სისე და მატიე სამფეროვანთა შორის

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ალბანეთთან და ბოსნიასთან შესარჩევი მატჩების წინ ტრავმების გამო ფრანკ რიბერი, ბლეზ მატუიდი, კარიმ ბენზემა და ბაკარი სანია მოისაკლისა.

ბუნებრივია, წამყვან ფეხბურთელებს მუსიე ლორანმა შემცვლელები მოეძებნა. მათ მაგივრად “კლერფონტენის” ბაზაზე ლაციოელი ჯიბრილ სისე და ვალენსიელი ჟერემი მატიე გამოცხადნენ. ბლანის პრობლემები ამით არ ამოიწურება, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო საეჭვოა ერიკ აბიდალისა და კევინ გამეიროს თამაშიც.

ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ჯიბრილ სისე ჟურნალისტთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მან ბევრი ილაპარაკა იმ გრძნობებზე, რაც მას ეროვნულ გუნდში
დაბრუნებამ მოჰგვარა. ჯიბრილმა საკლუბო კარიერაზეც დაძრა სიტყვა და განაცხადა, რომ ზაფხულზე კარიერის გაგრძელების წარმოუდგენლად სარფიან წინადადებაზე თქვა უარი, რადგან ჯერ კიდევ აქვს ამბიცია, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

“ზაფხულზე ნამდვილად არანორმალური წინადადება მქონდა. ისინი ნამდვილად ავად იყვნენ, რადგან ჩინეთის ჩემპიონი “გუანჩჟოუ” 2,5-წლიან კონტრაქტში 20 მილიონ ევროს მთავაზობდა. თუმცა იქ გამგზავრება ჩემთვის ძალიან ადრეა. სათამაშოდ არასოდეს წავალ ისეთ ქვეყანაში, საიდანაც საფრანგეთის ნაკრებში თამაშის შანსი აღარასოდეს მომეცემა. ვიცი, რომ ამ გუნდისთვის ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია, რადგან როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, თავს კარგად ვგრძნობ.

მართალია, ტრავმების გამო სისწრაფე მომაკლდა, მაგრამ ახლა გამოცდილებაც მეტი მაქვს და ტაქტიკურადაც ბევრად უკეთ ვარ განსწავლული. რაც შემიძლია ყველაფრის ჩვენებას სწორედ ნაკრების მაისურით ვაპირებ. ნაკრებისთვის წარსული მხოლოდ მას მერე გავხდები, როცა ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებ. იქამდე ეს გამორიცხულია,” - განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

რაკი “სამფეროვანთა” შესახებ ვწერთ, აქვე გეტყვით, რომ ფრანგული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი გაელ კაკუტა მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად კონგოს ნაკრებში გამოიძახეს. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელმა:

“მოულოდნელად კონგოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლოდ ლე როიმ დამირეკა და ნაკრებში გამოძახება მომილოცა. რაზე იყო ლაპარაკი თავიდან ნამდვილად ვერ მივხვდი. გამიკვირდა, რადგან ასაკობრივ ნაკრებებში ყოველთვის საფრანგეთის სახელით ვთამაშობდი და ვოცნებობ, ოდესმე ამავე ქვეყნის ეროვნულ გუნდში მოვხვდე”. გეტყვით, რომ “ფულჰემის” 20 წლის ნახევარმცველს საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში 55 შეხვედრა აქვს ჩაატრებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული