წითელი საფრანგეთი

AutoSharing Option
მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი დანარჩენებზე ერთი დღით ადრე ბორდოში შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონ "ლილს" უმასპინძლა.

საინტერესო დაპირისპირება 2:2 დასრულდა. ამაზე ჩვენ გუშინდელ ნომერში ვწერდით. საინტერესო შეხვედრა შედგა კანშიც, "მიშელ დორნანოს" "ლიონი" სტუმრობდა. რემი გარდის გუნდს ჩემპიონატში აქამდე წაგება არ ჰქონდა. კარგად გამოიყურება ის ჩემპიონთა ლიგაშიც, ასე რომ, მარცხს არაფერი მოასწავებდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში საკუთარ ნახევარზე დიდი ძალებით გამაგრდნენ და მხოლოდ კონტრშეტევების იმედად დარჩნენ. ტაიმის შუაში თავის გამოჩენა შეეძლო მიშელ ბაშტოშს, მაგ
რამ ჯარიმა ძელს გაარტყა. არავინ იცის მეორე ნახევარში რა მოხდებოდა, რომ არა 44-ე წუთზე უგო ლორისის გაძევება.

მეკარემ საკუთარ საჯარიმოში "ბოლო იმედის ჯარიმისთვის" წითელი ბარათი ალალად დაიმსახურა. ბაფეტიმბი გომისის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა გოლკიპერმა რემი ვერკუტრმა გუნდს ვერაფრით უშველა - ბენჟამენ ნივემ გოლი აუღელვებლად გაიტანა. შესვენების შემდეგ მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, "ლიონი" ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. კანელები იძულებული გახდნენ, სტუმართა ტექნიკურ თამაშს უხეშობით დაპირისპირებოდნენ.

62-ე წუთზე ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მსაჯმა ნივეც ლორისის გზას გაუყენა, რადგან მან გონალონის წინააღმდეგ ითამაშა უხეშად. ფავორიტებმა ამის შემდეგ უფრო მოუმატეს ტემპს. გატანა ისევ ბასტოსს მართებდა და ისევ ჯარიმიდან, მაგრამ ბრაზილიელს მეკარემ დაუჯერებელი ბურთი აუღო. საბოლოოდ ყველაფერი ასევე დამთავრდა - "კანმა" გაძლო. "ლიონმა" პირველი მატჩიც დათმო და პირველი ადგილიც ცხრილის სათავეში.

თავისი პირველი "მარსელსაც" ჰქონდა... მოგეხსენებათ, საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონებს ყველასთვის მოულოდნელად წარუმატებელი სერია ძალიან გაეწელათ. ლიგის დებიუტანტ "ევიანთან" მარსელ დეშამის სამწყსომ 3 ქულა იოლად აიღო.

ზღვისპირელებმა შეხვედრა ეფექტურად ჩაატარეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ ლაპარაკი მათ ჩამოწერაზე ძალიან ადრეა. ტრავმის შემდეგ ძირითადში დაბრუნდა ანდრე აიუ, სასტარტოში გამოჩნდნენ ასევე ნკულუ და ამალფიტანო.

25 წუთზე ანგარიში ლოიკ რემიმ გახსნა. შესვენებამდე "ევიანი" 10 კაცით დარჩა - არბიტრმა ბარტოლომეი ვარელამ გიიომ რიპერი გასახდელში ვადაზე ადრე გაუშვა. შესვენების შემდეგ პროვანსელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუმცა მათ ერთი გოლის გატანაღა შეძლეს და ეს ისევ და ისევ რემიმ გააკეთა.

ჩემპიონატის ლიდერმა, რენე ჟირარის "მონპელიემ", შეიძლება ითქვას, რომ იოლად მოიგო. მე-10 წუთზე კაბელასა და ესტრადას გოლებით ფავორიტს უკვე 2:0 მიჰყავდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან "აიაჩო" ის გუნდია, რომელსაც ლიგა 1-ში ყველაზე სუსტი დაცვა ჰყავს, ხოლო "მონპელიე" დიდებული თავდასხმით იწონებს თავს.

"პარკ დე პრენსზე" პსჟ "ნიცას" შეხვდა. მატჩის დაწყებამდე ფავორიტი აქაც გამოკვეთილი იყო. აშკარაა, რომ გამოცდილი მწვრთნელის ხელში თავმოყრილი ფეხბურთელები ერთმანეთთან საერთო ენას უკვე ნახულობენ და გუნდიც თანდათან უფრო დაბალანსებულად გამოიყურება.

ანტუამ კომბუარეს ბიჭებმა გულშემატკივარს ლაღი და ტექნიკური ფეხბურთი შესთავაზეს. "ნიცამ" პასტორეს, ნენეს, გამეიროსა და მენეზის შემტევ პოტენციალს ვერ გაუძლო. სარეკორდო თანხად შეძენილი არგენტინელი უკვე გახდა პარიზელ გულშემატკივართა კერპი.

ბურთის ყოველ შეხებაზე, ყოველ ფინტზე სტადიონი განსაკუთრებულად რეაგირებს. ასე იყო ამჯერადაც, სადაც ხავიერმა დიდი წილი დაიდო გამარჯვებაში, სწორედ მის გარღვევას მოჰყვა მეორე პენალტი სტუმართა კარში, როცა მცველმა ბურთი ხელითღა შეაჩერა. მე-7 ტურის "ტრადიცია" არც ამ შეხვედრაში დარღვეულა: არბიტრმა მინდვრიდან 2 ფეხბურთელი გააძევა. 78-ე წუთზე ჯერ მასპინძელი კრისტოფ ჟალე, ზუსტად რვა წუთში კი სტუმართაგან ერთადერთი გოლის ავტორი ფაბიან მონსონი.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ შეხვედრას, სადაც ევროპის ლიგის ყოფილი (სოშო) და მოქმედი (რენი) მონაწილეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სადაც 8 გოლი გავიდა.

წინა ტურიდან გამომდინარე ამ შედეგის წინასწარმეტყველება აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, რადგან "სოშომ" ჩემპიონ "ლილს" გასვლაზე ქულა აართვა, "რენმა" კი შინ აუტსაიდერ "ნანსისთან" დაკარგა ქულები. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, რაც მეორეში მოხდა, ახსნას არ ექვემდებარება. ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებმა მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს და ერთბაშად 4 გოლი გაუტანეს.

დასკვნის სახით კი გეტყვით, რომ მე-7 ტურში მსაჯებმა 8 წითელი ბარათი ააფრიალეს.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მონპელიე 7 5 1 1 15-6 16
2. რენი 7 4 2 1 17-11 14
3. ლიონი 7 4 2 1 11-6 14
4. პსჟ 7 4 2 1 11-7 14
5. ტულუზი 7 4 2 1 11-7 14
6. ლილი 7 3 3 1 12-9 12
7. ლორიანი 7 3 3 1 9-6 12
8. კანი 7 3 1 3 8-8 10
9. სოშო 7 2 3 2 12-15 9
10. დიჟონი 7 3 0 4 6-13 9
11. ოსერი 7 1 5 1 10-9 8
12. სტ. ეტიენი 7 2 2 3 6-10 8
13. ბორდო 7 1 4 2 8-9 7
14. ევიანი 7 1 4 2 6-8 7
15. მარსელი 7 1 3 3 8-10 6
16. ვალანსიენი 7 1 2 4 8-9 5
17. ნიცა 7 1 2 4 6-8 5
18. ბრესტი 7 0 5 2 5-7 5
19. აიაჩო 7 1 2 4 7-15 5
20. ნანსი 7 0 4 3 5-8 4

ბომბარდირები: 5 - ალან ტრაორე (ოსერი), 4-4 ფრედერიკ სამარიტანო (აიაჩო), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), ოლივიე ჟირუ (მონპელიე), ლოიკ რემი (მარსელი), ედენ აზარი (ლილი), უგო მონტანო (რენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული