დამნაშავე სახო

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" კაპიტანი და საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველი მამადუ სახო სასამართლომ დამნაშავედ ცნო "პარიზიენის" ჟურნალისტის ფიზიკურ შეურაცხყოფაში და მას სიმბოლური სანქცია, ერთი ევროს გადახდა დააკისრა.

ეს ამბავი 2010 წლის თებერვალში მოხდა: დედაქალაქური გამოცემის ჟურნალისტი (მისი ვინაობა დღემდე არ სახელდება) ერთ-ერთი მატჩის შემდეგ კლუბის ადმინისტრაციამ გასახდელში დაპატიჟა, სადაც მხოლოდ ფეხბურთელები და პრესსამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ეტყობა, ფეხბურთელი უცხო ადამიანის იქ ყოფნამ სასტიკად გააღიზიანა და ყოველგვარი "შესავლის" გარეშე მას თავს დაესხა. "მამადუ ზურგზე მომახტა, შეურაცხყოფა მომაყენა და მუშტი საკმაოდ
ძლიერად ჩამცხო, თუმცა ამ სიტუაციაში კლუბის პრესატაშე ჩაერია და ფეხბურთელის შემდგომი აგრესიისგან დამიცვა," - აღნიშნავს დაზარალებული გამოძიებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ პირველმა ინსტანციამ ფეხბურთელის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ ამოიკითხა და სახო გაამართლა. "პარიზიენის" ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებამ არ დააკმაყოფილა და ის ზედა ინსტანციაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ამჯერად ყველაფერი მასმედიელთა სასარგებლოდ დასრულდა. საკასაციო წესით (მესამე ინსტანცია) ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება, ამრიგად, სახოს მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულება მოუწევს.

გამომცემლობის იურისტები აცხადებენ, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და ის, რომ ჟურნალისტი ფეხბურთელისგან მატერიალურ სარგებელს არ ელოდა, სარჩელის მოთხოვნაშიც მშვენივრად ჩანდა, ისინი კომპენსაციის სახით სწორედ ერთ ევროს ითხოვდნენ.

ანელკა მლს-ში?
გუშინდელ ნომერში გაუწყებდით, "ჩელსის" 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ შესაძლოა კარიერა "პარი სენ-ჟერმენში" განაგრძოს-თქო.

აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელს სარფიან კონტრაქტს ამერიკულ მლს-შიც სთავაზობენ. "შემიძლია გითხრათ, რომ ნიკოლა სერიოზულად განიხილავს ამერიკის ერ-ერთ უძლიერეს კლუბში გადასვლის ვარიანტს.

სხვათა შორის, მას ეს შანსი აგვისტოშიც ჰქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გარიგება არ შედგა. ახლა ის მზადაა, მიუბრუნდეს ამერიკელთა წინადადებას. ამას გარდა ჩემს კლიენტს სხვა ქვეყნებიდან მიღებული წინადადებებიც აქვს," - განუცხადა გოლ.კომს ანელკას აგენტმა მიხაელ ვიზენფელდმა.

მანდანდას ჩაკეტილი წრე
მარსელის "ოლიმპიკის" კრიზისი საფრანგეთში ყველას პირზე აკერია. ჩემპიონატის ფავორიტს 6 ტურის შემდეგ 3 ფრე და ამდენივე წაგება აქვს.

პროვანსელები ცხრილში მე-20 ადგილს იკავებენ. ამ პირობებში კაპიტანმა სტივ მანდანდამ თავი ვალდებულად ჩათვალა, რათა გუნდის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ჟურნალისტებთან გულწრფელად ელაპარაკა. მანდანდამ თანაგუნდელებს გაზეთიდან მიმართა: "ჩემთვის აშკარაა, რომ ვარჯიშებზე ისე არ ვიხარჯებით, როგორც საჭიროა.

ჩვენ ბევრად მეტი მონდომება უნდა გამოვავლინოთ, უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ. შექმნილ რთულ მდგომარეობაში არავის აქვს ბედზე წუწუნის უფლება და ამ ეტაპზე მით უმეტეს სასაცილოა ლაპარაკი რამე ტიტულებზე.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველანი ერთად ამ ორმოდან რაც შეიძლება სწრაფად ამოვიდეთ. დიახ, ჩვენ აშკარად გვაქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგან ყოველ წარუმატებლობასთან ერთად ვკარგავთ საკუთარი თავის რწმენას, თითქოს რაღაცნაირ ჩაკეტილ წრეზე ვმოძრაობთ...

ჩვენ სწორედ ახლა გვჭირდება გაბრიელ ჰაინცეს დონის ლიდერი, რომელიც თანაგუნდელებს თავის გარშემო შემოიკრებს. საჭიროა ერთიანი სულისკვეთება, რათა საბანს ყველა თავისკენ არ ექაჩებოდეს. თუკი ვინმეს არ შეუძლია თანაგუნდელის აზრს ყური დაუგდოს, მას ჩვენთან ერთად არაფერი ესაქმება".

გურკუფს არ აჩქარებენ
"ლიონი" დიდებულ ფორმაშია მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი წამყვანი ფეხბურთელები აკლია. ჟურნალისტები გაფაციცებით ელოდებიან, თუ როდის დაბრუნდება გუნდში იოან გურკუფი. თუმცა რემი გარდი სიტუაციის დაჩქარებას არ ცდილობს. მისი თქმით, იოანი ლიგა 1-ისთვის ჯერ მზად არ არის.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს 1 მაისის შემდეგ მუხლის სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია. აგვისტოში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მან ინდივიდუალური ვარჯიშები შაბათს, 16 სექტემბერს განაახლა, თუმცა კოჭზე მცირე ტკივილების გამო პროცესი ისევ შეწყვიტა.

ასე რომ, მოედანზე მისი დაბრუნება რამდენიმე დღით კიდევ გადაიდო. "ტკივილები, რამაც გურკუფი ამ დღეებში შეაწუხა, გადატანილ ოპერაციასთან არაფერ შუაშია, - განუცხადა "ეკიპს" რემი გარდმა. - მას არა მუხლი, არამედ კოჭი აწუხებს. გარწმუნებთ, სანერვიულო არაფერია".

არადა ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელის მკურნალი ექიმის განცხადებით გურკუფი მოედანზე დაბრუნებას სექტემბრის მეორე ნახევარში მოახერხებდა. რემი გარდს კი იმედი ჰქონდა, რომ ლიდერს "მარსელთან" მე-6 ტურის დაპირისპირებაში გამოიყენებდა. "კანთან" დღევანდელ შეხვედრაში გარდი კიდევ ერთ წამყვან ნახევარმცველ კიმ კალსტრიომს ვერ გამოიყენებს. მან "მარსელთან" შეხვედრაში ფეხის სერიოზული დაბეჟილობა მიიღო.

ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ ლიონელთა მოტივაცია გაიზარდა. ფეხბურთელებს უკვე სჯერათ თავიანთი გუნდის.

საბრძოლო განწყობაზეა თავდამსხმელი ჯიმი ბრიანი. აი, რა განაცხადა "რადიო მონტე კარლოს" ეთერში 26 წლის შემტევმა: "უმთავრესი ამ წუთას ის არის, რომ ლიდერობისთვის საკმარისი ქულები დავაგროვეთ, მაგრამ ქულების გარდა მნიშვნელოვანი იყო ის გუნდური სულისკვეთება, რაც ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ მხოლოდ 6 ტური მოვილიეთ, თუმცა გარწმუნებთ, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ლიდერობა შევინარჩუნოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული