ეს უკვე საინტერესოა!

AutoSharing Option
ერთი ცნობილი მხატვრული ფილმისა არ იყოს, ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა "პარი სენ-ჟერმენისგან" ისეთი წინადადება მიიღო, რომელზეც უარი ვერ თქვა. ის პარიზს რამდენიმე დღეში ეწვევა. ერთადერთი, რაზეც ბექზს შეიძლება გული დასწყდეს, ეს არის ის, რომ, როგორც ჩანს, პირველ ეტაპზე საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრება მას მარტოს მოუწევს.

ვიქტორია ბექჰემი თავის ოთხ შვილთან ერთად კალიფორნიაში დარჩება, რადგან ბრუკლინი, რომეო და კრუზი ლოს ანჯელესში დადიან სკოლაში, ჰარპერ სევენი კი, მოგეხსენებათ, ჯერ მხოლოდ სამი თვისაა და მისთვის სულ ერთია სად იცხოვრებს, ლოს ანჯელესში თუ
პარიზში. იმის მტკიცებას არ ვაპირებთ, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ საქმე აქეთკენ მიდის.

მოსალოდნელ ტრანსფერს გამოეხმაურა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი და შეიძლება ითქვას, რომ მისთვის უჩვეულო ტონში ისაუბრა. აი, რა თქვა მან: "თუკი დევიდი სათამაშოდ პარიზში გადავა, ეს იქნება მხოლოდ შესანიშნავი მარკეტინგული სვლა. კლუბის გაყიდვები ყველა სფეროში გაიზრდება. მე პატივს ვცემ დევიდს, როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ის უკვე ვეღარ თამაშობს იმ დონეზე, როგორც წლების წინ. თუკი ტრანსფერი შედგა, ამას უფრო მეტად არასაფეხბურთო მიზეზები ექნება".

"ქუინზ პარკ რეინჯერსის" ცენტრალური ნახევარმცველი, 22 წლის მაროკოელი ადელ ტაარაბტი შესაძლოა იანვარში პსჟ-ში გადაბარგდეს. მან ამის შესახებ ორაზროვანი განცხადება "პარიზიენთან" ინტერვიუში გააკეთა. მაროკოელი კარიერას "ლანსში" იწყებდა, მაგრამ "ტოტენჰემის" სკაუტებმა მისი ნიჭი ქვედა ლიგაშივე აღმოაჩინეს და "ვაით ჰართ ლეინზე" წაიყვანეს. მაროკოელი ინგლისში 2007 წლიდან ცხოვრობს.

"დიდი ხანია ვოცნებობ საფრანგეთში ცხოვრებაზე, უფრო მეტად პარიზზე. უნდა აღვნიშნო, რომ პსჟ-ს გარდა ლიგა 1-ში სულ 4 სერიოზული კლუბი მეგულება, ვის წინააღმდეგაც მძიმე და საინტერესო მატჩებია მოსალოდნელი. ესენი არიან "ლიონი", "ლილი", "მარსელი" და "რენი". ინგლისში ასეთი მეტია. მოსალოდნელ ტრანსფერზე ჩემს აგენტთან მხოლოდ იანვარში დავილაპარაკებ," - ამბობს ის.

პარიზული წინადადებით მოხიბლულია "მანჩესტერ სიტის" ივუარელი ცენტრალური მცველი, 30 წლის კოლო ტურეც: "პარიზულ კლუბში თამაში ისეთივე საინტერესო იქნებოდა, როგორც "სიტიში", რადგან ორივეგან დიდი კონკურენციაა. ადრე მათ წინადადებაზე არც კი დავფიქრდებოდი, ახლა კი სხვა საქმეა.

სიამოვნებით მოვუსმენდი, რას შემომთავაზებდნენ. ამ გუნდში უამრავი ძლიერი ფეხბურთელია, რაც მაიძულებს, რომ მეტი ინტერესით მოვეპყრო მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას. გარწმუნებთ, მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც მათთან თამაში აინტერესებს და საქმე მხოლოდ ფულში არ არის. პარიზში სერიოზული ხალხი სერიოზულ საქმეებსაა შეჭიდებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული