ისევ მწვერვალზე

AutoSharing Option
"აიაჩო" დაეცა. დიახ, კორსიკელთა ამაყი გუნდი ისტორიაში პირველად შინ დანებდა დედაქალაქურ გრანდს. ამაში ყველაზე დიდი წვლილი სტუმართა შეტევების ლიდერ კევინ გამეიროს მიუძღვის, ვინც ანგარიში უკვე მეორე წუთზე კარიდან დაახლოებით 2 მეტრში მდგომმა გახსნა.

კუთხურის შემდეგ თავური პასი მას სილვენ არმანმა მიაწოდა. გოლმა მასპინძელთა სული ვერ გატეხა. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან 9-ათასიან "სტად ფრანსუა კოტი" ლამის პირთამდე იყო შევსებული. პირველი ხიფათი სალვატორე სირიგუს კართან მამადუ სახოს უხეშობასა და ფრედერიც სამარიტანოს საჯარიმოს მოჰყვა. თუმცა იტალიელ მეკარეს გაუმართლა, რომ ამ უკანასკნელს მიზანმა უმტყუნა.

24-ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა აღდგა. პარიზელთა დაცვამ სამი მარტივი შეცდომა დაუშვა. ჯერ ერთმა მცველმა ვერ მოიგერია ბურთი სათანადოდ, მეორემ მოგერიების ნაცვლად მეტოქეს ჩააბარა.

"აიაჩოს" შემტევმა ბურთი აკრობატულ ნახტომში კარში დაარტყა, დაცვამ ისევ ვერ შეძლო ბურთის ვერც დაბლოკვა, ვერც საჯარიმოდან გამოტანა და საბოლოოდ ის კარლ მეჯანის ჩაუვარდა ხელთ... არა ხელთ, არამედ ფეხთ - დანარჩენი ტექნიკის საკითხი იყო. სირიგუ აქ თავის გუნდს ვერაფრით უშველიდა.

50-ე წუთზე შეცდომითვე უპასუხა პსჟ-ს შეტევას "აიაჩოს" დაცვამ. ჟალეს პასი სისოკომ გამეიროს კარიდან ისევ 2-3 მეტრში მდგომს დაუგდო - 1:2. ორიოდე წუთში კი იმავე ჟალემ კლემან შანტომი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ვინც გილერმე ოჩოას იოლად გაუსწორდა და პირით ხაზთან მდგარმა გამეიროს უკან დაუგორა.

თავდამსხმელმა ტრადიციას არ უღალატა - კარის ხაზთან ჩასაფრებულმა გაიტანა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელს მატჩის შემდგომ კომენტარებში სახეზე ღიმილი დასდევდა. აი, რა უთხრა მან "კანალ პლუსის" ჟურნალისტს: "სამივე გოლი ფილიპო ინძაგის სტილში გავიტანე - ძალიან ახლოდან.

მოხარული ვარ, რომ კარიერაში მეორე, პსჟ-ში კი პირველი ჰეთთრიკი შევასრულე. იმის იმედიც მაქვს, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი. ზედიზედ ორი წელიწადი ვერაფრით ვახერხებდი ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოპოვებას. მინდა ვისურვო, რომ მესამე ცდაზე უკვე გამომივა.

რაც შეეხება ზოგადად შეხვედრას, კარგად ვითამაშეთ. მით უფრო, რომ მეტოქე მატჩის ბოლომდე თავგამოდებით იბრძოდა. ცხრილში პირველი ადგილი შევინარჩუნეთ, მაგრამ ლიდერობით ტკბობა და მერე თავბრუსხვევა არ ღირს. ჯერ კიდევ ძალიან გრძელი სეზონი გვაქვს წინ".

"მარსელი", პრობლემები, მოუგებელი მატჩები, საკუთარი ძალების რწმენის დაკარგვა, კლუბის გაყიდვის საფრთხე - ეს ყველაფერი დიდიე დეშამის გუნდის ლამის ყოველდღიური ცხოვრებაა. პროვანსელებმა ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე მოკალათებული "ტულუზთან" ისევ ვერ ივარგეს და ქულები დაკარგეს. თუმცა ამჯერად ამ შედეგისთვის "ოლიმპიკის" გაკიცხვა თავში აზრად არავის მოსვლია.

კმაყოფილი იყო შედეგით თავად დეშამიც. ერთადერთი, რაზეც შეიძლება ლეგენდარულ ფეხბურთელს გული დასწყვეტოდა, მისი გუნდის შემტევების უკბილო გარჯა იყო. ისინი მეტოქის კართან ხიფათს იშვითად ქმნიდნენ და როცა ქმინდნენ, დამაჯერებლად თამაშობდა მასპინძელთა მეკარე ალი აამადა. 58-ე წუთზე ევლოდრომელები მინდორზე კაცით ნაკლებნი დარჩნენ. არბიტრმა შარლ კაბორეს უჩვენა წითელი ბარათი.

ფეხბურთელების რაოდენობა მინდორზე კი გათანაბრდა, მაგრამ ზედ მატჩის საფინალო სასტვენის წინ, ასე რომ, "ტულუზს" ცოტა ფხა რომ გამოეჩინა, შეეძლო უპირატესობის გამოყენება. "ჩვენც და მეტოქესაც რამდენჯერმე გვქონდა კარის აღების შანსი. სანახაობრივი თვალსაზრისით დიდი ვერაფერი მატჩი გამოდგა. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ თავდაჯერებულები ვიყავით. ყველაზე მეტად დღეს ფანტაზია გვაკლდა შეტევაში. იმის გათვალისწინებით, რომ კარგა ხანს კაცნაკლულნი ვთამაშობდით, ფრე მისაღები შედეგია," - განაცხადა დეშამმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული