ბლანის უკმაყოფილება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ამ დღეებში პოლონეთში ქალაქ ზაბეჟოვსა და კრაკოვში იმყოფებოდა.

პირველში მან საფეხბურთო ბაზა მოინახულა, მეორეში - სასტუმრო, სადაც ის თავის გუნდს ევრო 2012-ის დროს დააბინავებს. მიუხედავად იმისა, რომ ბლანმა არ იცის, სად მოუწევს მის გუნდს თამაშების ჩატარება, მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლონეთში დაბინავდეს და არა უკრაინაში. სხვათა შორის, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის საფეხბურთო კავშირმაც.

ლეგენდარული ფრანგი ვიზიტის შედეგების შესახებ პოლონურ პრესას გაესაუბრა. ბლანმა გულწრფელად განაცხადა, რომ ზაბეჟოვის ბაზაზე მაინცდამაინც მაღალი წარმოდგენის არ დარჩენილა. მუსიე
ლორანის ყველაზე მეტი უკმაყოფილება საწვრთნელ ცენტრში არსებულმა სავარჯიშო მინდორმა და ტრიბუნებს ქვეშ არსებული ოთახების მდგომარეობამ გამოიწვია. ბლანი კატეგორიულად მოითხოვს, რომ მომავალი წლის ზაფხულისთვის გაზონი იდეალურ კონდიციებში იყოს. ამასთან მისი სიგრძე ახლანდელთან შედარებით რამდენიმე მეტრით უნდა გაიზარდოს.

ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ბაზაზე გასახდელები მეტისმეტად პატარაა იმისთვის, რომ ფრანგების მთლიანმა დელეგაციამ ერთდროულად მოახერხოს იქ მოხვედრა. “35 ადამიანისთვის, ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის, ექიმებისა და მასაჟისტებისთვის ერთდროულად ამ გასახდელებში ყოფნა აბსოლუტურად წარმოუდგენელია. აუცილებელია, რომ ფართობი ბევრად უფრო მეტი იყოს,” – აღნიშნავს ბლანი.

ბაზის ხელმძღვანელობა თავის მხრივ ბლანს არწმუნებს, რომ მის შენიშვნებს გაითვალისწინებენ და როგორც მინიმუმ გაზაფხულისთვის ყველაფერს წესრიგში მოიყვანენ. მათი თქმით, ნახევარი წელიწადი კიდევ წინ არის და მოსწრებით ყველაფერი მოესწრება, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ამდენი დრო ნამდვილად არ დასჭირდებათ. ბლანი ამ დღეებში ქალაქ ვარკასაც ეწვევა, სადაც ის მეორე საფეხბურთო ბაზის დათვალიერებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული