რა თქმა უნდა, საფეხბურთო საფრანგეთი უქმეებზე “მონპელიესა” და “პარი სენ-ჟერმენის” მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა. ამ ინტერესს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავდა. პირველ რიგში, საინტერესო იყო იმის გაგება, რამდენად რეალურად შეეძლო ჩემპიონატის მოულოდნელ ლიდერს ფრანგული ფეხბურთის ჭეშმარიტ გრანდთან ჭიდილი და რაც მთავარია, ყველას აინტერესებს პასუხი, შეუძლია თუ არა ანტუან კომბუარეს გუნდს კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დადგომა.
ამ შეკითხვებზე გულშემატკივრებმა პასუხი, მეტნაკლებად მიიღეს. მრავალმილიონად შეფასებული პარიზელები ერთმანეთთან სულ უფრო მეტ საერთოს პოულობენ მინდორზე და ეს გარემოება მის მეტოქეებს, პრაქტიკულად, გამოუვალ სიტუაციაში აგდებს. დედაქალაქელებმა
რენე ჟირარი (მონპელიე): “ეს არ იყო ის შეცდომები, რისი დაშვების უფლებაც შეიძლება საკუთარ თავს მივცეთ. არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ დაცვის ხაზზე, ვგულისხმობ მთელ გუნდს. ამას კატასტროფას ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ არის რაღაც ამის მსგავსი. ფეხბურთელების მეტისმეტი კრიტიკა საჭირო არ არის, მეტიც ამ შეხვედრას ხაზი უნდა გადავუსვათ და წინ ისე ვიაროთ. ჩვენ მეტისმეტად ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით”.
ანტუან კომბუარე (პარი სენ-ჟერმენი): “ამ გამარჯვებით კმაყოფილზე მეტი ვარ. ჩვენ ვიცოდით, რას შეიძლებოდა შევჯახებოდით ლიგა 1-ის ცხრილის ლიდერთან შეხვედრაში, იმ გუნდთან მატჩში, რომელსაც მთელ ჩემპიონატში საუკეთესო დაცვა ჰყავდა და აქამდე შინ ერთადერთი გოლი ჰქონდა გაშვებული. აუცილებლად უნდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს ფანტასტიკური თამაში, რადგან ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა ცხრილის სათავეში აღმოვჩენილიყავით. თუმცა ჯერ მხოლოდ 8 ტურია ნათამაშები. ჩვენ გრძელი გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ და ფეხზე მყარად დგომა ბოლომდე საჭიროა”.
ჩემპიონატის ცხრილს თვალს თუ გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ ერთბაშად 3 გუნდს აქვს 17-17 ქულა. აქედან “ლიონსა” და პსჟ-ს ბურთების ერთნაირი ბალანსი აქვთ. მე-9 ტურში ეს გუნდები ერთმანეთს “პარკ დე პრენსზე” დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, შემდეგი ტური გარანტიას გვაძლევს, რომ მეტად საინტერესო იქნება. ლიდერთა სამეულს კვალში უდგანან “მონპელიე”, “რენი” და “ლილი”, გუნდები, რომლებიც თავიანთი შანსისთვის უეჭველად ბოლომდე იბრძოლებენ.
ტურის იმედგაცრუება
არა მხოლოდ ტურის, არამედ, ალბათ მთელი ჩემპიონატის მთავარი ჩავარდნის ავტორი “მარსელია” – საფრანგეთის ვიცე და ექს-ჩემპიონი, გუნდი, რომლისგანაც ძალიან ბევრს ელიან. დიდიე დეშამის გუნდს კი 8 ტურში ჯერჯერობით ერთი მოგება აქვს და მართალია, ცხრილში მე-13 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონაში მყოფ “ბრესტს” ერთი ქულით უსწრებს. ის, რომ “ვალანსიენთან” გუნდმა კინკილა ქულა აიღო, ნამდვილი სასწაულია. პროვანსელთა წინააღმდეგ მაღალი დონის გუნდს რომ ეთამაშა, მას უბრალოდ კი არ მოუგებდა, გაანადგურებდა. “მარსელის” დაცვის აწიოკება გრეგორი პუჟოლმა მოახერხა, თუმცა თავდამსხმელმა რამდენიმე 100%-იანი მომენტი გაანიავა.
ტურის გმირი
თუკი ვინმემ ტურის უმთავრესი გმირის წოდება დაიმსახურა, პირველ რიგში ეს ხავიერ პასტორეა, ფეხბურთელი, რომელიც სხვების ფონზე იმდენად გამოირჩევა, რომ ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ მისი დონის ფეხბურთელები ლიგა 1-ში თითებზე თუ არიან ჩამოსათვლელნი. კლასით მასთან გათანაბრება ალბათ მხოლოდ ედენ აზარისა შეიძლება. არგენტინელმა რეკორდულად მოკლე დროში მოახერხა “პარი სენ ჟერმენთან” შეწყობა. ის უკვე გუნდის ჭეშმარიტ ლიდერად შეიძლება დავასახელოთ. “მონპელიესთან” მატჩის მოგება სტუმარმა პირველ რიგში მისი წყალობით მოახერხა. 22 წლის შემტევმა დუბლის გარდა პირველ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა, როცა მარცხენა ფლანგიდან ნენემ კევინ გამეიროს მეკარის საჯარიმოში ბურთი ფეხზე დაასვა. ბრაზილიელმა ბურთი სწორედ პასტორესგან მიიღო.
ხავიერის ორივე გოლი ძალიან ეფექტური იყო. პირველ შემთხვევაში გადაცემა სიაკა ტიენემ მარცხენა ფლანგიდან შეასრულა, ხავიერმა მარჯვენა ფეხით დაუმუშავებლად დასცხო და შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა. ამ დარტყმას ჟეფრი ჟურდენი ვინ არის და, ალბათ საუკეთესო ფორმაში მყოფი ოლივერ კანი და ჯანლუიჯი ბუფონიც ვერ აიღებდნენ. მართლა შემთხვევით მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მშვენიერი გამოდგა მეორე გოლიც: დაცვის მარცხენა ფლანგიდან პარიზელებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს. ჟურდენს სურდა ბურთს საჯარიმოსთან შეგებებოდა, მაგრამ მხოლოდ ბოლო მომენტში აღმოაჩინა, რომ ის მეტისმეტად მაღალ მიფრინავდა. მეკარის ზურგს უკან დაშვებულ ბურთს პასტორე დაეუფლა და მიუხედავად იმისა, რომ ჟურდენი მაისურზე ექაჩებოდა, მოახერხა, ბურთს დაეწია და ცარიელ კარში გადაგზავნა.
ტურის მოვლენები
ის, რაც “სოშოს” თავს ხდება, აღწერას არ ექვემდებარება. წინა ტურში გუნდმა “რენისგან” 6 ბურთი გაუშვა, ახლა კი “ოსერს” დაეჭიდა და 4 ბურთი გაუშვა. აქედან 3 გოლი კენიელი დენის ოლიეჩის ანგარიშზეა. 26 წლის თავდამსხმელმა ჰეთთრიკი სულ რაღაც 15 წუთში შეასრულა, რაც, დაგვეთანხმებით, იშვიათი მოვლენაა.
აქვე გეტყვით, რომ ფრანგმა ჟურნალისტებმა ტურის გოლად ჯო კოულის მიერ “ლორიანის” კარში გატანილი ბურთი მიიჩნიეს. გადაცემა მოედნის ცენტრში მას ედენ აზარმა გაუკეთა. 30 წლის ინგლისელმა ბურთი ერთი მეტრით გაიგდო წინ და ფაბიენ ოდარს 25 მეტრიდან აუღებელი დაურტყა. მეკარემ თავის მხრივ რეაგირებაც ვერ მოასწრო.
ტურის სიმბოლური ნაკრები
4-4-2
მანდანდა (მარსელი) – ტიენიე (პსჟ), კონგრე (ტულუზი), ბაისი (ბრესტი), მინიო (სენტ ეტიენი) – მვილა (რენი), ნენე (პსჟ), პასტორე (პსჟ), კოული (ლილი) – ოლიეჩი (ოსერი), გომისი (ლიონი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"