 3 მეტოქის გარემოცვაში ზურგით მდგარმა მიიღო ბურთი, შემოტრიალდა, ერთი მოძრაობით სამივე მოატყუა, გავიდა ანდერსონთან რანდევუზე და ანგარიში 2:1 გახადა. მეორე ნახევარი პირველისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

სტუმრებმა მატჩის სადავეები საბოლოოდ იგდეს ხელთ. მასპინძელთა მეკარე სასწაულებს ჩადიოდა: ჯერ იმავე პასტორეს არ გაატანინა, შემდეგ კევინ გამეიროს არ დაანება თავურით გატანა, მარკოს სეარას დარტყმულს კი სულაც სასწაული რეაქცია შეაგება, მაგრამ... მე-80 წუთზე მან იქამდელი გარჯა წყალს გაატანა.

კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ჯერ თამაში გადაწყვიტა, მერე მიხვდა, რომ ვერ მისწვდებოდა, ამასობაში ბურთი თანაგუნდელისგან მატიე ბოდმერს მიუვიდა და ამ უკანასკნელმა 2 მეტრიდან ცარიელ კარში გადაგზავნა.
ანტუან კომბუარე (პარი სენ-ჟერმენი): "საშინელი სტარტი გამოგვივიდა და მერე ძალიან გაგვიჭირდა ხელახლა თამაშში ჩართვა. ეს სიმართლეა, წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

დღეს უბრალოდ ეფექტურობა გვაკლდა, ხოლო ის, რომ შუა კვირაში ევროპის ლიგის მატჩი გველის, მიზეზი არ არის. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და მიზეზებს არ უნდა ვეძებდეთ ჩვენი საქციელის გასამართლებლად. წინ კიდევ უამრავი მატჩი გვაქვს და აუცილებელია, რომ ყველა ფრონტზე კონკურენტუნარიანნი ვიყოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული