კრიტიკა არ ნიშნავს მტრობას

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უმძიმესი სიტუაცია იყო. ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთობა საოცრად დაძაბული გახლდათ.

მოთამაშეებმა იმდენი გაბედეს, რომ რაიმონ დომენეკს ავტობუსის კარი ცხვირწინ დემონსტრაციულად მიუხურეს. ლორან ბლანი ის სპეციალისტი არ არის, საქმე აქამდე მიიყვანოს, მაგრამ აქა-იქ ხმები მასა და რიგ ფეხბურთელებს შორის არსებული არაიდილიური დამოკიდებულების შესახებ მაინც გაკრთება ხოლმე. ეს განსაკუთრებით მას მერე მომრავლდა, რაც ბლანმა ცნობილ სკანდალში გაყო თავი, ვითომცდა საფეხბურთო სკოლებში დაგეგმილი რასისტული სეგრეგაციის დანერგვის მცდელობისთვის.

აღნიშნული ხმები მიწყნარდა თუ არა, დაიწერა, ბლანს სამირ
ნასრისთან ყველაფერი რიგზე ვერა აქვსო. მუსიე ბლანი ამ ხმებმა გააოცა და იძულებული გახდა, სპეციალური განცხადება გაეკეთებინა, სადაც ყველაფერი უარყო.

აი, რა განუცხადა “დეილი მეილის” კორესპონდენტს ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა:
“უმჯობესი იქნებოდა, დღევანდელობაზე და სამომავლო გეგმებზე კონცენტრაციის საშუალება რომ მომცემოდა, მაგრამ იძულებული ვარ წარსული გავაანალიზო, რათა შედეგად მომავალი მართლა უკეთესი გავხადო. ამ ეტაპზე მართლა აღფრთოვანებული ვარ იმით, რა დონეზეც ახერხებს თამაშს სამირ ნასრი. განსაკუთრებით იმას თუ შევადარებთ, როგორ ასპარეზობდა ის სულ ცოტა ხნის წინ. სამირმა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი გადაიტანა, მე მას ხანდახან ვაკრიტიკებდი კიდეც, მაგრამ მასთან პირადი პრობლემა არასდროს მქონია”.

ალბათ იცით, რომ “მამლების” საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელებიდან ტრავმის გამო ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ ვერ მოახერხა გამოცხადება. ყოველივემ ლორან ბლანს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, თუმცა ბოსნიასთან შეხვედრის წინ (11 ოქტომბერს) სიტუაცია მეტნაკლებად ჩაწყნარდება. უნდა ითქვას, რომ ბალკანელებთან თამაშს დიდი ალბათობით შეძლებს ერიკ აბიდალი, ვისაც ჯვარედინი იოგების მცირე პრობლემა აწუხებს, ხოლო თავის დაზღვევის მიზნით ბლანს განზრახული აქვს “რეალის” თინეიჯერი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი იხმოს.

18 წლის მოთამაშეს აქამდე საფრანგეთის მხოლოდ 18 და 21-წლამდელთა ნაკრებებში (7 შეხვედრა) უთამაშია, სამეფო კლუბში კი წელს მხოლოდ სამჯერ მიეცა მოედანზე გამოსვლის საშუალება. ამჟამად რაფაელი “სამფეროვანთა” ახალგაზრდული გუნდის განკარგულებაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული