ლიგა 1. X ტურის წინ: აუღებელი კორსიკა

AutoSharing Option
ჩემპიონატის ლიდერი “პარი სენ ჟერმენი” ხვალ “აიაჩოს” ესტუმრება. გუნდებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, დიდი ალოგიკური რამე გამოდის. კორსიკული კლუბის ბიუჯეტი იმაზე დაახლოებით ოთხჯერ მეტია (შეიძლება არც კი), ვიდრე მხოლოდ ერთი ხავიერ პასტორე წლის განმავლობაში პსჟ-ში თამაშისთვის იღებს.

15 მილიონი ევრო 160-მილიონიანი ბიუჯეტის წინააღმდეგ. თითქოს მატჩის ბედი წინასწარი უნდა იყოს განსაზღვრული, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე, რადგან ამაყ კუნძულელებს ფავორიტთან საშინაო მატჩი ისტორიაში ჯერ ერთხელაც არ წაუგიათ. მერე რა, რომ კორსიკაზე ერთმანეთში სულ ხუთჯერ უთამაშიათ? 2 მოგება და 3 ფრე მასპინძელს
ოპტიმისტურად განაწყობს.

ეს ყველაფერი წარსული და ტრადიციებია, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა არსებობს დღევანდელობაც, რაც დედაქალაქელებს უზარმაზარ უპირატესობას აძლევს. პსჟ-ს ჩემპიონატში 8 თამაშია არ წაუგია, აქედან 6-ჯერ მოიგო და თანაც ბოლო ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანტუან კომბუარეს გუნდი დიდებულ ფორმაშია. ყველაზე მეტად ეს უმთავრეს ვარსკვლავ ხავიერ პასტორეზე ითქმის, ვინც ყოველ შეხვედრაში ლამისაა სასწაულები ჩაიდინოს. არგენტინელის ანგარიშზე 6 შეხვედრაში 5 გოლის გარდა 2 საგოლე გადაცემაა.

კევინ გამეიროს მცირე ტკივილი ჰქონდა მუხლზე და იყო საშიშროება, რომ საფრანგეთის ნაკრების სხვა წამყვან ფეხბურთელებთან ერთად ბოსნიასთან თამაში მასაც გამოეტოვებინა, მაგრამ მან პრობლემები გადალახა და შეძლო ბალკანელებთან ასპარეზობა. მართალია შეცვლაზე, მაგრამ შეძლო. ახლა ის თავს კიდევ უფრო მხნედ გრძნობს და მზადაა “აიაჩოსთანაც” ძირითადში ითამაშოს. “მართალია ჩემთვის ეს პირველი თამაში იქნება კორსიკაზე, მაგრამ სხვებისგან გამიგია, რომ იქ ასპარეზობა იოლი არასოდეს არის. ამის მიუხედავად ჩვენ იქ სწორედ გამარჯვებისთვის მივდივართ,” - ამბობს გამეირო.

კომბუარეს სამი ფეხბურთელი ნამდვილად არ ეყოლება - დიეგო ლუგანო და ბლეზ მატუიდი (ორივეს ბარძაყის ტრავმა აწუხებს). რაც შეეხება ჟერემი მენეზს, მან ბოსნიელებთან შეხვედრაში მინდორზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ მერე მცირე ტრავმა მიიღო და მწვრთნელების გადაწყვეტილებით პარიზში დარჩა.

“ჩვენ ცხრილის სათავეში ვართ და უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. აუცილებლად უნდა გავიმეოროთ წინა უქმეების წარმატებები. სამწუხაროდ მე იქ ვერ ვიქნები, მაგრამ მთელი გულით ვუგულშემატკივრებ ჩემს მეგობრებს,” - განაცხადა მენეზმა.

ლუგანოს არყოფნის მიუხედავად გუნდს დაცვაში პრობლემები არ უნდა შეექმნას, რადგან თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ ძირითადს უბრუნდება კაპიტანი მამადუ სახო, ვისაც მილან ბიშევაცი შეუწყვილდება.

“აიაჩოს” თავკაცი ოლივიე პანტალონი მატჩს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს: “ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში 40-42 ქულა ტრადიციულად იმის გარანტია გახდება, რომ მომავალ წელს ისევ ქვედა ლიგაში არ მოგვიწიოს თამაშმა (თუმცა წინა წელს 44-ქულიანი “მონაკო” გავარდა). ამისთვის სერიოზულად გარჯა მოგვიწევს. ჩვენზე დამოკიდებულს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზამთრისთვის ამის ნახევარზე ცოტა მეტი დავაგროვოთ. ახლა ცოტა რთული პერიოდი გვაქვს, რადგან “პარი სენ-ჟერმენის” შემდეგ “ველოდრომზე” მოგვიწევს “ოლიმპიკთან” სტუმრობა, შემდეგ კი “ბორდოს” ვმასპინძლობთ. უახლოესი მეტოქით მოხიბლული ვარ, რადგან მათ ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომ მთელი გზის თავისუფლად გავლას შეძლებენ. მათ უკვე ახლა არანორმალური ტემპი აქვთ აკრეფილი”.

“აიაჩოს” სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. საეჭვოა გილერმო ოჩოას ასპარეზობა, ვინც კოჭის ტრავმის გამო მექსიკისა და ბრაზილიის ნაკრებების შეხვედრაშიც ვერ შეძლო “პენტაკამპეონებთან” დაპირისპირება. დისკვალიფიცირებულია კაპიტანი ჟან-ბატისტ პიერაცი, ვისაც “დიჟონთან” შეხვედრის 90-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალეს. არ იქნება მეჰდი მოსტეფაც. სამთამაშიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდება გუნდს იოან კავალი.

ლიგა 1. X ტური
დღეს:
ოსერი-ლილი 21:00
ბრესტი-კანი 21:00
ევიანი-სტ. ეტიენი 21:00
ლიონი-ნანსი 21:00
მონპელიე-დიჟონი 21:00
ტულუზი-მარსელი 21:00
ნიცა-ბორდო 23:00

ხვალ:
აიაჩო-პსჟ 19:00
ვალანსიენი-სოშო 19:00
რენი-ლორიანი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 9 6 2 1 16-7 20
2. მონპელიე 9 5 2 2 17-11 17
3. ლიონი 9 5 2 2 14-9 17
4. ტულუზი 9 5 2 2 12-10 17
5. ლილი 9 4 4 1 15-10 16
6. ლორიანი 9 4 4 1 12-7 16
7. რენი 9 4 3 2 18-14 15
8. კანი 9 4 2 3 13-11 14
9. ოსერი 9 2 6 1 15-11 12
10. სოშო 9 3 3 3 16-19 12
11. დიჟონი 9 3 2 4 8-15 11
12. სტ. ეტიენი 9 2 4 3 8-12 10
13. მარსელი 9 1 5 3 10-12 8
14. ბორდო 9 1 5 3 11-14 8
15. ევიანი 9 1 5 3 9-13 8
16. ნიცა 9 1 4 4 8-10 7
17. ბრესტი 9 0 7 2 7-9 7
18. აიაჩო 9 1 4 4 9-17 7
19. ვალანსიენი 9 1 3 5 9-12 6
20. ნანსი 9 0 5 4 6-10 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული